ბოლო პერიოდში, მედიკამენტებზე ფასები საგრძნობლად გაიზარდა, რაც მძიმე ტვირთად აწევს სოციალურად გაჭირვებულ მოსახლეობას.
ჯანდაცვის სამინისტრომ მედიკამენტებზე ფასების შესამცირებლად, ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება დაანონსა. ჯენერიკ მედიკამენტებსა და ზოგადად საქართველოში წამლის მოხმარების კულტურაზე პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის წევრმა გიორგი ხეჩინაშვილმა ისაუბრა:
“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიკამენტის ფასი იყოს შესაძლებლობის ფარგლებში. ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოება სწორედ ის გამოსავალია, რომელიც მნიშვნელოვნად შეამცირებს ჯანდაცვის ხარჯებს და არ აისახება მის ხარისხზე. “
გიორგი ხეჩინაშვილი ქვეყანაში წამლის მოხმარების კულტურაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქართველოში წამლების ფართოდ გამოყენებადი საზოგადოებაა, ჯერ კიდევ თვითმკურნალობას ვეწევით და გვჭირდება თუ არა, ბევრს ვხარჯავთ წამლებში.
„ჩვენთან გარკვეული სტერეოტიპებია დამკვიდრებული. იმ წამლებს, რომლებსაც მსოფლიოში აღარ იყენებენ, ჩვენთან ჯერ კიდევ პოპულარულია, მაგალითად, ანალგინი. ეს მაშინ, როდესაც არსებობს ამ პრეპარატზე გაცილებით უკეთესი და ეფექტური წამლები. მოსახლეობის ინფორმირება, წამლებთან და ჯენერიკებთან დაკავშირებით ძალიან დაბალია.
ამასთან, არასწორია დამოკიდებულება ინდოეთში წარმოებულ მედიკამენტებზე, თითქოს ის ყველა წამალი უხარისხოა და შვეიცარული წარმოების მაღალი ხარისხის. ესეც საზოგადოებაში დაბალი ცნობადობისა და ინფორმაციის სიმწირის მანიშნებელია. დიდი მნიშვნელობა აქვს მედიკამენტის მწარმოებელ კომპანიას, ბრენდს და არა მწარმოებელ ქვეყანას. მთავარია, როგორია მწარმოებელი კომპანიის ისტორია, სერტიპიკატები, სტატუსი და ხარისხისადმი ადეკვატურობა.
თუ ჯენერიკს აწარმოებს მაგალითად ინდური კომპანია, რომელიც აკმაყოფილებს ყველა სტანდარტს, ის ისეთივე მაღალი მაჩვენებლებითა და ხარისხით ხასიათდება, როგორც ბრენდი. ჯანდაცვის სამინისტრო მედიკამენტების ხარისხის ადეკვატური კონტროლის სისტემის შექმნაზე მუშაობს. ამ ფონზე, გარკვეული საკანონმდებლო მოსამზადებელი სამუშაოებიც მიმდინარეობს. ამას სჭირდება დრო და დიდი ფინანსური რესურსები. აუცილებლად შემუშავდება ისეთი პროგრამა, რომელიც ნამდვილად ეფექტური იქნება და გაზრდის ნდობის ფაქტორს ჯენერიკ მედიკამენტების ხარისხის მიმართ.“
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა ინფექციური სნეულებების დეპარტამენტის უფროსი, პროფესორი, ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა კლინიკური საავადმყოფოს, სამეცნიერო კონსულტანტი მანანა ხოჭავა ჯენერიკ მედიკამენტების ფარმაცევტულ ბაზარზე შემოსვლის საკითხს გამოეხმაურა და განმარტა:
“ჯენერიკი არის პრეპარატის ისეთი ფორმა, რომელიც თავდაპირველად იქმნება და შემდეგში სხვადასხვა სავაჭრო სახელწოდებით შეიძლება შეგხვდეს სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის გამოშვების შემთხვევაში. როგორც წესი, ჯენერიკი ძალიან ეფექტური და უსაფრთხოა, როგორც ბრენდული მედიკამენტები. ამასთანავე, ჯენერიკი შედარებით იაფია. თავად და ჩემი ოჯახი ფართოდ ვიყენებთ და ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.
ჯენერიკების დანიშვნა მთელ მსოფლიოშია მიღებული და ყველანაირად მხარს ვუჭერ იმას, რომ საქართველოშიც ფართოდ გამოიყენებოდეს. ჩვენ ქვეყანაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ჯენერიკი მიღებულია, მისი ფასიდან გამომდინარე. მას ასევე ფართოდ იყენებენ ევროპასა თუ ამერიკაში. მართალია, ჯენერიკის ფასი დაბალია, თუმცა მისი ხარისხი და ეფექტურობა აბსოლუტურად შეესაბამება სტანდარტებს.“
ექიმი პრეპარატის წარმოების სტანდარტების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს და მიაჩნია, რომ სტანდარტი უნდა იყოს ერთი და იგივე, როგორც ამერიკისთვის, ასევე ინდოეთისთვის, საქართველოსთვის და ნებისმიერი სხვა ქვეყნისათვის: „აუცილებელია მედიკამენტის შემოტანამდე დადგინდეს, რამდენად დაცულია სტანდარტი და მიღებული აქვს თუ არა პრეპარატს საერთაშორისო გამოყენების სერტიფიკატი.“