ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სხვადასხვა სფეროში ძალიან აქტუალურია, თუმცა შეიძლება ითქვას, რომ ჯანდაცვაში მას განსაკუთრებული როლი ენიჭება. არსებული ინფორმაციით, პანდემიის დროს ხელოვნური ინტელექტის გამოყენება ჯანდაცვის სექტორში 43%-ით გაიზარდა.
ეს ტენდენციები ინერგება საქართველოშიც, სადაც ტელემედიცინის პროექტის ფარგლებში ეწყობა ამბულატორიები.
პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონების მოსახლეობისთვის, რომლებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, სხვადასხვა პროფილის ექიმების კონსულტაციები დისტანციურად მიიღონ. ასევე ამ მიმართულებით ხორციელდება სხვადასხვა კომერციული პროექტი.
ტელეკლინიკა mydoc-ის მმართველი პარტნიორის ირაკლი სასანიას განცხადებით, ხელოვნური ინტელექტი მედიცინაში – ესაა მონაცემთა ძალიან დიდი ბაზის სტრუქტურირება. მისი განმარტებით, ხელოვნური ინტელექტი სპეციალური ალგორითმების საშუალებით ახდენს არსებული სამედიცინო ინფორმაციის დალაგებას და ანალიტიკას.
„ხელოვნური ინტელექტი ძალიან სწრაფია და დიაგნოსტიკაში გამორიცხავს სუბიექტურ ფაქტორს. იგი არის ხარჯთეფექტური და ძალიან კარგი დამხმარე საშუალებაა როგორც დიაგნოსტირების, ისე მკურანალობისა და ახალი წამლების და ვაქცინების გამოგიონების პროცესში,“- განაცხადა სასანიამ.
mydoc-ის პარტნიორის მამუკა მონავარდისაშვილის თქმით კი, ხელოვნური ინტელექტი ძალიან ინტენსიურად გამოიყენება რადიოლოგიაში – მაგალითად, სწრაფად ვითარდება ე.წ. კომპიუტერული მხედველობა, ეს მონაცემები უხვად მოიპოვება, მარტივად ხდება ამ მიმართულებით ხელოვნური ინტელექტის დატრენინგება და ამ სამედიცინო გამოსახულებებში ანომალიების და ავადმყოფობების ამოცნობა უფრო სწრაფად და ეფექტიანად ხდება.
„არის უბრალო, ციფრული ფონეიდოსკოპი, რომელიც ფილტვების მოსმენისას ხმოვან ფაილებს იწერს, აგზავნის ღრუბლოვან პლატფორმაზე, სადაც მუშავდება და ხდება პასუხის დაბრუნება – მაგალითად, ესაა სველი ხიხინი თუ მშრალი. ეს პასუხი 30%-ით უფრო ზუსტია, ვიდრე პროფესიონალური პედიატრის მიერ დიაგნოსტირებული. შეიძლება თვალის ფსკერის შეფასებაც,“- განაცხადა მონავარდისაშვილმა.
მედიცინაში ხელოვნური ინტელექტი შემდეგი პრინციპით მოქმედებს: მასში გაერთიანებულია ყველა კვლევა და ნაშრომი. როგორც კი ადამიანი მასში სიმპტომს, მაგალითად თავის ტკივილს შეიყვანს, სისტემა წამის მეათასედში 3500 წყაროს აანალიზებს და პაციენტს უბრუნებს კითხვას -ტკივილი მწვავე იყო, მოჭერითი თუ სხვა სახის? მაგალითად, წელის ტკივილზე შეიძლება პროგრამამ გითხრათ, რომ ფეხის წვერებზე დადგეთ და დააკვირდეთ, გაგიძლიერდათ თუ არა ტკივილი. შესაბამისად, სისტემა მომხმარებელს შესაძლო დიაგნოზების ვარიანტებს შესთავაზებს,“ – განაცხადა სასანიამ.
მისი თქმით, 2022 წელს, ლიბერთი ბანკმა ტელეკლინიკა MyDoc-თან ერთად, უფროს თაობაზე ზრუნვის ახალი პროექტი წამოიწყო.
პროექტის ფარგლებში, უფროსი თაობის ადამიანებისთვის მობილური კლინიკების მეშვეობით, დისტანციურად გახდა შესაძლებელი მაღალტექნოლოგიური, სამედიცინო დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარება.
გასულ წელს, უახლესი სამედიცინო აპარატურით აღჭურვილმა მობილურმა კლინიკებმა საქართველოს 7 რეგიონი მოიარა და 167 სოფელში 1660 მომხმარებელს გაუწია სამედიცინო მომსახურება.
ლიბერთისა და “ტელეკლინიკა MyDoc”-ის ერთობლივმა პროექტმა, გაეროს გლობალური შეთანხმების ქსელის კორპორაციული პასუხისმგებლობის კონკურსში გაიმარჯვა.
„პროგრამა აგროვებს 19-მდე სხვადასხვა პარამეტრს, ეს ინფორმაცია მყისიერად ინახება პაციენტის საქაღალდეში და ადამიანს შეუძლია დისტანციურად დაელაპარაკოს ნებისმიერ სპეციალისტს, რომელიც ამ მასალებს ხედავს.
ასევე შესაძლებელია ეს ინფორმაცია სხვა სპეციალისტთან გადამოწმდეს. ხელოვნური ინტელექტის უფრო კარგად გამოყენებისთვის, აუცილებელია, რაც შეიძლება დიდი მონაცემთა ბაზები შეიქმნას,“- განაცხადა სასანიამ.