მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკის ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები ორიგინალი პრეპარატის იდენტურია
ჯენერიკს უნდა ჰქონდეს იგივე ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები, რაც ორიგინალ პრეპარატს. ამდენად, ჯენერიკი არის ამბოლუტურად იდენტური.

ჯენერიკის ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები ორიგინალი პრეპარატის იდენტურია

ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის კონტროლის კუთხით ახალი სტანდარტის დამკვიდრებას გეგმავს და სამკურნალო საშუალებებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების აუცილებლობაზე მიანიშნებს.

თუმცა, იმისათვის, რომ ზემოთ აღნიშნული განხორციელდეს აუცილებელია მედიკამენტის ხარისხის კონტროლის მწყობრი სისტემის ამუშავება, რაზეც ჯანდაცვის სამინისტროში ინტენსიური მუშაობა უკვე დაწყებულია და რეალური შედეგები ცნობილი მალე გახდება.

ჯანდაცვის სისტემაში მიმდინარე რეფორმებს, მედიკამენტების ხარისხის საკითხსა და ბაზარზე ჯენერიკების სეგმენტის გაფართოების ინიციატივას, აღნიშნული მედიკამენტების ვარგისიანობასა და ნდობის ფაქტორს, ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი სასანია გამოეხმაურა:

„ჯენერიკი ჩვეულებრივი წამალია, იგივე ქიმიური შემადგენლობით, ხარისხობრივი მაჩვენებლებით, დანიშნულებით და ის უნდა შეიცავდეს ზუსტად იმ ინგრედიენტებს, რასაც ორიგინალური ფორმულა. ჯენერიკს უნდა ჰქონდეს იგივე ფარმაკო-კინეტიკური და ფარმაკო-დინამიკური მაჩვენებლები, რაც ორიგინალ პრეპარატს. ამდენად, ჯენერიკი არის ამბოლუტურად იდენტური იმისა, რაც არის ბრენდული მედიკამენტი. უბრალოდ, მას აქვს თავის ქიმიური დასახელება და არის უფრო იაფი. ასე, რომ შიში და უნდობლობა ჯენერიკებისადმის ყოვლად მიუღებელია“.

ჯენერიკების დიდ ნაწილს ინდოეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში აწარმოებენ. საზოგადობის უნდობლობას მის მიმართ ხშირშემთხვევაში, სწორედ, ეს ფაქტორი განაპირობებს.

„ინდოეთში, პაკისტანში და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში მზადდება როგორც ჯენერიკი, ისე სხვა წამლები. მთავარია, ჯენერიკი აკმაყოფილებდეს იმ ხარისხობრივ მაჩვენებლებს, რაც საჭიროა. არავის არ ჩაუტარებია კვლევა, რომ ინდოეთში წარმოებული მედიკამენტები უხარისხოა. ამიტომ ეს მითია, ვიდრე რეალობა,“ – განამარტავს ექსპერტი და მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრების ინციატივას მიესალმება და აღნიშნავს, რომ ეს ქვეყნისთვის ფუფუნებაა, რომ ყველა წამალი შეაფასოს თავიდან.

„უბრალოდ, ჩვენ უნდა ვენდოთ ევროპიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოსულ წამლებს. მათ მიერ გამოშვებულ წამლებს არანაირი შემოწმება აღარ სჭირდებათ. დაახლოებით 12 წელი სჭირდება, რომ ამერიკის წამლის და პროდუქტის სააგენტომ წამალი გამოუშვას ბაზარზე. პრეპარატი ძალიან სერიოზული კონტროლს გადის, ვიდრე ის ბაზარზე მოხვდება. შესაბამისად, საქართველოს ამ წამლების შემოწმება აღარ სჭირდება, ისევე როგორც ამ ქვეყნებში გამოშვებული ჯენერიკების.

რაც შეეხება საეჭვო ქვეყნებში წარმოებულ მედიკამენტებს, გაკვეულწილად, უნდა მოხდეს მათი შერჩევითი შემოწმება და ეს შეამცირებს უნდობლობის ფაქტორს, რაც არის დღეს მოსახლეობაში ინდოეთში და აზიაში წარმოებული მედიკამენტების და ჯენერიკების მიმართ.“

რამდენად ფართოდ მოიხმარენ ჯენერიკულ მედიკამენტებს ევროპის ქვეყნებში, ან ამერიკის შეერთებულ შტატებში, ექპერტი განმარტავს:

„ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო მეტად მოიხმარენ ჯენერიკულ მედიკამენტებს დიდ კლინიკებში. არის სპეციალური შეფუთვები კლინიკებისთვის, როდესაც დაპაკეტებულია არა ათი ან ოცი აბი, არამედ გაცილებით მეტი მედიკამენტი. ეს კიდევ უფრო აიაფებს მის ღირებულებას. თუ ესეც შემოვა საქართველოში, ძალიან კარგი იქნება ჰოსპიტლებისთვის და სამედიცინო მომსახურების ფასს მნიშვნელოვნად შეამცირებს. ჯენერიკული მედიკამენტების ფართოდ დანერგვა ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე მისასალმებელია ყველანაირად. მნიშვნელოვანი საინფორმაციო კამპანია უნდა ჩატარდეს ამ მიმართულებით, რომ ნდობის ფაქტორი გაიზარდოს.“

kvira.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …