მთავარი » კვირის ინტერვიუ » ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი-მარინა ბერაძე
კარგა დავუფიქრდეთ, ვინ დგას მათ უკან და რატომ არ ეხებათ. ფაქტი ერთია, ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი.

ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი-მარინა ბერაძე

ჯანდაცვის სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და არის რისკი, რომ საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმის მეორე ეტაპს შეეწირება პატარა კლინიკები.

დიდი კლინიკები კი პრეტენზიებს კაბინეტებში კულუარულად გაარკვევენ – აცხადებს ჯანდაცვის მიმართულებით “დამოუკიდებელ ექსპერტთა კლუბის” წევრი, მარინა ბერაძე.

–”რეზონანსი”: 1 თებერვლიდან საყოველთაო ჯანდაცვის მეორე ტალღა იწყება და დაანონსებულია, რომ დაახლოებით 10 კლინიკა კრიტერიუმების ვერ დაკმაყოფილების გამო სახელმწიფოს დაფინანსებას გამოეთიშება. 

–მარინა ბერაძე: ინფორმაცია არ მაქვს, რომელი 10 საავადმყოფო გამოეთიშება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას, რადგან ეს შიდა ინფორმაციაა. ამ პროცესში მთავარი ის გახლავთ, რომ კრიტერიუმები, რის მიხედვითაც საავადმყოფოები გამოეთიშებიან, მკაფიოდ ჩამოყალიბებული არ არის

სამინისტროს მიერ გაცხადებული დარღვევები რეალურად ხდება. ფაქტია, რომ ექიმები და სამედიცინო პერსონალი წლებია უკმაყოფილოა იმით, რომ მათი ანაზღაურება არ შეესაბამება საყოველთაოდ მიღებულ კრიტერიუმებს. შეიძლება პედიატრს 150 ლარი ჰქონდეს?

ვიღაცამ შეიძლება თქვა, რომ ძალიან მარალი გამომუშავების ექიმები არსებობენ და ვინც კარგია, მას მაღალი შემოსავალი აქვს, ხოლო ვინც კარგი არ არის, მას ხელფასი დაბალი აქვს. ასეთ მიდგომას მსოფლიო ჯანდაცვის სისტემა არ იცნობს. თუ კარგი ექიმი არ არის, ის საერთოდ არ უნდა მუშაობდეს, ხოლო ვინც მუშაობს, მას ადეკვატური ხელფასი უნდა ჰქონდეს.

ვთვლი, რომ ამ საკითხში სახელმწიფოს როლი დიდი უნდა იყოს. ძალიან ბევრი დროა დაკარგული იმაში, რომ სწორი კრიტერიუმები არ შემუშავდა. ახლა როდესაც სახელმწიფო ჩივის, რომ ხარისხი კარგი არ არის, ხარისხის განმსაზღვრელი სამსახური ჩამოყალიბებული არ არის. ყველა საავადმყოფო თავისი შიდა სტანდარტებით არეგულირებს ყველაფერს.

მაგალითად, როდესაც პაციენტები უჩივიან, ვთქვათ სამკურნალო დაწესებულებას, ან ექიმი ჩივის, ეს ინფორმაცია სამინისტროში მიდის და საინტერესოა ამის ანალიზი თუ კეთდება და ამ ანალიზით დაგროვილი რა ცვლილება განხორცილდა?

–”რ”: ეს პრეტენზია ვისკენ არის მიმართული, ვინ უნდა გადაჭრას, სამინისტრომ თუ კლინიკის მენეჯმენტმა?

– მ.ბ: ასეთი დაურეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის პირობებში ერთი მხარე მეორისკენ იშვერს ხელს და მეორე – პირველისკენ. სწორედ აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ სახელმწიფოს რეგულაციები უნდა ჰქონდეს და ამ საკითხში უნდა ერეოდეს. როგორ შეიძლება სახელმწიფოში არსებობდეს ექიმის სტატუსი და დაახლოებით მაინც არ იყოს განსაზღვრული, როგორ უნდა შეფასდეს მისი მუშაობა.

პედაგოგებზე ხომ დაიწყო გარკვევა და გვეუბნებიან, რა თანხაზე ნაკლები არ უნდა იყოს მათი ხელფასი? სამედიცინო სფეროში ამაზე რატომ არავინ დაინტერესდა? ეს ხომ არ არის დაკავშირებული მასთან, რომ ყველას თავისი პირადი ინტერესი აქვს და ფაქტობრივად, ჯანდაცვის სამინისტროში ვინც ადრე მუშაობდა, კარგად რომ გავიკითხოთ, სწორედ ისინი არიან სხვადასხვა კლინიკის მფლობელები. როდესაც ექიმს დაბალი ხელფასი აქვს, ის იძულებული ხდება მეტი წამალი გამოწეროს და გამოწერილი წამლის მიხედვით აიღოს ბონუსი.

ან რატომ არის, რომ ნორმალურ ქვეყნებში აკრძალულია ერთი და იმავე სუბიექტის ხელში იყოს საავადმყოფოც და ფარმაცევტული ბიზნესიც? ეს იმიტომ არის, რომ როდესაც ფარმაცევტული ბიზნესი გაქვს, პლუს სადაზღვევო ბიზნესი და საავადმყოფოშიც შენ ამუშავებ ექიმს, იმ ექიმს აუცილებლად აიძულებ შენი წამალი გამოწეროს. ეს სახელმწიფოს დასარეგულირებელია.

–”რ”: ჩვენ მინისტრის პრეტენზიები მოვისმინეთ და თავად კლინიკების მფლობელებს რა პრეტენზიები აქვთ, თუ ცით?

–მ.ბ: საქმეც ის არის, რომ დიდი კლინიკები პრეტენზიებს, როგორც წესი, ხმამაღლა არ გამოთქვამენ. ისინი თავიანთ პრეტენზიებს კაბინეტებში კულუარულად არკვევენ. როგორც ადრე იყო, ისე ახლაც ჩვეულებრივი გარიგებები ხდება. გვინდა უკეთესი და გამოდის – როგორც ყოველთვის.

–”რ”: არის რისკი, რომ ამ რეფორმებს შეეწირება პატარა კლინიკები, ისინი გაკოტრდებიან, დიდი კლინიკები კი კულუარებში “ჩააწყობენ” და მათ არ შეეხებიან?

–მ.ა: რა თქმა უნდა, რადგან ამ სფეროში ჯანსაღი კონკურენცია არ არის და რეალურად ასეც მოხდება. ჩვენ ხომ ვიცით, რომ არიან ექიმები, რომლებსაც პაციენტებში დიდი ნდობა აქვთ და შესაძლოა ასეთი ექიმი ვერ აღმოჩნდეს იმ კლინიკაში, ვინც გააგრძელებს მუშაობას.

დიდ კლინიკებშიც არის ძალიან ბევრი დარღვევა. არ მინდა საავადმყოფოების დასახელება, მაგრამ მეც მაქვს ინფორმაცია და სხვებსაც, რომ იქ საოცრებები ხდება. თვეობით გაუცემელი ხელფასები, არასწორი დამოკიდებულება პაციენტის მიმართ, არაკეთილსინდისიერად ბიუჯეტის თანხების გაფლანგვა. ასეთი უამრავი შემთხვევაა და დიდ კლინიკებშიც.

სტატისტიკა და კვლევა უნდა არსებობდეს, რის საფუძველზე ხდება ამა თუ იმ დასკვნის გამოტანა. ეს მონაცემებიც უნდა დაიდოს, რომ შემდეგ კითხვები არ გაჩნდეს.

–”რ”: კლინიკების დახურვა პაციენტებისთვის თუ გახდება პრობლემა? საუბარია იმაზე, რომ ამ კლინიკებში გაიზრდება რიგები და ლოდინის პერიოდიც პაციენტებისთვის.

–მ.ბ: პაციენტებისთვისაც რისკია. ხელმისაწვდომობა არსებობს ფინანსურიც და ასევე გეოგრაფიულიც. რატომ უნდა დადიოდეს პაციენტი ქალაქის ერთი ბოლოდან მეორეში? იმიტომ, რომ ერთმა ააწყო კარგად და დანარჩენებმა ვერ მოახერხეს? სახელმწიფო უნდა იყოს გარანტი, რომ ინფრასტრუქტურა მოეწყოს.

შეუძლებელია მოხუცებსა და ბავშვებს კლინიკებისთვის დიდ მანძილზე უწევდეთ გადაადგილება, ან რიგებში ჩადგნენ. დროზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ვთვლი, რომ ეს პრობლემებს შექმნის. ეს არის კიდევ ერთი ექსპერიმენტი. 2000 წლიდან ვიკვლევ ამ სფეროს, ეს გზა არაერთხელ გაუვლიათ, შემდეგ ისევ უკან დაბრუნებულან და თავიდან დაუწყიათ სხვადასხვა ფორმით. დადიან უცხოეთში და გაითვალისწინონ ის, რაც იქ არის.

ვახსენე და სხვებსაც არაერთხელ უთქვამთ, რომ ჯანდაცვის სფეროში მონოპოლიები დაუშვებელია და ამ საკითხს უნდა მიხედონ პირველ რიგში და ვინც ლაპარაკობს, მინისტრის პრეტენზიები მე არ მეხებაო, მაშინ კარგა დავუფიქრდეთ, ვინ დგას მათ უკან და რატომ არ ეხებათ. ფაქტი ერთია, ჯანდაცვის სფერო იყო და არის ჩვენი ქვეყნის აქილევსის ქუსლი.

resonancedaily.com

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …