საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებას (GIZ) შორის – „შრომითი მიგრაციის სფეროში თანამშრომლობის შესახებ“ ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა.
დოკუმენტს ხელი მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიამ, GIZ-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონული ოფისის დირექტორმა მარი შეფერმა და GIZ-ის პროგრამის „მიგრაცია განვითარებისთვის“ დირექტორი რალფ ზანფტენბერგმა მოაწერეს.
მემორანდუმი სამი წლის ვადით გაფორმდა და ითვალისწინებს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და GIZ-ის თანამშრომლობას – შრომის ბაზრისა და მიგრაციის მართვის, შრომითი მიგრაციის პოლიტიკის სრულყოფის და დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის ორგანიზების საკითხებზე.
კერძოდ, მემორანდუმის მიზანს წარმოადგენს: დროებითი ლეგალური (ცირკულარული) შრომითი მიგრაციის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის სრულყოფა, შრომითი მიგრაციის მონაცემთა ბაზისა და მისი მართვის მეთოდოლოგიების შემუშავება, „შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელების ხელშეწყობა.
„შრომითი მიგრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის მიზანია საქართველოში შეიქმნას შრომითი მიგრაციის მარეგულირებელი ეფექტური საშუალებები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ქვეყანაში ლეგალური შრომითი მიგრაციის განვითარებასა და გამორიცხავენ არალეგალური შრომითი მიგრაციისა და ტრეფიკინგის შემთხვევებს.