თბილისი (BPI) – მედიკამენტების ფასებისა და ჯენერიკ მედიკამენტების ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლისა და სეგმენტის გაფართოების საკითხს კანისა და ვენერიულ სნეულებათა კვლევითი ცენტრის დირექტორი, პროფესორი გიორგი გალდავა გამოეხმაურა:
„ჩემთვის ცნობილია, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ერთ–ერთ გამოწვევად მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის პრობლემას მიიჩნევს და შექმნილი მდგომარეობიდან გამოსვლის ერთ-ერთ წინაპირობად ჯენერიკ მედიკამენტების სეგმეტნის გაფართოებას ასახელებს. ამასთან, მიაჩნიათ, რომ შექმნან იმ დონის ფარმაცევტული ბაზარი, რომ რაც შეიძლება მეტი ფარმაცევტული კომპანია დაინტერესდეს და ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტი განახორციელოს. ეს მისასალმებელია, თუმცა მიმაჩნია, რომ ვიდრე არ განისაზღვრება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მოგების მარჟა, მანამდე არანაირ ძალისხმევას შედეგი არ იქნება“.
პროფესორი გიორგი გალდავა მაგალითისთვის, ევროპის ზოგიერთი ქვეყანის ფარმაცევტულ ბაზარზე არსებულ მდგომარეობას ასახელებს და აღნიშნავს, რომ ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტი უნდა გაფართოვდეს, თუმცა ფარმაცევტულ კომპანიებისადმი მოგების მარჟა მკაცრად უნდა განისაზღვროს:
„ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში ფარმაცევტულ ბიზნესში არის დაწესებული მოგების მარჟა, სწორედ მათ მსგავსად უნდა გაკეთდეს ჩვენთანაც. ამისთვის კი აუცილებელია, ,,წამლის კანონში“ შესაბამისი ცვლილბების ასახვა, ან უნდა მიიღონ ისეთი კანონი, რომ იმპორტიორებს დაუწესდეთ მაქსიმალური მარჟა და მოგების დონე. ეს იქნება 5-10 პროცენტი თუ მეტი ან ნაკლები, ეს უკვე მსჯელობის საგანია, თუმცა მარჟა განსაზღვრული უნდა იყოს, სხვაგვარად, ფასების დაკლებას არ უნდა ველოდოთ“.