ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტო ზუგდიდის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსებული დევნილების მიერ გამართულ საპროტესტო აქციას ეხმაურება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოში განუცხადეს, აღნიშნულ ოჯახებს საარსებო შემწეობები არ შეწყვეტიათ, არამედ მათ დროებით შეუჩერდათ სოციალური დახმარებები, რათა მათი გეგმიური გადამოწმება მოხდეს.
“გვინდა მცირედი განმარტება გავაკეთოთ, იმ საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით, რომელსაც ზუგდიდის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში განთავსებული დევნილები მართავენ. ამ ოჯახებს საარსებო შემწეობები არ შეწყვეტიათ – მათ დროებით შეუჩერდათ სოციალური დახმარებები, რათა მათი გეგმიური გადამოწმება მოხდეს”, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
როგორც სააგენტოში განმარტავენ, მსგავს გადამოწმებებს სოციალური მომსახურების სააგენტო კანონით დადგენილ ვადებში – 4 წელიწადში ერთხელ, ეტაპობრივად ახორციელებს.
“ამ კომპაქტურ ჩასახლებაში უკვე გადამოწმდა რამდენიმე ოჯახი და მათ უკვე მიიღეს დაბალი სარეიტინგო ქულა, შესაბამისად, მოიპოვეს საარსებო შემწობის მიღების უფლება. პარალელურად მიმდინარეობს კიდევ 15-მდე ოჯახის შესწავლა. მათი ქულის დათვლის შემდეგ, დაბალქულიან ოჯახებს კვლავ აღუდგებათ საარსებო შემწეობა.
გარდა ამისა, ეს ოჯახები სახელმწიფოსაგან თანხის გარეშე არ რჩებიან, რადგან დევნილის სტატუსის მქონე პირები ამ ხნის განმავლობაში აუცილებლად მიიღებენ დევნილის შემწეობას – 45 ლარს”, – აცხადებენ სოციალური მომსახურების სააგენტოში.
ზუგდიდის რესპუბლიკური საავადმყოფოს ყოფილ შენობაში ჩასახლებული დევნილები მესამე დღეა აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები სოციალური დახმარების აღდგენას ითხოვენ, რომელიც, მათივე განმარტებით, 60-მდე ოჯახს 7 იანვარს 3 თვით, გადამოწმების მიზნით შეუჩერეს.