მთავარი » ახალი ამბები » ჯანდაცვის კომიტეტი მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების ინიციატივით გამოდის
ჯანდაცვის კომიტეტი მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცებას ითხოვს და პარლამენტს დადგენილების მიღებას სთავაზობს.

ჯანდაცვის კომიტეტი მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცების ინიციატივით გამოდის

ჯანდაცვის კომიტეტი საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის დამტკიცებას ითხოვს და პარლამენტს სპეციალური დადგენილების მიღებას სთავაზობს.

კომიტეტის ინფორმაციით, საქართველოში მოსახლეობის დაბერება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს – 2010 წელს 4,4 მილიონი ადამიანიდან 14%-ზე მეტი იყო 65 წლის და 65 წელზე მეტი ასაკის, ხოლო ერთი მესამედი – 50 წლის და 50 წელზე მეტი ასაკის. როგორც ჯანდაცვის კომიტეტი განმარტავს, მოსალოდნელია, რომ 2030 წლისთვის ეს ციფრები 21%-მდე და 40%-მდე გაიზრდოს.

”პროგნოზების მიხედვით, საქართველოში დაბადებისას სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა, რომელიც 2010 წელს ქალებისთვის 78 წელი იყო, ხოლო მამაკაცებისთვის – 71 წელი, 2030 წლისთვის ქალებისთვის 80 წლამდე გაიზრდება, ხოლო მამაკაცებისათვის – 73 წლამდე”, – აღნიშნულია პარლამენტში განსახილველად წარდგენილ დადგენილების პროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში ასევე ნათქვამია, რომ დადგენილების მიღების მიზანია დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტული პრინციპების განსაზღვრა, რათა სამომავლოდ, ამ პრინციპების გათვალისწინებით, საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს დაბერების შესახებ ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს ხანდაზმულთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირებას, ასაკობრივად შეუზღუდავი გარემოს შექმნას, მათ სოციალურ, კულტურულ და პოლიტიკურ მონაწილეობას, კომუნიკაციას, თაობათაშორისი სოლიდარობის, ხელშემწყობი გარემოსა და ინსტიტუციური მექანიზმის შექმნას.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

პაციენტების ნაწილისთვის თანაგადახდის მოცულობა შემცირდება – ჯანდაცვის ასოციაციის პოზიცია

ჯანდაცვის სამინისტროს უკვე შემუშავებული აქვს მექანიზმი, რომელმაც „დიარჯის“ ფარგლებში მაღალი თანაგადახდის პრობლემა უნდა მოაგვაროს. ამის …