ჯანდაცვის სამინისტრომ სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე რეფორმის შედეგები შეაჯამა. უწყებამ ინფექციურ კონტროლზე თბილისში მდებარე 10 მთავარი სამედიცინო დაწესებულების მდგომარეობა შეისწავლა.
“გამოიკვეთა მნიშვნელოვანი ხარვეზები , თუმცა ეს ხარვეზები არის საორგანიზაციო ხასიათის და მისი გამოსწორება არ უკავშირდება რაიმე ფინანსურ დანახარჯებს”, – აცხადებს დავით სერგეენკო.
მინისტრის მოადგილის ნინო ბერძულის განცხადებით, სამედიცინო დაწესებულებების გარე ინფრასტრუქტურისა და სამედიცინო ნარჩენების მართვის კრიტერიუმებს კლინიკების მხოლოდ 40% აკმაყოფილებს. ნარჩენების შესაგროვებელი სათანადო ინფრასტრუქტურა არ გააჩნია კლინიკების 40%-ს. ნინო ბერძულის თქმით, პრობლემური იყო ასევე თეთრეულისა და სამედიცინო აღჭურვილობის რეცხვის საკითხი, რა კრიტერიუმსაც სამედიცინო დაწესებულებების მხოლოდ 30% აკმაყოფილებს.
“ყველაზე დიდი პრობლემა იყო სუფთა და ჭუჭყიანი თეთრეულის გადაკვეთის პრევენციის უზრუნველყოფა. სამრეცხაოში ჭუჭყიანი თეთრეულის მიღება და სუფთა თეთრეულის გაცემა. ჩვილ ბავშვთა თეთრეულის იზოლირებულად რეცხვა. ყველაზე მეტად ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება გაუჭირდათ კლინიკებს”, – აცხადებს ნინო ბერძული.
მისი თქმით, ინფექციის კონტროლის ღონისძიებების ორგანიზების მხრივ კრიტერიუმი მხოლოდ 10% -მა დააკმაყოფილა. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალის უსაფრთხოებას, მოთხოვნებს კლინიკების მხოლოდ 20% ასრულებს. ბერძულის თქმით, მონიტორინგის პროცესში გამოიკვეთა, რომ კლინიკებს ძირითადად არ გააჩნდათ დამცავი საშუალებების საკმარისი რაოდენობა, ხოლო პერსონალის 70%, რომლებიც მაღალი რისკის განყოფილებებში მუშაობენ, არ არიან აცრილი B ჰეპატიტზე.
როგორც დავით სერგეენკო აცხადებს, ორშაბათიდან გაიხსნება საკონსულტაციო ცენტრი, რომელიც კონცენტრირებული იქნება ინფექციების კონტროლის საკითხებზე.
“მას შემდეგ რაც დავეხმარებით კლინიკებს აღნიშნული ხარვეზების გამოსწორებაში, შეიქმნება ასევე პორტალი, სადაც სამედიცინო დაწესებულებების შესახებ ამ კრიტერიუმების მიხედვით ინფორმაცია განთავსდება. პაციენტს შეეძლება ნახოს სამედიცინო დაწსებულებების მდგომარეობა, რაც მათ კლინიკების არჩევისას გადაწყვეტილების მიღებას გაუადვილებს”, – აცხადებს დავით სერგეენკო.