მედიკამენტების გაძვირება მოსახლეობისთვის სერიოზული პრობლემაა. ამ ფონზე, ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაანონსა, რაც მათივე გათვლებით ბაზარზე ფასებს დაარეგულირებს და მედიკამენტები მოსახლეობის ყველა ფენისთვის ხელმისაწვდომი გახდება.
ჯენერიკ მედიკამენტების შესახებ, მომხმარებლის ინფორმირებულობასთან დაკავშირებით მაგდა ანიკაშვილი აცხადებს, რომ საზოგადოებაში ამ მიმართულებით ცნობადობა დაბალია:
„ბრენდ მედიკამენტებსა და ჯენერიკ პრეპარატებს ფასებს შორის სხვაობა დიდია . ჯენერიკების შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა დაბალია. ამიტომ, სასურველია, მომხმარებელი მის შესახებ სრულ ინფორმაციას ფლობდეს და წამლის შეძენისას არჩევანი თავად გააკეთოს. თუ მისთვის ცნობილი იქნება ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხის, ეფექტურობა, რომელსაც გაცილებით იაფად შეიძენს, ეს რა თქმა უნდა, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის კუთხით, ძალიან მნიშვნელოვანია. ამითომ აღნიშნული ინფორმაციის მიწოდება ორგანიზებულად უნდა მოხდეს.“
ანიკაშვილი აღნიშნულ საკითხში ექიმების მონაწილეობის მნიშვნელოვან როლზეც საუბრობს.
„წამლების უმრავლესობა ექიმის დანიშნულებით მიიღება. მუშაობაა საჭირო სამედიცინო საზოგადოებასთან, რომ მეტად მისაღები გახადონ ჯენერიკებით მკურნალობა, და პროფესიუნალურ დონეზე განმარტონ მისი უსაფრთოხების დონე და ეფექტი. დღეს ეს განწყობა უკვე შეინიშნება. კეთილსინდისიერი ექიმის ინტერესშიც უნდა იყოს, რომ პაციენტს დაუნიშნოს ხელმისაწვდომი მედიკამენტი, თუმცა არა მისი ჯანმრთელობის საზიანოდ.“