მთავარი » დაზღვევა » ისრაელი – სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა
ყველა დაზღვეული ვალდებულია მიეკუთვნებოდეს რომელიმე ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდს, რომელიც პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს- ისრაელი

ისრაელი – სახელმწიფო, სადაც ჯანმრთელობის დაზღვევა ყველა მოქალაქისთვის სავალდებულოა

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა საქართელოში 2013 წლიდან ამოქმედდა.  პროგრამის დაფინანსება ყოველწლიურად იზრდება, თუმცა მას ხშირად აკრიტიკებენ ოპოზიციური ფრთის წარმომადგენლები.

მათთვის მისაღებია, რომ სახელმწიფომ შეცვალოს  პროგრამის მიზნობრიობა და უფრო მკაფიოდ განსაზღვროს  სერვისების ჩამონათვალი. ყველაზე ხშირად ოპონენტები მმართველ გუნდს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში  წამლის კომპონენტის გათვალისწინებას ურჩევენ.

საყოველთაო ჯანდაცვის ეფექტიანობის შეფასება ამ ეტაპზე შეუძლებელია, რადგან ამისთვის გარკვეული დრო არის საჭირო. ამის მიუხედავად, თავად ჯანდაცვის სამინისტროში დაიგეგმა და განხორციელდა რეფორმების მეორე ეტაპი, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის მოდიფიცირებას და ეფექტიანობის გაზრდას გულისხმობს.

მოწვეული იყო საერთაშორისო ექსპერთტა ჯგუფი და კომპანია, რომელმაც ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემდგომი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შეიმუშავა. ამჟამად ეს საკითხი იმპლემენტაციის ეტაპზეა. დოკუმენტები ჯერ არ გამოქვეყნებულა და მოდელი, რომელიც საკონსულტაციო კომპანია ,,გლობალურმა ალიანსმა“ შესთავაზა ჯანდაცვის სამინისტროს,  ამ დროისთვის უცნობია. რა მიმართულებით წავა საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა და რა ბედი ელის მას, ამ საკითხის ცალკე განხილვა არ იქნებოდა სწორი. ეს შეიძლება ვივარაუდოთ იმ რეფორმების გათვალისწინებით, რომლებიც ბოლო პეროდში მსოფლიოში განხორციელდა.

საინტერესოა, რა მექანიზმებით შეძლეს მოწინავე, ძლიერი ეკონომიკის მქონე ქვეყნებმა ჯანდაცვის სისტემაში არსებული ხარვეზების გამოსწორება, რა ტიპის დაზღვევის სისტემებს ანიჭებენ უპირატესობას  მსოფლიოს წარმატებული სახელმწიფოები? განვიხილოთ ისრაელის მაგალითი.

ისრაელი 

ისრაელში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ქვეყნის ყველა  მოქალაქე დაზღვეულია. თითოეული მათგანი, 18 წლის ასაკიდან და ზემოთ,  ვალდებულია  ჯანმრთელობის დაზღვევის შენატანი ნაციონალური დაზღვევის უწყებაში შეიტანოს.

გამონაკლისს წარმოადგენენ დიასახლისები, მოქალაქეები, რომლებიც არ  არიან დასაქმებულები ან მათი შემოსავალი არ აღემატება კანონით დადგენილი საშუალო შემოსავლის მოცულობის 5%-ს, პატიმრები, რომლებიც იხდიან სასჯელს 12 თვის განმავლობაში, რეპატრიანტები, სტატუსის მინიჭებიდან 12 თვის განმავლობაში, 18 წელს მიღწეული პირები, რომლებიც არ გადიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს, თუმცა იმ პირობით, რომ ისინი გაივლიან სამსახურს 21 წლამდე.

სავალდებულო შენატანების  ვალდებულებისგან თავისუფლდებიან 18 წლამდე ასაკის ისრაელის მოქალაქეები. ისინი ავტომატურად არიან დაზღვეულები სახელმწიფოს მიერ.  დაზღვევის გადასახადისგან თავისუფლდებიან სამხედრო პირები, რომლებიც სამედიცინო მომსახურებას   ისრაელის თავდაცვის ჯარში იღებენ.

სავალდებულო შენატანისგან გათავისუფლებულია საპენსიო ასაკს მიღწეული ყველა მოქალაქე, მარჩენალდაკარგული ქვრივები, ადამიანები, რომლებიც იღებენ შემწეობას  სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას უბედური შემთხვევით გარდაცვლილი ოჯახის წევრის გამო. გადასახადისგან  თავისუფლდებიან ინვალიდებიც, რომლებიც იღებენ დახმარებას დროებითი ან მუდმივი ინვალიდობის გამო.

ისრაელში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაზღვეული ვალდებულია მიეკუთვნებოდეს რომელიმე, მისი სურვილისამებრ არჩეულ ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდს, რომელიც  პაციენტისთვის სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს. ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის წევრობა უზრუნველყოფს პაციენტისთვის მედიკამენტების მისაღებ ფასად შეძენის შესაძლებლობას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, პაციენტი იხდის მედიკამენტების ღირებულების ნაწილს.

ჯანმრთელობის დაზღვევის ფონდის მომსახურება გულისხმობს პაციენტისთვის ისეთი სერვისების მიწოდებას, როგორიცაა:

 დიაგნოსტიკა, დაავადებების პროფილაქტიკა და ამბულატორიული მკურნალობა, საერთო ჰოსპიტალიზაცია,  კონსულტაცია, თერაპევტთან ვიზიტი, პედიატრის მომსახურება, ლაბორატორიული  ანალიზებისა და შემოწმების ჩატარება, ოტორინოლარინგოლოგის, უროლოგის, ორთოპედის მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საჭირო სამედიცინო ტექნიკით მომსახურება, ყოფილი ალკოჰოლიკებისა და ნარკომანების სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარების გაწევა.

სადაზღვევო შენატანების ოდენობა დამოკიდებულია დაზღვეულის სტატუსზე. კერძოდ, არის ის დაქირავებული მუშახელი, კერძო მეწარმე თუ უმუშევარი.

დაქირავებული მუშახელის შემთხვევაში დამსაქმებელი დასაქმებულს გამომუშავებული ხელფასიდან აჭრის დაზღვევის თანხას. თუ პირის შემოსავალი შეადგენს  კანონით დადგენილი საშუალო შემოსავლის მოცულობის 60%-მდე თანხას, ნაციონალური დაზღვევის უწყებაში ის იხდის აღნიშნული თანხის 3,50%-ს. თუკი დაქირავებული მუშახელის შემოსავალი შეადგენს კანონით დადგენილი საშუალო შემოსავლის მოცულობის 60%-ზე მეტს, შენატანის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება ამ თანხის 12%-ით. თავად დამსაქმებელი კი ვალდებულია გადაიხადოს პირველ შემთხვევაში (როცა შემოსავალი შეადგენს კანონით დადგენილი საშუალო შემოსავლის 60%-მდე მოცულობას) შემოსავლის 3,45%, მეორე შემთხვევაში კი (როცა შემოსავალი შეადგენს კანონით დადგენილი საშუალო შემოსავლის 60%-ზე მეტ მოცულობას) შემოსავლის 7,50%.

კერძო მეწარმის შემთხვევაში ნაციონალური დაზღვევის უწყებაში მინიმალური შენატანის ოდენობა  (თუკი მეწარმის შემოსავალი წარმოადგენს  საშუალო შემოსავლის მოცულობის 60%-მე ოდენობას) განისაზღვრება ამ თანხის 9,82%-ით, მაქსიმალური ოდენობა კი (თუკი მეწარმის შემოსავალი წარმოადგენს  საშუალო შემოსავლის მოცულობის 60%-ზე მეტ ოდენობას) ამ თანხის 16,23%-ით.

ადამიანები,  რომლებიც არ მუშაობენ და  არ გააჩნიათ რაიმე ტიპის  შემოსავალი,  იხდიან სადაზღვევო შენატანს 168 შეკელის  ოდენობით.  ხოლო ისინი, ვინც არ მუშაობენ, მაგრამ გააჩნიათ შემოსავალი, სადაზღვეო შენატანს იხდიან შემდეგნაირად:

  1. 9,61%-ს იხდის ის, ვისი შემოსავალიც  შეადგებს საშუალო შემოსავლის 60%-მდე ოდენობას.
  2. 5%-ს იხდის ის, ვისი შემოსავალიც შეადგენს საშუალო შემოსავლის 60%-ს და მეტს.

სალომე შიხაშვილი – ჯანდაცვის პლატფორმის კონსულტანტი

იხილეთ ასევე

საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევაში ბავშვების მცირე ნაწილია ჩართული – კვლევა

საქართველოში ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსების მთავარი წყარო საყოველთაო ჯანდაცვაა, შემდეგ კი – ოჯახი . კერძო …