მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ჯანდაცვის სამინისტრო ახალი ფარმაცევტული კომპანიის ლობირებას უარყოფს
ჯანდაცვის სამინისტრო ახალი ფარმაცევტული კომპანიის ლობირებას უარყოფს

ჯანდაცვის სამინისტრო ახალი ფარმაცევტული კომპანიის ლობირებას უარყოფს

ჯანდაცვის სამინისტრო ავსტრიული ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებით პირველ კომენტარს „კომერსანტთან” აკეთებს. საუბარია კომპანია „ჰუმანიტი ჯორჯიაზე”, რომელიც, გავრცელებული ინფორმაციით, ქართულ ბაზარზე შემოსვლისთვის ემზადება და მისი კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიციების მართვაა. 

ამ კომპანიის მიმართ ბაზარზე არსებული მოთამაშეების მხრიდან უკვე ეჭვები გაჩნდა, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს კომპანია ხელისუფლების წრეებიდან ლობირებით სარგებლობს.

მათი თქმით, თუ სხვა კომპანიას დასარეგისტირებლად 5 თვე სჭირდება, „ჰუმანიტი ჯორჯიას” ეს ვადა არ შეეხო და მისი დარეგისტრირება ძალიან მოკლე ვადებში მოხდა. მათ ეჭვს იწვევს მედიკამენტების ფასი და ხარისხიც. მწარმოებლები აცხადებენ, რომ  ეს არის ავსტრიული კომპანია, რომელიც ინდური წარმოების, იაფფასნიან  პრეპარატებს არეგისტრირებს.

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული საქმიანობის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსი ნანა შაშიაშვილი „კომერსანტთან”  „ჰუმანიტი ჯორჯიას” სახელმწიფოს მხრიდან ლობირებას უარყოფს. მისი თქმით, აღნიშნული კომპანიის მიერ სააგენტოში წარმოდგენილ იქნა განცხადებები წამლის რეგისტრაციასთან დაკავშირებით. ამ დოკუმენტაციის და გავლილი ექსპერტიზის საფუძველზე, დღეს დარეგისტრირებულია 55 დასახელების ფარმაცევტული პროდუქტი.

შაშიაშვილი აცხადებს, რომ „ჰუმანიტი ჯორჯიას” საქართველოს ბაზარზე დაშვება წამლის კანონის მოთხოვნათა შესაბამისობის სრული დაცვით მოხდა. შეკითხვაზე, რა ვადაში მოხდა კომპანია „ჰუმანიტი ჯორჯიას” დარეგისტრირება, შაშიაშვილი კონკრეტულ პასუხს არ იძლევა და ზოგადი ინფორმაციით შემოიფარგლება. მისი თქმით, რეგისტრაციის ვადები კანონით არის განსაზღვრული. შედეგად, მედიკამენტი 3 თვის ვადაში რეგისტრირდება, თუ მას წარმოდგენილ დოკუმენტაციაში ხარვეზი არ გამოუვლინდება. რეგისტრაციის ვადა მხოლოდ ხარვეზის შემთხვევაში იზრდება.

მისი განმარტებით, „ჰუმანიტი ჯორჯიას” შემთხვევაში პრობლემა არ იყო, შესაბამისად, რეგისტრაციაც კანონით დადგენილ ვადებში მოხდა.

რაც შეხება ხარისხს, შაშიაშვილის თქმით, გამოთქმული იყო მოსაზრება, რომ ეს მედიკამენტები ინდური წარმოშობის მედიკამენტებს წარმოადგენს. მისი განმარტებით, ინდოეთის ბაზრიდან სამინისტროს არაერთი მედიკამენტი აქვს დარეგისტრირებული, მათ შორის ინდოეთიდან სამკურნალო საშუალების იმპორტს ახდენენ ისეთი დიდი კომპანიები,როგორებიცაა „ჯიპისი” , „ავერსი” და ასე შემდეგ. ეს მედიკამენტები კი უხარისხო არ არის და ინდური წარმოშობით აპელირება და უხარისხოსთან გაიგივება არ შეიძლება.

„დღეს ბაზარზე, სულ 981 დასახელების ინდური წარმოშობის მედიკამენტია დაშვებული. მაგალითად, „ავერსი რაციონალის” მიერ წარმოებული 262 დასახელებიდან 108 დასახელებისთვის დაუფასოებელი ფარმაცევტული პროდუქტის მწარმოებელი ინდური კომპანიებია”- აცხადებს შაშიაშვილი.

მისი თქმით, „ჰუმანიტი ჯორჯიას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციით, მის მიერ შემოტანილი მედიკამენტები წარმოებულია საერთაშორისო პრაქტიკით, GMP-ის მოთხოვნების სრული დაცვით.

„სამინისტრო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ბაზარზე იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო და ეფექტიანი სამკურნალო საშუალებები. „ჰუმანიტი ჯორჯიას” მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ადასტურებს, რომ მედიკამენტების ხარისხი მაღალია, წარმოებულია საერთაშორისო სტანდარტების სრული მოთხოვნით და ასევე წესრიგშია სარეგისტრაციო დოსიე”-აცხადებს შაშიაშვილი.

რა ფასებით შემოვა „ჰუმანიტი ჯორჯია” ბაზარზე და იქონიებს თუ არა ეს გავლენას სხვა კომპანიების მიერ იმპორტირებულ პროდუქციის ფასებზე? ”კომერსანტის” ამ შეკითხვაზე შაშიაშვილი მხოლოდ იმას აცხადებს, რომ სამინისტრო ახალი კომპანიების შემოსვლას მიესალმება, რადგანაც ხარისხიანი ასორტიმენტის გაზრდა აუცილებლად იქონიებს გავლენას ფასების შემცირებაზე. რაც შეეხება „ჰუმანიტი ჯორჯიას” მიერ შემოტანილი სამკურნალო საშუალებების ფასს, ამას კომპანია გადაწყვეტს, რადგან სამინისტრო და სააგენტო ბიზნესზე არანაირ გავლენას არ ახდენს.

შაშიაშვილი აცხადებს, რომ „ჰუმანიტი ჯორჯიამ” რაც არ უნდა დაბალი ფასი დააწესოს, მისი წილი ჯენერიკულ მედიკამენტების იმპორტში ძალიან მცირეა და საეჭვოა, რაიმე გავლენა მოახდინოს.

„სტატისტიკით, 2015 წელს საქართველოში რეგისტრირებულია 586 დასახელების ჯენერიკული სამკურნალო საშუალება, „ჰუმანიტი ჯორჯიას” მიერ დარეგისტრირებული პროდუქცია ძირითადად ჯენერიკულია. დიდ კომპანიებთან მიმართებაში მათი წილი მნიშვნელოვნად მცირეა, რაც არ იძლევა ბაზარზე გადაფარვის ან რაიმე გავლენის მოხდენის საშუალებას. მაგალითად, კომპანია „ჯიპისის” მიერ რეგისტრირებულია 83 ჯენერიკული მედიკამენტი, „ეიბისი ფარმაციის” მიერ 92 მედიკამენტი, „ჰუმანიტი ჯორჯიას” მიერ კი 55 დასახელების. ჯამში, საქართველოს ბაზარზე რეგისტრირებული გვაქვს 11 381 ფარმაცევტული მედიკამენტი”-აცხადებს შაშიაშვილი.

ექსპერტი ფარმაცევტულ საკითხებში თინა ტურძილაძე აცხადებს, რომ ახალი კომპანიის ბაზარზე შემოსვლა კარგია, თუმცა, თუ ის დაბალხარისხიანი ჯენერიკების იმპორტით იქნება დაკავებული, ეს რა თქმა უნდა ცუდია. მისთვის „ჰუმანიტი ჯორჯიას” სასაქონლო პორტფელის შესახებ ინფორმაცია ცნობილი ამ დროისთვის არ არის.

რაც შეეხება იმას, გამოიწვევს თუ რა მის მიერ შემოტანილი იაფფასიანი ჯენერიკები ბაზარზე მედიკამენტების გაიაფებას და რა მექანიზმით მოხდება ეს, ტურძილაძე აცხადებს, რომ დაბალი ფასი პირობითია. ჩვენი სამომხმარებლო ბაზარი ხასიათდება ფასის არმარტო მაღალი ინდექსით, არამედ ფასნმატის მაღალი მარჟითაც.

ექსპერტის განმარტებით, თუ ეს მარჟა ამ კომპანიას დაბალი ექნება და თუ ის ამ გზით აპირებს მედიკამენტების გაიაფებას, ცხადია, ის რეალურ პრობლემას შეუქმნის ბაზრის იმ მოთამაშეებს, ვინც ფასის მარჟას არ დაწევენ.

„ამ გზით ის მათ აიძულებთ ფასი დაწიონ. რაც შეეხება სახელმწიფოს ლობირებას, ეს რა თქმა უნდა სწორი არ არის. სახელმწიფო არ უნდა ლობირებდეს რომელიმე მოთამაშის შემოსვლას, ეს ცუდი თამაშია”-აცხადებს ტურძილაძე.

მუშაობენ თუ არა მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები მოგების მაღალ მარჟაზე და აიძულებთ თუ არა მათ ავსტრიული კომპანიის ბაზარზე გამოჩენა ფასების  შემცირებას? ფარმაცევტული კომპანია “PSP”-ს დამფუძნებელი კახა ოქრიაშვილი აცხადებს, რომ მისი კომპანიის პორტფოლიოში ყველანაირი ფასის მედიკამენტია. არის როგორც იაფიანი, ისე საშუალო და ძვირიანიც. შედეგად, ის ეჭვს გამოთქვამს, რომ რომელიმე კომპანიამ შეძლოს მომხმარებლისთვის რაიმე განსაკუთრებული ფასის და ხარისხის შეთავაზება.

ოქრიაშვილის განცხადებით, იმაზე აპელირება რომ მსხვილი კომპანიები მოგების მაღალ მარჟაზე მუშაობენ, არ არის სწორი, რადგან მაგალითად კომპანია “PSP-მ წელს მოგებაზე საერთოდ უარი თქვა.

„ახლა უმდაბლესი მარჟებით ვმუშაობთ. ალბათ დაავიწყდათ ბაზრობებზე 300 პროცენტიანი მარჟებით რომ იყიდებოდა”- აცხადებს ოქრიაშვილი.

რაც შეეხება „ჰუმანიტი ჯორჯიას” მიერ იმპორტირებული მედიკამენტების ხარისხს, ოქრიაშვილი მის შემოწმებას კომპანია “PSP”-ს ლაბორატორიაში გეგმავს.

მისი ინფორმაციით, „ჰუმანიტი ჯორჯია” ავსტრიაში ქართველების მიერ დაფუძნებული კომპანიაა და მას ჯანდაცვის სამინისტრო ლობირებს.

„სამწუხაროა, რომ სამინისტრო ლობირებს არა ფასებს, არამედ კერძო კომპანიას. ხომ შეიძლებოდა ადგილობრივ კომპანიებთან მოლაპარაკებები გაემართა, დავმსხდარიყავით და განგვეხილა ფასების გაიაფებაც და ყველაფერი. ეს არ გააკეთეს, რაც სამწუხაროა. სამედიცინო სფეროში მომუშავე მსხვილ კომპანიებს უჭირთ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაცია. ეს არაჯანსაღი სიტუაციაა”- აცხადებს ოქრიაშვილი.

მისივე თქმით,  მედიკამენტების ხარჯის შემცირების ერთადერთი გზა არის საყოველთაო დაზღვევა, მასში მედიკამენტების ჩართვით. ეს გზა გაიარა ყველა ქვეყანამ, ვისაც დღეს წარმატებული ჯანდაცვა აქვს.

კომპანია „ჰუმანიტი ჯორჯია” საქართველოში წელს დარეგისტრირდა და მას უკრაინის მოქალაქე ანდრეი კუზმა ხელმძღვანელობს. მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი ვენაში რეგისტრირებული Humanity Holding GmbH-ია, რომელსაც ვინმე ნორბერტ კუდერი ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს. კომპანიის ძირითადი საქმიანობა ყიდვა-გაყიდვა და ინვესტიციების მართვაა.

აღსანიშნავია, რომ ჯენერიკული მედიკამენტების გაიაფებაზე მთავრობა მიმდინარე წლის აგვისტოში ალაპარაკდა.

ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა, რომ შემოდგომიდან მთელ რიგ მედიკამენტებზე ფასების შემცირება იგეგმება. მისმა მოადგილემ ზაზა სოფრომაძემ რამდენიმე დღის წინ ამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, რომ ჯენერიკებზე, იგივე ძირითადი მოხმარების მედიკამენტებსა და გადაუდებელი მოხმარების წამლებზე ფასები დაიწევს და გარკვეული შეღავათების დაწესებაც იგეგმება.

“რა ფორმით მოხდება ეს და რამდენით შემცირდება ამ მედიკამენტებზე ფასი, ბუნებრივია, ამაზე საუბარი ნაადრევია. გიდასტურებთ, რომ ამ პრობლემაზე მუშაობა მიმდინარეობს და წლის ბოლომდე აუცილებლად მოხერხდება ფასების დაწევა”-აცხადებდა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …