ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, შესადგენია იმ ადამიანების ბაზა, რომლებიც როგორც კერძო დაზღვევის, ისე სახელმწიფო დაზღვევის გარეშე დარჩნენ.
მინისტრის თქმით, ამ ბაზის შედგენის შემდეგ, ჯანდაცვის სამინისტრო ასეთ ადამიანებს სახელმწიფო დაზღვევის მინიმალური პაკეტით, ან ინდივიდუალური დახმარებით უზრუნველყოფს.
“საყოველთაო ჯანდაცვის არსი არის ის, რომ სახელმწიფომ 100%-ით უზრუნველყოს ამა თუ იმ პირის სამედიცინო მომსახურება. კერძო დაზღვევით დღეს, მოსახლეობის დაახლოებით, 15-17% სარგებლობს. ისინი თვითონ უზრუნველყოფენ სადაზღვევო პაკეტის შეძენას. დანარჩენ ნაწილზე სახელმწიფო ზრუნავს.
თუმცა ამ ბაზების მალე განახლებაა საჭირო, რადგან რამდენიმე ათასი ადამიანი დარჩა, რომელსაც აღარ აქვს კერძო დაზღვევა და ასევე რამდენიმე ათასია, რომელიც როგორც სახელმწიფო, ისე კერძო დაზღვევით ერთდროულად სარგებლობს”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისი თქმით, ამ ბაზების ერთმანეთთან დადარებით, სახელმწიფო თანხების დაზოგვას მიაღწევს, რომელიც გადამისამართდება იმ ადამიანების მეტი კეთილდღეობისთვის, რომლებიც დარჩნენ როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო დაზღვევის გარეშე.
“სახელმწიფომ შეიძლება მხოლოდ მინიმალური პაკეტი და ინდივიდუალური დახმარება უზრუნველყოს”, – განაცხადა სერგეენკომ.