სამედიცინო კუთხით, ჯიბიდან გადახდების შესამცირებლად სრულფასოვანი სადაზღვევო ბაზარი უნდა არსებობდეს. ამის შესახებ პსპ-ს ქსელის დირექტორი მამუკა ბრეგვაძე საუბრობს.
მისი თქმით ჯიბიდან გადახდების შემცირებაში მედიკამენტის ფასს გარკვეული წილი უჭირავს, თუმცა ეს არ არის განმსაზღვრელი და ამ ხარჯების შემცირებისთვის აუცილებელია, მოქმედებდეს სრულფასოვანი სადაზღვევო სისტემა, ასევე სახელმწიფოს მიერ დაფარული იყოს გარკვეული ნოზოლოგიების დაფინანსება.
ბრეგვაძე კონკურენციის სააგენტოს შუალედურ ანგარიშსაც ეხება, რომლის თანახმად ელექტრონული რეცეპტის მექანიზმი უნდა განვითარდეს.
„მზად ვართ მივიღოთ ამ პროცესში მონაწილეობა, მაგრამ აქ აფთიაქი ბოლო რგოლია და მხოლ შემსრულებელია. აქ მთელი სისტემაა, ჯანდაცვის სისტემა უნდა იყოს ჩართული,რომ მომხმარებელმა მიიღოს მხოლოდ ის მედიკანმენტი და იმ რაოდენობიც, რომელიც მისთვისაა საჭირო,“- აცხადებს მამუკა ბრეგვაძე.
ამ პოზიციას იზიარებს „იმპექსის“ გენერალური დირექტორი დავით კოხრეიძეც, რომელიც მიიჩნევს, რომ პრობლემა ხშირად არასწორადაა დასმული, რადგან სააფთიაქო ქსელები ჯანდაცვის სისტემის ბოლო ნაწილია მომხმარებელთან მიმართებაში. „თავი“ კი ექიმები არიან, რომლებიც რეცეპტს წერენ და სწორედ მათი გამოწერილი წამლების შესაძენად მიდიან აფთიაქებში მომხმარებლები.
„არსებობს არჩევანი და ერთი და იგივე აქტიური ნივთიერებით ქართულ ბაზარზე ათობით წამალია. თუმცა რეცეპტს წერს ექიმი და პაციენტიც ამ რეცეპტით მოდის.
წამალი, როგორც მაღალტექნოლოგიური პრუდიქტი, არ იქნება იაფი – ლარი და ორი ლარი ის არ ეღირება. პრობლემა ისაა, რომ ექიმი მხოლოდ ძვირადღრებულ პროდუქტს ნიშნავს,“ – აცხადებს კოხრეიძე.
შეგახსებებთ: კონკურენციის სააგენტოს ანგარიშის თანახმად, ფარმაცევტული კომპანიების ორგანიზაციული სტრუქტურა პრობლემურია და სააგენტო მთავრობას ჰოლდინგური და არაპროფილური სეგმენტების შეზღუდვისკენ მოუწოდებს.
„აღნიშნული, ბაზრის ჰოლდინგურ მოწყობასთან და ინტეგრაციის მაღალ ხარისხთან ერთად – სამედიცინო დაწესებულებებს, ფარმაცევტულ კომპანიებს და რეცეპტის/დანიშნულების გამოწერაზე პასუხისმგებელ პირებს შორის შესაძლებელს ხდის ინტერესთა შეუთავსებლობისა და ანგარებიანი ურთიერთობის არსებობას, რაც უარყოფითად აისახება ბაზრის სტრუქტურაზე, კონკურენტუნარიანობაზე, მომხმარებლის მიერ მედიკამენტებზე გაწეულ დანახარჯებზე და პაციენტის საუკეთესო ინტერესებზე,“ – ნათქვამია ანგარიშში.