თბილისში ჯეოჰოსპიტალსის მრავალპროფილური ცენტრი გაიხსნა.
კლინიკების ქსელის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მაღალტექნოლოგიური კლინიკა, რომელიც ,,ჯეო ჰოსპიტალს“-ს თბილისის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი“-ს სახელის ქვეშ ფუნქციონირებს, 250 საწოლზეა გათვლილი და პაციენტებს ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების ფართო სპექტრს სთავაზობს, რომელთა შორისაა პედიატრია, ინსულტის მართვა, კარდიოლოგია (ინტერვენციით), აბდომინალური და თორაკალური ქირურგია, ნეიროქირურგია, ყბა-სახის ქირურგია, ოტორინოლარინგოლოგია, ორთოპედია-ტრავმატოლოგია, გინეკოლოგია და სხვ. კლინიკის ძირითად მიმართულებებს გამოცდილი და მაღალკვალიფიციური პროფესიონალები ხელმძღვანელობენ, რომელთაც წარმატებული სამედიცინო და აკადემიური კარიერა აქვთ. დაწესებულებაში ხელმისაწვდომია დიაგნოსტიკური მომსახურების სრული სპექტრი, მათ შორის, მაგნიტურ-რეზონანსული (MRT) და კომპიუტერული ტომოგრაფია (CT), ენდოსკოპია და სხვ..
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის თბილისის მრავალპროფილურ სამედიცინო ცენტრში უზრუნველყოფილია პაციენტის მკურნალობის უწყვეტობა, რასაც გამართული გადაუდებელი დახმარების, თერაპიული/პედიატრიული, რეანიმაციული, ქირურგიული ერთეულები ემსახურება; თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი 7 საოპერაციო თითქმის ყველა პროფილის ქირურგიული, მათ შორის, მცირეინვაზიური ჩარევის შესრულების საშუალებას იძლევა,” – აცხადებენ კომპანიაში.
„ჯეო ჰოსპიტალს“-ის ქსელის გენერალური დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის განცხადებით, თბილისის „ჯეო ჰოსპიტალს“-ი უზრუნველყოფს სრულ ამბულატორიულ-სადიაგნოსტიკო და სტაციონარულ მომსახურებას; დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება კი პედიატრიაა, რომელზე ხელმისაწვდომობაც მოსახლეობისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
“სამედიცინო სერვისების განვითარებასთან ერთად ჩვენი მიზანი მათი ხარისხის მუდმივი გაუმჯობესებაა, რაც მტკიცებულებებზე დაფუძნებული სამედიცინო პრაქტიკის ხელშეწყობით, ინფექციების კონტროლის გამართული სისტემის ფუნქციონირებით, პერსონალის უწყვეტი სწავლებით მიიღწევა“ – აღნიშნა ქიტოშვილმა.
„ჯეო ჰოსპიტალს“-ი 25 სამედიცინო დაწესებულებითა და 900-ზე მეტი სტაციონარული საწოლით 11 წელზე მეტია საქართველოს 5 რეგიონში ჯანდაცვითი სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია; კომპანიის დაწესებულებებში დასაქმებულია 4000-ზე მეტი თანამშრომელი.