მთავარი » დაზღვევა » ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო „გონივრული მინიმუმი“  დასაქმებულებისთვის – დაზღვევის კავშირის ინიციატივა

ჯანმრთელობის დაზღვევის სავალდებულო „გონივრული მინიმუმი“  დასაქმებულებისთვის – დაზღვევის კავშირის ინიციატივა

დადგა დრო, დაიწყოს მსჯელობა, რათა „გონივრული მინიმუმის“ ჯანმრთელობის დაზღვევა სავალდებულო წესით იქნას შეთავაზებული დასაქმებული მოსახლეობისათვის.

ამის შესახებ დაზღვევის კავშირის აღმასრულებელი მდივანი ლაშა ნიკოლაძე აცხადებს.

მისი თქმით, ქვეყანაში ასევე უნდა მოქმედებდეს სავალდებულო დაზღვევის კიდევ ერთი სახეობა – ავტომფლობელთა მესამე პირისადმი პასუხისმგებლობის დაზღვევა.

„საკმაო ხანია საქართველოში სავალდებულო დაზღვევის შემოღებაც იგეგმება, კერძოდ, სავალდებულო დაზღვევის კანონპროექტი „ავტომფობელის პასუხისმგებლობის დაზღვევის შესახებ“. შემუშავებულია საერთაშორისო პრაქტიკის, დაინტერესებული საექსპერტო მხარეების აქტიური ჩართულობით და საპარლამენტო კომიტეტებში ელის შესაბამის პროცედურებს. ერთია საკანონმდებლო მხარდაჭერა, მეორეა მისი პრაქტიკაში ადექვატური განხორციელება. ჩვენი აზრით, სადაზღვევო ინდუსტრიის უპირველესი ძალისხმევა ამ უმნიშვნელოვანესი საკითხების მზაობას, რელევანტური ფორმით შემოღებასა და იმპლემენტაციას უნდა დაეთმოს. სადაზღვევო გამოცდილება გვასწავლის, რომ სრულიად დაუშვებელია არარელევანტური, გაუთვალისწინებელი, მოუმზადებელი დაზღვევის პროექტების პრომოცია, რასაც შესაძლოა დაზღვევის დისკრედიტაცია და ბაზრის შემცირება მოყვეს.

ორივე ამ საკითხზე, როგორც ექსპერტების, ასევე პრაქტიკოსების უშუალო ჩართულობით შესაძლებელია საუკეთესო და ყველასთვის მისაღები გზის, ტემპის, ეტაპების გამოკვეთა და რეალიზაცია“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

მისი თქმით, „დაზღვევის კავშირს“ შემუშავებული აქვს კონკრეტული ხედვები და მოსაზრებები და აცხადებს მზაობას ნებისმიერ დისკუსიაში მიიღოს მონაწილეობა.

„ჩვენი, როგორც „დაზღვევის კავშირის“ მოწოდებაა სადაზღვევო კომპანიების მიმართ მაქსიმალური ჩართულობა და ენერგია, ამ ორი – ყველაზე მნიშვნელოვანი სადაზღვევო დეველოპინგის მიმართულებას დავუთმოთ. ჩვენის მხრივ მზად ვართ კავშირში ახალი წევრების მიღებისა და სასარგებლო იდეების რეალიზებისათვის“,- განაცხადა ნიკოლაძემ.

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …