მთავარი » კვირის ინტერვიუ » ივანე ჩხაიძე: უახლოეს კვირებში ახალი ვაქცინების შემოტანის პერსპექტივა არ გვაქვს, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩვენთვის დიდი იმედია

ივანე ჩხაიძე: უახლოეს კვირებში ახალი ვაქცინების შემოტანის პერსპექტივა არ გვაქვს, „სინოფარმის“ ვაქცინა ჩვენთვის დიდი იმედია

ინტერვიუ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელთან ივანე ჩხაიძესთან

–  კორონავირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი უკვე 8%-ს გადასცდა. როგორ შეაფასებთ ქვეყანაში არსებულ ეპიდსიტუაციას და როგორ პროგნოზს გააკეთებდით უახლოეს პერიოდისთვის, განსაკუთრებით სადღესასწაულო პერიოდთან დაკავშირებული შესაძლო საფრთხეების გათვალისწინებით?

–    პროგნოზები რთული გასაკეთებელია. რაც შეეხება დღევანდელ ვითარებას, მინდა სამი პარამეტრი მოვიყვანო. დადებითობის მაჩვენებელი ერთერთი სერიოზული პარამეტრია. გარდა ამ მაჩვენებლისა, გაიზარდა ერთ კვირაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა. თუ ერთი თვის წინ, 2 მარტს, ერთ კვირის მონაკვეთში 462 შემთხვევა გვქონდა, ახლა 1242 გვაქვს. ასევე გაზრდილია გარდაცვალების სტატისტიკა – ერთი თვის წინ, ერთკვირიან ჭრილში ეს იყო 8, ახლა კი 18-ია. მომატებულია აქტიური შემთხვევების მაჩვენებელი – პირველ მარტს, 1800 აქტიური შემთხვევა იყო, ახლა კი გვაქვს 15 ათასზე მეტი. ასე რომ ყველა პარამეტრი გაუარესებულია.  200-300 დღიური შემთხვევიდან 1500-ზე ავედით. ძალიან ცუდი მდგომარეობა გვაქვს. პროგნოზი რთული გასაკეთებელია, თუმცა სავსებით შესაძლებელია, ამ მონაცემმა კიდევ უფრო მოიმატოს. ამავე დროს, არის გარკვეული სტაბილიზაცია – ინფიცირების ყოველდღიური მაჩვენებელი ისე მკვეთრად არ მატულობს, როგორც ეს 2020 წლის ნოემბერში იყო, როდესაც დღეში 1200-დან 4-5 ათასამდე შემთხვევაზე ავედით. იმისთვის, რომ არ მივიღოთ ეს სურათი, ძალიან კარგია ვაქცინაცია, მაგრამ გასაგებია, რომ ვაქცინაცია ხანმოკლე პერსპექტივაში შედეგს ვერ მოგვცემს. იმუნიზაცია ჩვენი ყოველდღიური სამუშაოა, მაგრამ უფრო სწრაფი, მარტივი და ეფექტიანი საშუალებაა ის, რაზეც წელიწადზე მეტია ვსაუბრობთ – ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირად დამუშავება და ხალხმრავალ ადგილებში ყოფნისგან თავის მაქსიმალურად არიდება. შორეულ პერსპექტივაში კი, ვაქცინაციის გარდა, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. გაგვიმართლა, რომ უკვე გვაქვს „სინოფარმი“, რადგან „ასტრაზენეკას“ ასაკობრივი შეზღუდვა აქვს და 18-დან 55 წლამდე მოსახლეობა დაუცველი გვყავდა. უახლოეს კვირებში ახალი ვაქცინების შემოტანის პერსპექტივა არ გვაქვს, ასე რომ, დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია. „სინოფარმის“ ვაქცინა ახლა ჩვენთვის არის სერიოზული იმედი იმისთვის, რომ ვაქცინირებულთა რაოდენობა როგორმე გავზარდოთ.

–   არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ „ფაიზერის“ ვაქცინას ელოდებიან და ამიტომ უარს ამბობენ „სინოფარმის“ ვაქცინით აცრაზე…

–   ეს ძალიან ბევრისგან მომისმენია. ჩვენ, ყველაზე კარგ შემთხვევაში, „ფაიზერი“ ივლისის თვეში გვექნება. ეს ის დროა, როდესაც მასობრივი ვაქცინაციის კამპანიის დაწყებას ვგეგმავთ.  მილიონი დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა არაა გადამწყვეტი ფაქტორი მდგომარეობის გამოსწორებისთვის –  ქვეყანას წლის ბოლომდე 3-3,5 მილიონი ვაქცინა სჭირდება. ივლისამდე ორი თვეა დარჩენილი, ამ ორი თვის განმავლობაში ინფექციის ასეთი გავრცელების პირობებში, ეს ძალიან ბევრი დროა და ვფიქრობ, სხვა არჩევანი არ გვაქვს. „სინოფარმის“ ვაქცინა ერთადერთი გამოსავალია. თუ ვინმეს „ფაიზერთან“ დაკავშირებით აქვს იმედი, რომ ის ბევრად ეფექტიანია, ვიდრე „ფაიზერი“, უნდა გაითვალისწინოს რამდენპროცენტიანია ამ ვაქცინის ეფექტიანობა. ჯანმო ყველა ვაქცინას, რომლის ეფექტურობის მაჩვენებელი 70%-ზე მეტია, განიხილავს როგორც ძალიან კარგ და იდეალურ ვაქცინას. გრიპის ვაქცინას, რომელსაც ჩვენ ბოლო 10 წლის განმავლობაში აქტიურად ვიყენებთ, 70%-იანი დაცვა აქვს. 70%-ზე მეტი ეფექტურობა დაფიქსირებულია „სინოფარმის“ ვაქცინის ყველა ჩატარებულ კვლევაში. 5 ქვეყანაშია ჩატარებული  მრავალრიცხოვანი კვლევები, 60 ათასი ადამიანი მონაწილეობდა მესამე ფაზის კვლევაში.

–   ადამიანებისთვის, რომლებიც არ ჩქარობენ აღნიშნული ვაქცინის გაკეთებას, ჯანმოს ავტორიზაცია ფსიქოლოგიური ბიძგი არ იქნება, რომ მათ  საბოლოოდ გადაწყვიტონ ამ პრეპარატის გაკეთება?

–   ერთი რამ მინდა ვთქვა – ის 18 ათასამდე ადამიანი, რომელიც დარეგისტრირდა „სინოფარმის“ ვაქცინის გასაკეთებლად, არ ელოდება ჯანმოს ავტორიზაცია, მათ გადაწყვეტილება შეგნებულად მიიღეს და სრულიად სამართლიანადაც. თანაც, ბევრი უყურებს იმას, თუ რა ტექნოლოგიითაა დამზადებული ვაქცინა. ესაა ჩვენთვის ყველასთვის კარგად ცნობილი, სტანდარტული ტექნოლოგია, რომლითაც ფაქტიურად ყველა ჩვენთაგანია აცრილი. უკვე 100 მილიონზე მეტი ადამიანია ამ პრეპარატით აცრილი და გვერდითი მოვლენები, რომლებიც ჩვენთვის შემაშინებელია – ანაფილაქსიური შოკი და თრომბოემბოლიური გართულებები – ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ამას არავინ გამორიცხავს. მსოფლიოში არ არსებობს უსაფრთხო ვაქცინა, ისევე როგორც არ არსებობს უსაფრთხო მედიკამენტი. თქვენ რომ „პარაცეტამოლის“ და „იბუპროფენის“ გვერდითი მოვლენები წაიკითხოთ, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ ბევრი თქვენგანი თავს შეიკავებს მათი მიღებისგან. არადა ადამიანები დღეში რამდენჯერმე იღებს ამ მედიკამენტებს. საუბარია გართულებების მინიმალურ რაოდენობაზე – მილიონზე 1-2 შემთხვევაზე. ეს ძალიან მცირეა. ამიტომ  ვფიქრობ, დღეს შესაძლოა გარდამტეხი დღე იყოს და ჩვენ დღეში 3-4 ათასი ვაქცინირებული მივიღოთ. ამასთან, სერიოზული პრობლემაა აცრებზე მოთხოვნის მკვეთრი დისპროპორცია რეგიონებსა და დიდ ქალაქებს შორის. დღეისათვის განაცხადების მაჩვენებელი თბილისში ძალიან კარგია, მისაღებია ბათუმსა და ქუთაისში დაფიქსირებული აქტივობა, სადაც ბევრად დაბალი მონაცემია, მაგრამ მაინც მისაღებია, ასევეა ქვემო ქართლი. დანარჩენ რეგიონებში კი მოთხოვნა 1-2%-ს არ აღემატება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა მივიღოთ ვითარება, როდესაც თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა  და ქვემო ქართლში ვაქცინირებული ადამიანების საკმაო რაოდენობა გვექნება, მაგრამ შეიქმნება კატასტროფული მდგომარეობა რეგიონებში. ამიტომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა უნდა მიიღოს ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ.

–   რა ძირითადი ფაქტორები განაპირობებს ეპიდსიტუაციის დამძიმებას და რატომაა პრობლემა საქართველოში უსაფრთხოების წესების დაცვა, მათ შორის პირბადის ტარება?

–   აქ ბევრი ფაქტორია. ერთერთი ისაა, და ამ მხრივ საქართელო გამონაკლის არაა, რომ როგორც კი იწყება აკრძალვების შემსუბუქება, მაშინვე ფიქსირდება შემთხვევების მატება. მთავარია, რამდენად სერიოზულია ეს მატება. დღევანდელი ზრდა ქვეყნისთვის არაა დამანგრეველი – კლინიკების დატვირთვის და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებში საწოლების რაოდენობის მიხედვით დღეს ქვეყანაში აბსოლუტურად სტაბილური ვითარებაა და კონტროლს ექვემდებარება. საქართველო გარდაცვალების მაჩვენებლით ევროპის მასშტაბით კარგ პოზიციაზეა,  მაგრამ არ ვართ კარგ პოზიციებზე ინფიცირების მონაცემით. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ბევრ ევროპულ ქვეყანაზე უკეთესად შეგვიძლია ჰოსპიტალიზებული პაციენტების კონტროლი, მაგრამ არ შეგვიძლია ინფიცირების გავრცელების რადიკალური შემცირება. ასე რომ, მარტის შემდეგ დაფიქსირბეული ინფიცირების შემთხვევების ზრდა დაკავშირებული იყო შეზღუდვების შემსუბუქებასთან და ასევე მკაცრი მონიტორინგის არარსებობასთან. ვგულისხმობ ყველა იმ რგოლს, სადაც ინფექციის გადაცემა შესაძლოა მაღალი იყოს  – ესაა სავაჭრო დაწესებულებები, საზოგადოებრივი ტრანსპორტი. აქ კონტროლი უნდა იყოს ძალიან მაღალი. მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ იმ ადამიანების რაოდენობა, ვინც დახურულ სივრცეში ნიღაბს არ იკეთებს. თუ მარტივ წესებს გავითვალისწინებთ, არ მივიღებთ იმ სურათს, რაც ნოემბერში იყო.

–   ჰოსპიტალური სექტორი თანდათან იტვირთება და კლინიკებში უკვე 4 ათასზე მეტი კოვიდპაციენტი იმყოფება. საწოლების გარდა, მათი მკურნალობისთვის მედპერსონალის სათანადო რაოდენობაა საჭირო. უკვე ჩანს მედპერსონალის დეფიციტის პრობლემა, რამაც შესაძლოა პაციენტების მკურნალობის პრობლემა შექმნას?

–   დიახ, და ამის მაგალითია ინდოეთში მიმდინარე მოვლენები. იქ ამ კუთხით კატასტროფული ვითარებაა. არსებობს ინფიცირებულთა და ჰოსპიტალიზებულთა გარკვეული ციფრი, რომლის შემდეგაც ქვეყანა უკვე ვერ გაუმკლავდება პაციენტების ნაკადის მართვას. 4-5 ათასი შემთხვევის პირობებშიც, მძიმედ, მაგრამ მაინც გადავიტანეთ ის პერიოდი. საქართველოში არ დაფიქსირებულა იტალიის მსგავსი  შემთხვევები, სადაც პაციენტები საავადმყოფოების დერეფნებში იწვნენ და ჟანგბადის აპარატების დეფიციტი შეიქმნა. ახლა კლინიკების ნაწილი ჰიბრიდულიდან კოვიდ კლინიკების სტატუსს დაუბრუნდა და პაციენტების მართვის სირთულეები არ უნდა  შეიქმნას. რაც შეეხება სამედიცინო პერსონალს, აქ სერიოზული პრობლემაა – ჩვენ შეგვიძლია რეანიმაციული საწოლი გამოვათავისუფლოთ და შევთავაზოთ პაციენტს, მაგრამ ასე სწრაფად რეანიმატოლოგს და ინფექციონისტს ვერ გადაამზადებ. ქვეყანაში ეს პროფესიები დეფიციტურია, ასაკი კი 55-60 წელზე მეტია. ადამიანური რესურსი არ არსებობს და ვითარების შეცვლას რამდენიმე წელი სჭირდება.ვფიქრობ, მესამე ტალღაში ეს დეფიცი არ იქნება მთავარი საფრთხე, თუმცა რისკები მაინც არსებობს.

​jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარე: ტარიფები, რომლებითაც კლინიკები ოპერირებენ, 2013 წელსაა დადგენილი

ინტერვიუ ჯანდაცვის ასოციაციის საბჭოს თავმჯდომარესთან მაია მახარაშვილთან –   რა არის ახალი გაერთიანების მთავარი მიზანი? რა …