ჯანდაცვის სამინისტრომ 7 ექიმს სერტიფიკატი შეუჩერა, 8-ს კი წერილობითი გაფრთხილება გაუგზავნა.ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საბჭოს დახურულ სხდომაზე 15 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განიხილეს – ამის შესახებ „კვირას“ კონტროლის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ხუციშვილმა განუცხადა. მისი თქმით, საბჭოს სხდომაზე სულ 7 საკითხი განიხილეს.
„სულ განხილული იყო 7 საკითხი, შესაბამისად, საბჭოს სხდომაზე 15 ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი განვიხილეთ. მათ შორის, ერთ ექიმს სამედიცინო საქმიანობის სერტიფიკატი 4 თვის ვადით შეუჩერდა, 2 ექიმს – სამი თვის ვადით, 1-ექიმს ორი თვის ვადით და სამ ექიმს ერთი თვის ვადით. ამასთანავე, საბჭოს გადაწყვეტილებით, 8 ექიმს წერილობითი გაფრთხილება მიეცა“, – აცხადებს „კვირასთან“ საუბრისას ნინო ხუციშვილი.
როგორც „კვირასთვის“ გახდა ცნობილი, საბჭოს სხდომაზე პაციენტ მაშა ბაღდასაროვას საქმეც განიხილეს. დაზარალებული პაციენტის საჩივრის საფუძველზე, შპს „ტრამვატოლოგის“ ექიმ-ტრავმატოლოგს ტატიანა აკობიას სამი თვის ვადით სერტიფიკატი შეუჩერდა.
როგორც ნინო ხუციშვილმა „კვირასთან“ საუბრისას აღნიშნა, საბჭოს გადაწყვეტილებით, ტრავმატოლოგს ერთთვიანი კვალიფიკაციის კურსის გავლა დაეკისრა. მისი თქმით, მან გადამზადება უნდა გაიაროს და შესაბამისი სერტიფიკატი უნდა წარადგინოს.
შეგახსენებთ, რომ მარიამ ბაღდასაროვმა 27 თებერვალს „კვირას“ პრესკლუბში საყოფაცხოვრებო ტრავმაზე ისაუბრა, რის შედეგად მას იდაყვში ძვლის ამოვარდნილობა ჰქონდა, თუმცა, მიუხედავად ორი ოპერაციისა, პრობლემა უფრო მეტად გამწვავდა და მესამე ოპერაციას საჭიროებს.
მარიამ ბაღდასაროვის განცხადებით, მდგომარეობის გაუარესება პირველი ოპერაციის დროს დაშვებულმა შეცდომამ განაპირობა. მისი თქმით, ოპერაციისას შეტანილი იყო ინფექცია, რომლის შემდეგაც გოგონას ხელი დროსთან ერთად უფუნქციო გახდა. პაციენტმა შპს „ტრავმატოლოგის“ ექიმი ტატიანა აკობია, ვინც მას ოპერაცია გაუკეთა, გულგრილობაში დაადანაშაულა და მის უხეშობაზე ისაუბრა.
„მარჯვენა იდაყვის ძვლის ამოვარდნილობის გამო 2014 წლის 9 სექტემბერს შპს „ტრამვატოლოგში“ ექიმმა ტატიანა აკობიამ გამიკეთა ოპერაცია, იდაყვის ძვლის ჩაყენება და ოსტესინთეზი მეტალური ჩხირებით. ოპერაციის შემდეგ დამიჩირქდა ხელი. ქალბატონი ტატიანა ჩემს ჩივილებს ყურადღებას არ აქცევდა და შეურაცხყოფას მაყენებდა. ამის გამო კატეგორიული უარი ვთქვი მასთან მეორე ოპერაციის გაკეთებაზე.
მეორე ოპერაცია სხვა ექიმმა, ბატონმა ნუგზარ იარაჯულმა გამიკეთა, ამომიღო ჩხირები, რისთვისაც მას მადლობას ვუხდი. ამ ორი ოპერაციის შემდეგ კი მაქვს საშინელი ტკივილები, ვღებულობ ტკივილგამაყუჩებლებს. ჩავიტარე გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ აუცილებელია მესამე ოპერაცია“, – ამბობს მარიამ ბაღდასაროვი.
მარიამ ბაღდასაროვმა რამდენიმე თვის წინ განცხადებით ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო რეგულირების სააგენტოსაც მიმართა.
სწორედ ეს საჩივარი განიხილეს, გუშინ ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის რეგულერების სააგენტოს საბჭოს დახურულ სხდომაზე, სადაც ექიმ-ტრავმატოლოგს ტატიანა აკობიას სამი თვის ვადით ექიმის საქმიანობა შეუჩერდა.