შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მიერ ონლაინ სერვისების პრეზენტაციას დაესწრო.
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ დირექტორმა პაატა ლომაძემ ორი მნიშვნელოვანი პროექტი წარმოადგინა.
დღეიდან , საქართველოში პირველად, ჯიპიაი-ს პორტალისა და აპლიკაციის საშუალებით დაზღვეულებს საშუალება ექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევის ანაზღაურება ონლაინ, 1 სამუშაო დღეში მიიღონ. ინოვაციური სერვისებით გაცილებით მარტივი და ხელმისაწვდომი ხდება არამხოლოდ დაზღვევის შეძენა, არამედ ანაზღაურების მიღება.
დღეს ასევე სადაზღვევო კომპანიამ პროგრამის ფარგლებში პირველი სოციალური ინოვაციური პროექტი – Hero წარადგინა.
Hero – არის აპლიკაცია, რომელიც შექმნილია სისხლის დონაციის პრობლემის გადასაწყვეტად და აკავშირებს სისხლის დონორებს ადამიანებთან, რომლებსაც ის ესაჭიროებათ. Hero-ზე რეგისტრაციისას თითოეული მომხმარებელი ხდები გმირი, რომელსაც შეუძლია ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინოს, ამისთვის, საკმარისია საჭირო დროს, 30 წთ დაუთმოს სისხლის უანგარო დონაციას. რაც მთავარია, აპლიკაციის მეშვეობით დანამდვილებით იცი ვისთვის გაიღე სისხლი, როგორ შეგიძლია დაუკავშირდე ბენეფიციარს და ეს ყველაფერი განახორციელო მოკლე დროში, რაც რიგ შემთხვევებში ძალიან მნიშვნელოვანია.
„ასეთი სოციალური ინოვაციური პროექტის შემოთავაზება კერძო სექტორის მხრიდან ძალიან მნიშვნელოვანია. ეს აპლიკაცია შესაძლებლობას მისცემს როგორც პაციენტებს, ასევე სისხლის ბანკს და სამედიცინო დაწესებულებებს კრიტიკულ შემთხვევებში სისხლი იმ ადამიანების ბაზაზე მიიღონ, რომლებიც მზად იქნებიან უანგაროდ გაიღონ სისხლი და გადაარჩინონ ადამიანის სიცოცხლე. ვფიქრობ, ეს ხელს შეუწყობს საქართველოში სისხლის უანგარო დონაციის პრაქტიკის პოპულარიზაციას“ – ნინო ბერძული.