ჯენერიკ მედიკამენტების მოხმარებასთან დაკავშირებით, “სამოქალაქო ფორუმის” ხელმძღვანელი თემურ არბოლიშვილი საუბრობს:
– ბატონო თემურ, საზოგადოებაში ჯენერიკ მედიკამენტებთან დაკავშირებით, არასაკმარისი ინფორმაციაა და შესაბამისად, მათ მიმართ ნდობა ნაკლებია. თქვენ რამდენად იყენებთ და ენდობით ჯენერიკებს?
მინდა გითხრათ, რომ ჯენერიკებს ვენდობი, რადგან ეს მსოფლიოში აპრობირებული და ფინანსურად ხელმისაწვდომი სამკურნალო საშუალებაა. კერძო დაზღვევით ვსარგებლობ, სწორედ, გუშინ ვიყავი ოჯახის ექიმთან და გამომიწერა მედიკამენტები. მინდა აღვნიშნო, რომ არასოდეს ნიშნავენ ჯენერიკებს, თუმცა, პირადად ამის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვიქნები.
– ანუ, შეიძლება ითქვას, რომ ექიმები არ ენდობიან ჯენერიკებს?
დღეს ოჯახის ექიმს გარკვეული ინტერესი აქვს ამა თუ იმ პრეპარატის რეალიზაციასთან. მე ვერ გეტყვით, რომ კონკრეტული და რეალური ფაქტები მაქვს ამის დასადასტურებლად, თუმცა ფაქტია ის, რომ ექიმი არ გიწერს ჯენერიკს.
– კიდევ რა შეიძლება იყოს მიზეზი ჯენერიკების არაპოპულარულობისა?
ვფიქრობ, საზოგადოება არაა სათანადო დონეზე ინფორმირებული, თუ რა არის ჯენერიკი. ინფორმაციის მისაღებად კი, საჭიროა, კონკრეტული სოციალურ-საინფორმაციო კამპანია, რომელიც შედეგსაც მოიტანს და საზოგადოებასაც დააინტერესებს.
– გარდა ექიმის კონკრეტული ინტერესისა და საზოგადოებაში ინფორმაციის ნაკლებობის ფაქტორებისა, არსებობს კიდევ ერთი მიზეზი, კერძოდ, ჯენერიკებს არ ენდობიან მწარმოებელი ქვეყნიდან გამომდინარე, მოგეხსენებათ, ჯენერიკების ნაწილს სწორედ, ინდოეთში, ან განვითარებად ქვეყნებში აწარმოებენ, თქვენ როგორ ფიქრობთ?
სამომავლოდ, ესეც საინფორმაციო კამპანიის ნაწილი უნდა გახდეს და საზოგადოებას პროფესიულ დონეზე უნდა მიაწოდონ ამის შესახებ სრული ინფორმაცია. მაგალითად, ჩემს მეგობარს ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და თურქეთში გაემგზავრა. გაჩნდა მედიკამენტის შეძენის აუცილებლობა, ის სახეობა არის ბელგიური წარმოების ორიგინალი და თურქული ჯენერიკი. ექიმებმა ურჩიეს, რომ ორიგინალს შესაძლოა, შედეგი არ ჰქონოდა და საკუთარი წარმოების პრეპარატი შესთავაზეს. თურქეთში აწყობილია სისტემა, საკუთარ პროდუქტს უკეთებენ რეკლამირებას.
როდესაც მედიკამენტი ეფექტურია და ხარისხში განსხვავება არ არის, მითუმეტეს ფინანსურად ხელმისაწვდომი, ექიმმა უნდა დანიშნოს და აუხსნას პაციენტს, რომ ის ეფექტური, სანდო, ხარისხიანია და ზიანს არ მოუტანს. უხარისხო პროდუქცია ეს ევროპული იქნება თუ ინდური წარმოების, არ გაიყიდება, ამიტომ ყველა ქვეყანა ცდილობს ხარისხიანი შექმნას, მით უფრო მედიკამენტები. ეს ჩვეულებრივი ბიზნესია. ამიტომ, კომპანია მოტივირებულია, რაც შეიძლება უკეთესი პროდუქტი გამოუშვას, რომ მეტი გაყიდოს. აქედან გამომდინარე, ესეთი მიდგომა ინფორმაციის ნაკლებობის შედეგია.