მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლების განვადების პროექტს ნეგატიურად აფასებს
თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს. ზოგადად, მე ამის მომხრე არ ვარ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლების განვადების პროექტს ნეგატიურად აფასებს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ რამდენიმე თვის წინ მედიკამენტების ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე ისაუბრა და ერთ-ერთ წინაპირობად ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკების იმპორტის ხელშეწყობა და მათი სეგმენტის გაფართოება დაასახელა.

ამასთან, ისიც განაცხადა რომ  პირველადი მოხმარების მედიკამენტები ზამთრის დადგომამდე გაიაფდებოდა. თუმცა ფასების შემცირება არ მომხდარა. აღნიშნული დაპირება ხუთშაბათს მინისტრმა კიდევ ერთხელ გასცა. მისივე თქმით, მომავალი თვის განმავლობაში შესაძლებელია რომ ეს პროექტი დაიწყოს.

რაც შეეხება, მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარცხელია განმარტავს:

„ფასების შემცირება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში სხვადასხვა ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლისა. ძალიან ბევრი დღეს არსებული ფარმაცევტული კომპანია ამის წინააღმდეგია, ვატყობ მე ამას მათ გამონათქვამებში. მათ ძალიან აწუხებთ ეს საკითხი. მინდა ძალიან კონკრეტულად გიპასუხოთ:

არავინ არავის არ ლობირებს და ამას არც აპირებს. ქვეყანაში შექმნილია ისეთი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები, რომ ძალიან ბევრ კომპანიას ქვეყანაში შემოსვლა მოუნდა. ჩვენ ამას სიამოვნებით მივიღებთ, მობრძანდნენ, იმუშაონ და როცა კონკურენცია იქნება, ფასებიც დარეგულირდება. ფასების შემცირებაზე ჯენერიკების თემა მიბმულია. მათი რაოდენობა თუ გაიზრდება, ფასებიც შემცირდება. ჯენერიკები დღესაც შემოდის ქვეყანაში და თან ძალიან დიდი რაოდენობით. ის კომპანიები, რომლებიც ვითომ ებრძვიან ჯენერიკებს, თავიანთ პორტფელში ეს პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ. ასე რომ, ჩვენ ახალს არაფერს არ ვაკეთებთ”.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე მედიკამენტების განვადების საკითხსაც შეეხო. პროექტი, რომელსაც  კომპანია „ჯიპისი” ახორციელებს მან ნეგატიურად შეაფასა:

„მე არ ვარ ამის მომხრე. ჩვენ ამის მაგალითი გვქონდა, როცა პენსიებიდან აძლევდნენ განვადებებს. ამის გამო უამრავი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს. ზოგადად, მე ამის მომხრე არ ვარ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ არ ვერევით კომპანიების ბიზნეს პროექტებში. ამიტომ, მათ აქვთ უფლება, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება, დააანონსონ და დაიწყონ”.

ეს არის კომპანიის სოციალური პროექტი თუ მარკეტინგული სვლა, მინისტრის მოადგილეს მიაჩნია, რომ  თუ კომპანია მედიკამენტს უპროცენტო განვადებით გასცემს, მაშინ შეიძლება ეს  სოციალურ პროექტად მიიჩნიოს საზოგადოებამ:

  „მსგავსი პროექტი ადრეც იყო, საუბარია სოციალურ სახლებზე. ეს იყო სახალხო ბანკისა და სახალხო აფთიაქის პროექტი, თუმცა, მაშინ ამან ვერ იმუშავა. ახლა მსგავსი, ახალი პროექტის დაწყება სურთ. მე არ ვარ ამ საკითხში ღრმად ჩახედული, უბრალოდ ვიცი იდეა. არ ვიცი, უპროცენტოდ აძლევენ, ან ვინ აძლევს, ან საიდან აძლევენ? ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდა? თქვენ გაქვთ ნანახი? არც მე მაქვს ინფორმაცია. რომ ვნახავ, შემდეგ უფრო მეტის თქმის საშუალება მექნება. ძალიან საინტერესოა დეტალები.

აუცილებელია, ვიცოდეთ ყველა მედიკამენტზე ვრცელდება განვადება თუ მხოლოდ პირველადზე? აქ ორი სხვადასხვა თემაა. თუ ისეთ დასახელებებზეა, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და უნდათ, რომ განვადებით ასეთი წამლები უკეთესად გაყიდონ, ეს სხვა თემაა. მე მსგავსი მოდელი არსად არ გამიგია. ის, რომ სადაზღვევო კომპანიები უფინანსებენ, გასაგები და კარგია. ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოა ამაში ჩართული, ესეც გასაგებია, განვადებით რომ წამალი ვინმეს გაეცეს, ეს მართლა არ ვიცი, არ გამიგია”.

for.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …