ჯანდაცვის სამინისტრომ „სამედიცინო კორპორაცია ევექსს“ ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, სამინისტროს წარმომადგენლობითი ჯგუფი შუახევის კლინიკის 24–საათიან მონიტორინგს განხორციელებს.
ამ ზომების გატარება „ევექსის“ მიმართ ჯანდაცვის სამინისტროს შუახევში მდებარე, „ევექსის“ კუთვნილ კლინიკაში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შემდეგ მოუხდა.
დღეს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ცალსახად გამოიკვეთა დარღვევები სამედიცინო დაწესებულების მხრიდან.
„შუახევთან დაკავშირებით ცალსახად გამოკვეთა სანებართვო ვალდებულებების დარღვევა, რისთვისაც უკვე განხორციელდა შესაბამისი ქმედება, და დაჯარიმდა ეს დაწესებულება. რაც შეეხება იმას, რომ მოქმედმა გადაწყვეტილებებმა რისკები გაზარდა პაციენტის მოვლისთვის, ესეც ცალსახად არის დადასტურებული.
მქონდა შეხვედრა ერთერთი მიმართულების ხელმძღვანელთან, უკვე გვაქვს შეთანხმება, რომ ამ კლინიკებში აუცილებლად, 24–7 ზე რეჟიმში იქნებიან შესაბამისი სპეციალისტები და ეს მოლაპარაკებები გაგრძელდება იმისთვის, რომ ეს შეთანხმება სტაბილურად იყოს და უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება,“ – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა დღეს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე, ჟურნალისტებთან საუბარში.
მისი თქმით, მონიტორინგი დიდი ხნით ადრე დაიწყო და ამ პროცესში ჩართულია აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო, შესაბამისად ბოლო დღეებში კლინიკაში ექიმები იკმყოფებიან და მინისტრი გამოთქვამს იმედს, რომ ეს ასე გაგრძელდება.
3 მაისს, „ევექსის“ შუახევის კლინიკაში გარდაიცვალა 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოში საკუთარი ფეხით მივიდა და მხოლოდ იმის გამო დაიღუპა, რომ არც ექიმი და არც რეანიმობილი არ დახვდა.
გარდაცვლილის ახლობლები შუახევის საავადმყოფოს უყურადღებობაში ადანაშაულებენ. როგორც ადგილობრივი თეიმურაზ დავითაძე აცხადებს, მუცლის არეში დაჭრილი დავითაძე მეგობრებმა საავადმყოფოში მიიყვანეს, თუმცა ქირურგი ადგილზე არ იმყოფებოდა და დაჭრილი სისხლისგან დაიცალა.
“საათნახევრის განმავლობაში ქირურგი არ გამოჩენილა. ბავშვი სისხლიდან დაიცალა და დაიღუპა. თუ ჯანდაცვის სამინისტროს უნდა საავადმყოფოების დახურვა ფინანსური კრიზისების გამო, შეუძლია დახუროს თბილისში, სადაც საავადმყოფოები ყველა ფეხის ნაბიჯზეა. შუახევში თითოეული სოფელი დაშორებულია ცენტრთან და აქ საავადმყოფოს დახურვა არის ტრაგედია”, – აღნიშნა თეიმურაზ დავითაძემ.
შუახევში კორპორაცია “ევექსმა” 27 აპრილს საავადმყოფოს სტაციონარული მომსახურება გააუქმა. კლინიკა მხოლოდ ამბულატორიული პრინციპითა და სასწრაფო გადაუდებელი შემთხვევების დროს იმუშავებს.