მთავარი » დაზღვევა » ჯიპიაი ჰოლდინგმა ანაზღაურების ონლაინ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა
”ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს. სადაზღვევო კომპანიამ დღეს ორი ახალი ონლაინ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა.

ჯიპიაი ჰოლდინგმა ანაზღაურების ონლაინ აპლიკაციის პრეზენტაცია გამართა

”ჯიპიაი ჰოლდინგი” დაზღვევის ონლაინ სერვისების განვითარებას განაგრძობს. სადაზღვევო კომპანიამ დღეს ”ექსპო ჯორჯიას” საგამოფენო სივრცეში ორი ახალი პროდუქტის პრეზენტაცია გამართა.

პირველად საქართველოში, ”ჯიპიაი ჰოლდინგი” მომხმარებლებს ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურების ონლაინ, ერთ სამუშაო დღეში მიღების შესაძლებლობას აძლევს.

როგორც პროდუქტის პრეზენტაციისას ”ჯიპიაი ჰოლდინგის” გენერალურმა დირექტორმა, პაატა ლომაძემ განმარტა, ონლაინ ანაზღაურება დაზღვეულებს საშუალებას მისცემს ხელშეკრულების პირობების თანახმად, მომსახურება ნებისმიერ კლინიკაში მიიღონ, შეიძინონ მედიკამენტები, საჭირო დოკუმენტაცია აპლიკაციის მეშვეობით ატვირთონ და ანაზღაურებული თანხა ანგარიშზე ერთ სამუშაო დღეში მიიღონ.

აღნიშნული პროცედურების გავლა მომხმარებლებს სახლიდან გაუსვლელად, როგორც ვებ გვერდიდან, ისე აპლიკაცია GPI Mobile-ს მეშვეობით შეუძლიათ. წარდგენილი დოკუმენტაცია დაზღვეულის დაუსწრებლად დამუშავდება.

”ანაზღაურების ონლაინ სერვისი, ბუნებრივია, მაქსიმალურად დაზოგავს მომხმარებლების დროს და ენერგიას. ჩვენი დაზღვეულები მუშაობენ, დაკავებულები არიან. მათთვის ლოდინი ბევრ შეფერხებასთან არის დაკავშირებული. აქედან გამომდინარე, დღეიდან მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, რომ ანაზღაურება ონლაინ მიიღონ. ეს რა საკვრველია, ციფრულ ტექნოლოგიებზე სრულად გადასვლას არ ნიშნავს. ჩვენ კიდევ ბევრი პროექტი გვაქვს, რომელთა მეშვეობითაც, კიდევ უფრო გავაუმჯობესებთ ხარისხს და მომსახურების ეფექტურობას”, – აღნიშნა პაატა ლომაძემ.

მსგავსი ტიპის მომსახურებას საქართველოში მომხმარებლებს არც ერთი სადაზღვევო კომპანია არ სთავაზობს. ”ჯიპიაი ჰოლდინგის” სტრატეგიული განვითარების დირექტორის, სანდრო კიკნაძის თქმით, დღეიდან ”ჯიპიაი ჰოლდინგი” განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადადის.

”ჩვენ წლის დასაწყისში დავაფუძნეთ ონლაინ მომსახურების სივრცე, ვებ გვერდი www.mygpi.ge – ონლაინ ოფისი, სადაც ნებისმიერ მსურველს მისთვის სასურველი სადაზღვევო პროდუქტის შეძენა შეუძლია. დღეიდან კი, სადაზღვევო ანაზღაურების ონლაინ მიღება არის შესაძლებელი. ეს არის ჩვენი დიჯითალიზაციის სტრატეგიის პირველი ეტაპი. უახლოეს მომავალში, ჩვენი ყველა მომსახურების რედიზაინს ვაპირებთ და საზოგადოებას სერვისებს ახალი ციფრული ფორმით შევთავაზებთ”, – აღნიშნა სანდრო კიკნაძემ.

ახალი ონლაინ სერვისების პრეზენტაციას ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მომხმარებლები, სხვადასხვა კომპანიების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიჯითალიზაციის სტრატეგიის ფარგლებში, “ჯიპიაი ჰოლდინგი” ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერის პროგრამას იწყებს. სადაზღვევო კომპანიამ პროგრამის ფარგლებში პირველი სოციალური, ინოვაციური პროექტი – Hero წარადგინა. 

Hero-ს თაანაავტორის, სანდრო კანდელაკის განმარტებით, Hero არის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სისხლის დონაციის პრობლემის გადასაწყვეტად. აპლიკაცია სისხლის დონორებს დონაციის საჭიროების მქონე ადამიანებთან აკავშირებს.

”Hero საქართველოს ბაზარზე ინოვაციური პროდუქტია. მისი საშუალებით ადამიანებს შეუძლიათ გახდნენ გმირები. Hero ეხმარება სისხლის როგორც დონორებს, ასევე ბენეფიციარებს კომუნიკაციის მაქსიმალურად გამარტივებაში”, – აღნიშნა სანდრო კანდელაკმა.

სისხლის დონაციის მნიშვნელობიდან გამომდინარე, პროექტს მხარს უჭერს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, ნინო ბერძულის მოსაზრებით, კერძო სექტორის მიერ მსგავსი ტიპის ინოვაციური, სოციალური პროექტის წამოწყება მისასალმებელია. მისივე თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ის ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის უანგარო დონაციის პრაქტიკის პოპულარიზაციას.

”სისხლსა და სისხლის პროდუქტს მუდმივად საჭიროებენ მძიმე პაციენტები, განსაკუთრებით ბავშვები. მართალია, სისხლის ბანკების მიერ მარაგის შევსება ხდება და უანგარო სისხლის დონაცია წინა წლებთან შედარებით გაზრდილია, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც დეფიციტი იქმნება. ”ჯიპიაი ჰოლდინგის” მიერ შემოთავაზებული აპლიკაცია ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, დეფიციტური შემთხვევების დადგომისას სისხლის ბანკს, სამედიცინო დაწესებულებას, პაციენტს, წვდომა ექნება იმ ადამიანების ბაზაზე, რომლებიც სისხლის უანგაროდ გაღებაზე მზადყოფნას გამოთქვამენ”, – აღნიშნა ნინო ბერძულმა.

”ჯიპიაი ჰოლდინგი” სერვისების დიჯითალიზაციის პროცესს აგრძელებს. კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ამ მიმართულებით იდეები მუდმივი დამუშავების პროცესშია. კომპანია ონლაინ პროდუქტების სპექტრის გაფართოებას, ონლაინ ანაზღაურების სისტემის გაზრდას, კორპორატიული კლიენტებისთვის სპეციალური პორტალის შეთავაზებასა და სერვისების დახვეწას გეგმავს.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …