ჯანდაცვის პლატფორმა ფანასკერტელი ფარმა მონიტორის ფარგლებში ფანასკერტელი აფთიაქის სერიის ივლისის თვის მონაცემების გამოქვეყნებას იწყებს.
ორგანიზაციამ გამოიკვლია და გამოიანგარიშა ჩვილისათვის (1-3 წლამდე) აუცილებელი, რეკომენდებული და ყველაზე მოთხოვნადი მედიკამენტების სია და მათი ფასი.
კვლევის ფარგლებში ჯანდაცვის პლატფორმამ 24 დასახელების მედიკამენტისა და ჩვილისათვის საჭირო მოვლის საშუალებების ფასი შეისწავლა, რაც გადამოწმდა 4 წამყვან სააფთიაქო ქსელში.
მონაცემების შედარების შედეგად დადგინდა, რომ ივლისში, ივნისის თვესთან შედარებით, ჩვილის აფთიაქის შესავსებად 9 ლარით ნაკლებია საჭირო. აფთიაქის ღირებულების კლება რამდენიმე მედიკამენეტზე ფასის კლებამ გამოიწვია.
კონკრეტულად კი: შემცირდა ბამბის ფასი რამოდენიმე თეთრით (1 ლარიდან 0.57 თეთრამდე), შემცირდა წყალბადის ზეჟანგის ფასი 1.25 ლარიდან 0.51 ლარამდე; შემცირდა სპირტის ფასი 1.40 ლარიდან 1.05 ლარამდე, 5 თეთრით შემცირდა აბაზანის თერმომეტრის ღირებულება, საწოვარა 7.40 ლარიდან 5 ლარამდე შემცირდა, დაიკლო საწოვარიანი ბოთლის ფასმაც 10.30 ლარიდან 9.95 ლარამდე, თერმომეტრის ფასი 7.95 ლარიდან 7.15 ლარამდე შემცირდა. რაც შეეხება მედიკამენტებს, შემცირდა პანადოლის ფასი 8.20 ლარიდან 7.98 ლარამდე, ფენისტალი ივლისში 13.31 ლარის ნაცვლად 11.47 ლარი ღირდა.
მოვლის რამდენიმე საშუალებაზე ფასმა მოიმატა. გაძვირდა ყურის ჩხირი. მისი ღირებულება 1.15 ლარიდან 1.35 ლარამდე გაიზარდა, ასევე მოიმატა პუდრის ფასმა 2.15 ლარიდან 4.95 ლარამდე; კრემი საფენქვეშა- მისი ღირებულება გაიზარდა 4 თეთრით, გაძვირდა გვირილაც – მისმა ფასმა 1.25 ლარის ნაცვლად 1.84 ლარი შეადგინა. უფრო დეტალურად კი მედიკამენტების სიისა და ფასის ხილვა შეგიძლიათ ცხრილის სახით.
ინფორმაციისთვის, ფანასკერტელის აფთიაქი შეისწავლის სხვადასხვა სეგმენტის მომხმარებლისათვის საჭირო მედიკამენტებისა და აქსესუარების ღირებულებას და ყოველთვიურ რეჟიმში მიადევნებს თვალს ფასთა ცვლილებას.
ფანასკერტელის აფთიაქი მოიცავს ისეთ ჯგუფებს როგორიცაა: ჩვილის, საბავშვო, ოჯახის, ოფისის, მძღოლის, ტურისტის, პირველადი დახმარების, აგარაკის აფთიაქისთვის საჭირო მედიკამენტები.