ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენების საკითხს მედიცინის დოქტორი და იაშვილის კლინიკის კონსულტანტი დალი ლეჟავა გამოეხმურა:
“მოგეხსენებათ, ორიგინალი პრეპარატის შეძენა, დღევანდელ სოციალურ პირობებში, იშვიათი ფუფუნებაა. ამიტომ, ჩვენ იძულებულებიც კი ვართ, ჯენერიკებით ვისარგებლოთ. ვფიქრობ, ექიმის ვალდებულებაა, მეტ-ნაკლებად, იცნობდეს იმ კომპანიებს, რომელთა პროდუქტიც შემოდის ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. ეს ექიმის უშუალო მოვალეობაში არ შედის, მაგრამ სინდისიერი ექიმი უნდა ცდილობდეს ამას. დრო უნდა მოიძიოს და თუნდაც მწარმოებელი კომპანიების იმიჯი და კომპეტენტურობა გადაამოწმოს”.
იაშვილის კლინიკის კონსულტანტი ჯენერიკის გამოყენების უსაფრთხოების საკითხსაც შეეხო და აღნიშნა:
“პირადად ვიყენებ და ვნიშნავ ჯენერიკებს. როგორც ვთქვი, პაციენტების ერთ პროცენტსაც კი ვერ ვუნიშნავ ორიგინალ პრეპარატს მათი სოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე. გარკვეული ჯგუფის ჯენერიკების მიმართ პრაქტიკიდან გამომდინარე გვიყალიბდება ნდობა. არის გარკვეული ჯენერიკები, რომლებიც არაჩვეულებრივად მუშაობენ და შესანიშნავი შედეგიც აქვთ. მთავარია, ექიმი ტენდენციურად არ მიუდგეს აღნიშნულ საკითხს”.
რაც შეეხება მწარმოებელ ქვეყანას, დალი ლეჟავას მიაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტორი პროდუქციის ხარისხს არ განაპირობებს:
“მართალია, წამლის წარმოების ტექნოლოგიებს ნაკლებად ვიცნობ. მაგრამ მიდგომა, რომ ყველა ინდური მედიკამენტი უხარისხო, არასანდო და არაეფექტურია, არასწორია. ეს ექიმის პრეროგატივა არ არის, ამას უნდა აკონტროლებდეს სახელმწიფო სტრუქტურები, კერძოდ, კონკრეტული მარეგულირებელი ორგანიზაცია”.