მთავარი » კვირის ინტერვიუ » ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლების განვადების პროექტს ნეგატიურად აფასებს
თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს. ზოგადად, მე ამის მომხრე არ ვარ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე წამლების განვადების პროექტს ნეგატიურად აფასებს

ინტერვიუ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელიასთან 

– რესპუბლიკური საავადმყოფოს, ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს ბაზაზე სახელმწიფო კლინიკის ამოქმედება იგეგმება. ამ მიმართულებით სიახლე სიახლეა, რა ეტაპზეა ეს პროექტი? 

– ეს კლინიკები ერთ ჰოლდინგად არის გაერთიანებული. ეკონომიკის სამინისტრომ გადასცა საპარტნიორო ფონდს ,ამ უკანასკნელმა კი გამოაცხადა კონკურსი კლინიკის მართვასა და ოპერირებაზე. ეს კონკურსი ახლა მიმდინარეობს და მისი დასრულება მომავალი წლის იანვრის შუა რიცხვებისთვის იგეგმება.

– ტერიტორიულად სად იქნება ეს კლინიკა? 

– ამაზე საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის, თუმცა საუბარია იმაზე, რომ კლინიკის ერთი ნაწილი იყოს რესპუბლიკური საავადმყოფოს ტერიტორიაზე, მეორე ნაწილი კი ონკოლოგიური ცენტრისა და ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოში. ყველა ამ კლინიკას სამედიცინო პროფილი შეუნარჩუნდება. შედეგად, ახალ კლინიკაში სხვადასხვა მიმართულებები იქნება.

– გაერთიანების შედეგად რომელიმე კლინიკის შენობა გაიყიდება? 

– არა, არცერთი შენობის გაყიდვას არ ვაპირებთ.

– დავით სერგეენკომ გასულ თვეებში რამდენჯერმე განაცხადა, რომ პირველადი მოხმარების მედიკამენტები ზამთრის დადგომამდე გაიაფდებოდა. თუმცა ფასების შემცირება არ მომხდარა. აღნიშნული დაპირება ხუთშაბათს მინისტრმა კიდევ ერთხელ გასცა. მისი თქმით, მომავალი თვის განმავლობაში შესაძლებელია რომ ეს პროექტი დაიწყოს. ანუ მედიკამენტების გაიაფებას ერთ თვეში უნდა ველოდოთ?

– მე მინისტრის ნათქვამს ვერ გავუკეთებ ვერც კორექტირებას, და ვერც სხვა რამეს ვიტყვი. რადგან ამბობს, რომ ერთი თვის განმავლობაში დაიწყება პროცესი, ესეიგი ასე იქნება. მას აქვს მონაცემები და ამ მიმართულებით ჩემზე მეტი იცის.

– ფასები ჯენერიკებზე შემცირდება? 

– ფასების შემცირება პირდაპირპროპორციულია ქვეყანაში ბევრი კომპანიის შემოსვლისა. ძალიან ბევრი დღეს არსებული ფარმაცევტული კომპანია ამის წინააღმდეგია, ვატყობ მე ამას მათ გამონათქვამებში. მათ ძალიან აწუხებთ ეს საკითხი. მინდა ძალიან კონკრეტულად გიპასუხოთ: არავინ არავის არ ლობირებს და ამას არც აპირებს. ქვეყანაში შექმნილია ისეთი საკანონმდებლო ბაზა და რეგულაციები, რომ ძალიან ბევრ კომპანიას ქვეყანაში შემოსვლა მოუნდა. ჩვენ ამას სიამოვნებით მივიღებთ, მობრძანდნენ, იმუშაონ და როცა კონკურენცია იქნება, ფასებიც დარეგულირდება.

ფასების შემცირებაზე ჯენერიკების თემა მიბმულია. მათი რაოდენობა თუ გაიზრდება, ფასებიც შემცირდება. ჯენერიკები დღესაც შემოდის ქვეყანაში და თან ძალიან დიდი რაოდენობით. ის კომპანიები, რომლებიც ვითომ ებრძვიან ჯენერიკებს, თავიანთ პორტფელში ეს პროდუქცია საკმაოდ დიდი რაოდენობით აქვთ. ასე რომ, ჩვენ ახალს არაფერს არ ვაკეთებთ.

– მინისტრმა მედიკამენტების განვადებაზეც ისაუბრა. აღნიშნულ პროექტს, კომპანია „ჯიპისი” ახორციელებს. თქვენ როგორ აფასებთ ამ პროექტს?

– მე არ ვარ ამის მომხრე. ჩვენ ამის მაგალითი გვქონდა, როცა პენსიებიდან აძლევდნენ განვადებებს. ამის გამო უამრავი ადამიანი ძალიან ცუდ დღეში ჩავარდა. თუ პირველადი მოხმარების მედიკამენტებზე ნორმალური ფასები იქნება, არა მგონია განვადების აუცილებლობა დადგეს. ზოგადად, მე ამის მომხრე არ ვარ. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ჩვენ არ ვერევით კომპანიების ბიზნეს პროექტებში. ამიტომ, მათ აქვთ უფლება, რომ ნებისმიერი პროექტი, რომელიც კანონს არ ეწინააღმდეგება, დააანონსონ და დაიწყონ.

– თქვენი მოსაზრებით, ეს არის კომპანიის სოციალური პროექტია თუ მარკეტინგული სვლა? 

– თუ კომპანია მედიკამენტს უპროცენტო განვადებით გასცემს, მაშინ შეიძლება ჩავთვალოთ, რომ სოციალური პროექტია. მსგავსი პროექტი ადრეც იყო, საუბარია სოციალურ სახლებზე. ეს იყო სახალხო ბანკისა და სახალხო აფთიაქის პროექტი, თუმცა, მაშინ ამან ვერ იმუშავა. ახლა მსგავსი, ახალი პროექტის დაწყება სურთ. მე არ ვარ ამ საკითხში ღრმად ჩახედული, უბრალოდ ვიცი იდეა. არ ვიცი, უპროცენტოდ აძლევენ, ან ვინ აძლევს, ან საიდან აძლევენ? ამის შესახებ დეტალები გამოქვეყნდა? თქვენ გაქვთ ნანახი?

– როგორც ვიცი, უპროცენტო განვადებაზეა საუბარი. ჩვენ  ვცდილობთ კომპანიასთან ამ თემაზე დაკავშირებას, თუმცა, უშედეგოდ.

–  არც მე მაქვს ინფორმაცია. რომ ვნახავ, შემდეგ უფრო მეტის თქმის საშუალება მექნება. ძალიან საინტერესოა დეტალები. აუცილებელია, ვიცოდეთ ყველა მედიკამენტზე ვრცელდება განვადება თუ მხოლოდ პირველადზე? აქ ორი სხვადასხვა თემაა. თუ ისეთ დასახელებებზეა, რომელიც ძალიან ძვირადღირებულია და უნდათ, რომ განვადებით ასეთი წამლები უკეთესად გაყიდონ, ეს სხვა თემაა.

– საერთაშორისო გამოცდილება როგორია? მედიკამენტების განვადება მსოფლიო პრაქტიკაა? 

– მე მსგავსი მოდელი არსად არ გამიგია. ის, რომ სადაზღვევო კომპანიები უფინანსებენ, გასაგები და კარგია. ის, რომ ზოგიერთ შემთხვევაში სახელმწიფოა ამაში ჩართული, ესეც გასაგებია, განვადებით რომ წამალი ვინმეს გაეცეს, ეს მართლა არ ვიცი, არ გამიგია.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …