ჯენერიკ მედიკამენტების ბაზარზე შემოსვლის საკითხს ჯანდაცვის პოლიტიკისა და მართვის სპეციალისტი, მედიცინის დოქტორი სერგო ჩიხლაძე გამოეხმაურა:
„ზოგადად ჯენერიკები მთელ მსოფლიოშია გავრცელებული და მისი მოხმარების დონეც მაღალია. რაც შეეხება ევროპას, ნაკლებად მოხმარებადია ინდური და აღმოსავლეთის ქვეყნების წარმოების მედიკამენტები.
განსხვავება ჯენერიკ და ბრენდულ პრეპარატს მინიმალურია, მათ შემადგენლობაში ერთი და იგივე ფორმულაა, წარმოება კი სხვადასხვა დამუშავების ტექნოლოგიების გამოყენებით მიმდინარეობს. თუმცა ჯენერიკების მოხმარება საკმაოდ ეფექტურია მოსახლეობისთვის, რომელსაც არ აქვს მაღალი შემოსავალი.
ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება გაზრდის მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას. ეს საუკეთესო ალტერნატივაა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობიდან გამოსასვლელად“.
სერგო ჩიხლაძის თქმით, საქართველოში მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობას ხელს უშლის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული ოლიგოპოლია.
„ეს სიახლე არ არის. რასაკვირველია, როდესაც გარკვეულ სფეროში შეინიშნება ოლიგოპოლია, პროდუქტზე არსებული ფასებიც გაცილებით მაღალია, ვიდრე რეალურად უნდა არსებობდეს. არსებობს ქვეყანაში რამდენიმე უცვლელი მოთამაშე, რომელთა მოგების მარჟა საკმაოდ მაღალია. ეს გერძელდება ათწლეულების განმავლობაში, უფრო მეტიც, ხშირად კონკრეტული ტიპის წამლები მხოლოდ ერთს შემოაქვს, სხვა ტიპის – მეორეს, შესაბამისად, ფასწარმოქმნაც შეთანხმებული აქვთ . მცირე კომპანიამ, რომ მოინდომოს ქვეყანაში წამლის იმპორტი, კონკურენციის გაწევას ვერ შეძლებს“.
ჩიხლაძეს სხვა ევროპულ ქვეყნების ბაზრებზე მოქმედი ფარმაცევტული კომაპნიების მაგალითი მოჰყავს და აღნიშნავს, რომ თუ ის კომპანიები 30–50 პროცენტიან მოგებაზე მუშობენ, მაღალ მაჩვენებლად მიიჩნევენ, მაშინ როცა, საქართველოში ჩატარებული კვლევებზე დაყრდნობით, ქართულ ბაზარზე არსებული ფარმაცევტული კომპანიები 300-400 პროცენტიანი მოგებით მუშაობენ, რაც არასწორია.
„კონკურენცია უნდა გაიზარდოს ბაზარზე, რაც გაზრდის არჩევანს და ფასებიც დაბალი იქნება. ჯანდაცვის სამინისტროს ამ მხრივ სწორი მიმართულება აქვს აღებული. საქართელოში პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხის ყველაზე დიდი პროცენტი მედიკამენტებზე მოდის. ამ მხრივ საქართველო ერთ–ერთ მოწინავე ადგილს იკავებს რეგიონში.
ჯანდაცვის სფეროშიც წამლების ხარჯვითი წილი პროცენტული მაჩვენებლებით ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებებზე მაღალია. ასევე შეინიშნება, არამიზნობრივად წამლის დანიშვნის ტენდენციაც, რაც აუცილებლად უნდა იქნეს გაკონტროლებული. ამრიგად, მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაიზარდის მიზნით, საუკეთესო საშუალეებაა ქვეყანაში კონკურენციის ხელშეწყობა და ჯენერიკ პრეპარატების იმპორტის გაფართოება,“ – აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ.