მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობასა და მის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზე სპეციალისტები საუბრობენ
ჯენერიკ მედიკამენტების წარმოების მიზანი ჩვენი მხრიდან სწორედ ის იყო,რომ ამ მედიკამენტების სახით შეგვეთავაზებინა საქართველოს მოსახლეობისთვის იაფი პრეპარატები

ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობასა და მის პრაქტიკაში გამოყენების აუცილებლობაზე სპეციალისტები საუბრობენ

„მედიკამენტების მოხმარება და შედეგიანობა ინდივიდუალურია“ ,მედიკამენტებზე გაზრდილი ფასები მძიმე ტვირთად დააწვა სოციალურად დაუცველ მოსახლეობას. ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი პრობლემების დარეგულირების მიზნით, ჯენერიკების სეგმენტის გაფართოება და ბაზარზე მათი წილის გაზრდა დაასახელა.

სპეციალისტების, ფარმაცევტებისა და ექსპერტების ერთი ნაწილი იწონებს ინიციატივას, თუმცა აღნიშნავს, რომ პროექტის წარმატებულად განხორციელებისთვის აუცილებელია, საზოგადოების ინფორმირება ჯენერიკების თაობაზე. ნაწილი კი, განმარტავს, რომ სანდოობის მიზნით, აუცილებელია სამინისტროს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლის გამკაცრებაზეც იზრუნოს. ასევე არიან ისეთებიც, რომლებიც ჯენერიკ პრეპარატებს, უბრალოდ, არ ენდობიან და უპირატესობას ბრენდულ მედიკამენტებს ანიჭებენ. ექსპერტები ასეთ მიდგომას მაინც, ინფორმაციულობის დაბალი დონით ხსნიან.

აღნიშნულ თემას „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე გამოეხმაურა.

„ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილი მდგომარეობის დარეგულირების მიზნით, რამდენიმე გამოსავალზე საუბრობს და სამომავლოდ, ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების წილის ზრდის აუცილებლობას მიიჩნევს. შესაბამისად, კურტანიძე მთავრობის ინიციატივას, რომელიც ჯენერიკების პრაქტიკაში დანერგვას ითვალისწინებს, მიესალმება და მიაჩნია, რომ ჯენერიკ მედიკამენტები უფრო მეტად უნდა ინიშნებოდეს ექიმების მიერ, ინფორმირებული იყოს როგორც საზოგადოება, ასევე ოჯახის ექიმები.

მისივე განცხადებით, დღეს ფარმაცევტულ ბაზარზე ბრენდულ მედიკამენტებს დაახლოებით 25-30% უჭირავს. ჯენერიკების წარმოების ზრდა და მედიკამენტებზე ფასის შემცირება კი, მნიშვნელოვნად შეამცირებს მათ წილს ბაზარზე, რადგან ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებთან შედარებით, დაახლოებით, 40%-ით იაფია.

„ჯენერიკ მედიკამენტების წარმოების მიზანი ჩვენი მხრიდან სწორედ ის იყო, რომ ამ მედიკამენტების სახით შეგვეთავაზებინა საქართველოს მოსახლეობისთვის უფრო იაფი პრეპარატები. დღეს, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ბრენდების წილი მაქსიმუმ, 25-30 პროცენტია, დანარჩენს ისედაც, ჯენერიკები იკავებს და გააქტიურების შემთხვევაში, ბრენდების წილი კიდევ უფრო შემცირდება და 15-20 პროცენტამდე დაიწევს“, – განაცხადა „ავერსის“ დამფუძნებელმა.

ჯენერიკ მედიკამენტების სანდოობაზე საუბრობენ ექიმებიც. ნევროლოგი და ოჯახის ექიმი ნატო შენგელია ამბობს, რომ ის ენდობა და  პრაქტიკაშიც ხშირად იყენებს ჯენერიკებს.

“როდესაც დარწმუნებული ვარ, რომ ჯენერიკი კარგი ხარისხისაა, შემიძლია ვთქვა, რომ თითქმის გათანაბრებული მაქვს ბრენდულ პრეპარატთან. დღეს სრულიად დასაშვებია ჯენერიკების გამოყენება. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პაციენტს უჭირს ბრედნული მედიკამენტის შეძენა. პირადად, ჩვეულებრივ ვწერ ჯენერიკებს დანიშნულებაში, თუმცა არსებობს ზოგიერთი ისეთი ჯენერიკი, რომლის ხარისხშიც დარწმუნებული არ ვარ და ასეთ დროს უპირატესობას ბრენდს ვანიჭებ. ჯენერიკების ხარისხში დაწმუნება კი ხდება პრაქტიკიდან გამომდინარე. როდესაც ესა თუ ის დასახელება უმრავლეს შემთხვევაში, დადებით შედეგს მაძლევს დაავადების მკურნალობისას, ეს მიდგომა ბუნებრიავია”, – განმარტავს ოჯახის ექიმი.

მისივე თქმით, ჯენერიკების ხარისხს არ განსაზღვრავს მწარმოებელი ქვეყანა და მიაჩნია, რომ ინდური წარმოების იმედიკამენტების მიმართ, სკეპტიკური განწყობაა და ეს მიდგომა უნდა შეიცვალოს:

“ინდოეთში ძალიან ბევრ ფრანგულ და ბრიტანულ ფარმაცევტულ კომპანიებსაც აქვთ ქარხნები. არ აქვს მნიშვნელობა სად არის წარმოებული წამალი – ინდოეთში, ეგვიპტეში თუ ნებისმიერ სხვა ქვეყანაში, მთავარია მწარმოებელი კომპანია იყოს კეთილსინდისიერი და სანდო”. 

ჯენერიკ მედიკამენტების პრაქტიკაში გამოყენებასთან დაკავშირებით კი, კოჯრის საექიმო ამბულატორიის ოჯახის ექიმი და პედიატრი მაია დავითური აღნიშნავს, რომ თავად მუდმივად იყენებს ჯენერიკებს და მიაჩნია, რომ ჯენერიკების მიმართ ნდობა პრაქტიკიდან გამომდინარე ყალიბდება:

„როდესაც პრეპარატს გამოვცდი და მისი შედეგით კმაყოფილი ხარ, ის სანდოა. მაგრამ სანდოობის განსაზღვრა ამ ფორმით არ უნდა ხდებოდეს, ქვეყანაში უნდა გამკაცრდეს მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი, ასევე არსებობდეს სპეციალური ლაბორატორია, რომელც შესაბამის დოკუმენტაციას გასცემს. ჩვენ ვაკუუმში ვართ“.

რაც შეეხება მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებს, პედიატრს მიაჩნია, რომ წამლის ხარისხს არა ქვეყანა, არამედ ის ფარმაცევტული კომპანიები და ქარხნები განსაზღვრავს, სადაც მისი წარმოება ხდება. „ინდური წარმოების მედიკამენტების საკმაოდ ხარისხიანია. შესაძლოა, პრეპარატს ევროპული ფარმაცევტული კომპანია უშვებდეს, მაგრამ ის იყოს საკმაოდ, სუსტი ფარმაცევტული ეფექტის მქონე და არ აკმაყოფილებდეს საერთაშორისო სტანდატებს. ზოგადად, მედიკამენტების მოხმარება და შედეგიანობა ინდივიდუალურია,“ – ამბობს მაია დავითური.

info9.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …