შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ გახსნამდე, ზუგდიდში ახალაშენებული ჰეპატიტის მართვის ცენტრი დაათვალიერა, იქ არსებულ მდგომარეობას პირადად გაეცნო და შენობის დასრულების, ასევე არსებული ხარვეზების გამოსწორებისთვის კომპანიას 10 დღის ვადა მისცა.
მან სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელს ხელშეკრულებით აღებული ვალდებულების შესრულება მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში კი კონტრაქტის გაწყვეტის შესახებ მისცა გაფრთხილება.
სამეგრელოს რეგიონში მდებარე სკრინინგისა და მართვის ცენტრი ახლომდებარე რაიონების მოსახლეობას მოემსახურება. ადგილზე სერვისების სრული სპექტრი იქნება წარმოდგენილი და ცენტრში სკრინინგი, პროგრამაში ჩასართავი კვლევები, მკურნალობა და შემდგომი მონიტორინგი განხორციელდება.
C ჰეპატიტის მართვის პირველი ცენტრი თბილისში ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით მეორე ცენტრისთვის ზუგდიდის მუნიციპალიტეტი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლის გამო შეირჩა.
ზუგდიდში, C ჰეპატიტის სკრინინგისა და მართვის ცენტრის მშენებლობა 2016 წლის აგვისტოში დაიწყო და ნოემბერში უნდა დასრულებულიყო.
Jandacvis Saministro