28-29 ნოემბერს, გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) მხარდაჭერით, ჯანდაცვის მუშაკებისთვის, ქალთა მიმართ ფიზიკური, ფსიქოლოგიური და სექსუალური ძალადობის გამოვლენის, მკურნალობის პრინციპებისა და რეფერალის საკითხზე ტრენინგი ჩატარდება.
როგორც “ინტერპრესნიუსს” ფონდიდან აცნობეს, ორდღიანი ტრენინგი სასტუმროში “ამბასადორი” (კაჭრეთში), საერთაშორისო კამპანიის “16 დღიანი კამპანია გენდერული ძალადობის წინააღმდეგ” ფარგლებში ტარდება.
“კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის ყველა ფორმის აღმოფხვრას საზოგადოების ცნობიერების ამაღლებით და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის მხარდაჭერით, შესაბამისი პოლიტიკის გატარების და ეროვნული და ადგილობრივი პროგრამების გაძლიერების ადვოკატირებით”, – აცხადებენ ფონდში.
მათივე ინფორმაციით, ტრენინგში მონაწილეობას მიიღებენ პირველადი ჯანდაცვის რგოლის ექიმები და მეან-გინეკოლოგები თბილისიდან და კახეთის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან.
“სწავლება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა გენდერული ნიშნით ძალადობის აღქმა, ჯანდაცვის სისტემის როლი გენდერული ნიშნით ძალადობის დაძლევაში, გენდერული ნიშნით ძალადობის იდენტიფიცირება ჯანდაცვის სისტემაში, ზრუნვა, რეფერირება. ტრენინგი ტარდება სპეციალური სასწავლო მოდულის გამოყენებით, რომელიც გაეროს მოსახლეობის ფონდის მხარდაჭერით ავსტრიულმა ორგანიზაციამ WAVE-მა (Women Against Violence Europe) შეიმუშავა ადგილობრივი ექსპერტების მონაწილეობით”, – აღნიშნავენ გაეროს მოსახლეობის ფონდში.
როგორც UNFPA-ში განმარტავენ, ჯანდაცვის სისტემის ჩართულობის გაძლიერება ქალთა მიმართ ძალადობაზე საპასუხოდ 2016-2020 წლებში გაეროს საქართველოსთან თანამშრომლობის გეგმის ნაწილია.
“ეს ღონისძიება პირველი ნაბიჯია ამ მიმართულებით, რაც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდთან მჭიდრო თანამშრომლობით ჯანდაცვის სისტემის ჩართვის გაძლიერებით ხელს შეუწყობს ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ეროვნული რეფერალური მექანიზმის გაძლიერებას”, – აღნიშნავენ UNFPA-ში.