მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ირღვევა თუ არა თამბაქოს რეკლამირების წესები საქართველოში?
თამბაქოს

ირღვევა თუ არა თამბაქოს რეკლამირების წესები საქართველოში?

თამბაქოს მოწევას მოზარდები რატომ იწყებენ, ახდენს თუ არა მათზე გავლენას ქალაქში განთავსებული სიგარეტის სარეკლამო ბანერები და დასაშვებია თუ არა რეკლამის ისეთ სტენდებზე განთავსება, რომლითაც შესაძლოა არასრულწლოვნებიც სარგებლობდნენ?

ამ პრობლემით, „კომერსანტს“ მკითხველმა მიმართა, რომელსაც 8 წლის შვილმა მაღაზიაში შესვლისას სიგარეტის ყიდვა სთხოვა.

„6 წლის გოგონა და 8 წლის ბიჭი მყავს. ოჯახში არავინ ვეწევით. ბავშვები „თბილისი მოლში“ მყავდა წაყვანილი, სადაც ცენტრალურ ფოიეში „მარლბოროს“ უზარმაზარი სტენდი, სპორტული “ფორმულა 1-ს” მანქანები და გასართობი ადგილია მოწყობილი. ჩემმა შვილებმა დიდხანს ითამაშეს ამ ტერიტორიაზე.

შემდეგ კი სუპერმარკეტში სიგარეტის ჯიხურის დანახვისას, სადაც „მალბოროს“ ისეთივე რეკლამა იყო, როგორიც მოლის ფოიეში, ჩემმა ბიჭმა „მალბოროს“ ყიდვა მთხოვა. ახლა დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი შესაძლოა სკოლიდან სიგარეტის საყიდლად გაიპაროს. 8 წლის ბავშვს რომ სიგარეტის მოწევის სურვილი გაუჩნდება და სპორტულ მანქანას და შეჯიბრს სიგარეტთან ასოცირებით დაიმახსოვრებს ეს დაუშვებელია“, – აცხადებს გიორგი ლაითაძე.

მისი თქმით, ჯანდაცვის სამინისტრო ამართლებს კანონდამრღვევ კომპანია „ფილიპ მორისს“, იმ დროს, როდესაც მისივე თანამშრომლები უხეშ კანონდარღვევას ადასტურებენ.

„იმის მაგივრად, რომ რაიმე მოიმოქმედონ, რადგან სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს კანონის აღსრულება, რიგით დაზარალებულ მოქალაქეს თავაზობენ სასამართლოში ჩივილს, თვითონ კი გარიგებაში არიან შესული თამბაქოს მაგნატთან“, – ამბობს ლაითაძე და აღნიშნავს, რომ ადგილზე გადაღებული ფოტოები ჯანდაცვის სამინისტროს მიაწოდა.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ თამბაქოს რეკლამირება არ იკრძალება, თუმცა არსებობს გარკვეული ნორმები მათი რეკლამის შექმნისა და განთავსების დროს.

„ამ სურათებით არ ჩანს, რომ ეს საბავშვო მაღაზიაში ხდება. თუ ამ ღონისძიების ორგანიზატორი კონკრეტული თამბაქოს მწარმოებელი კომპანიაა, მას აქვს უფლება განათავსოს რეკლამა, თუმცა იქვე აღნიშნული უნდა ჰქონდეს, რომ მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისათვის. ეს არ არის საბავშვო მაღაზია, ეს არის კონკრეტული პროდუქტის რეკლამა, რაც არ იკრძალება კანონით“, – განუცხადეს გიორგი ლაითაძეს ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე თქმით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი აქტიურად მუშაობს თამბაქოს კონტროლის საკითხებზე, განსაკუთრებით ბავშვების თამბაქოს მოხმარებისგან პრევენციის კუთხით.

„ჩვენი ინიციატივით დაარსდა თამბაქოს კონტროლის მრავალსექტორული სახელმწიფო კომისია, რომელმაც შეიმუშავა და შემდგომ საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა თამბაქოს კონტროლის სამოქმედო გეგმა და სტრატეგია. ვმუშაობთ და იმედია მალე საზოგადოებაც დაინახავს და იგრძნობს ამ შედეგს, რომ ქვეყანაში გამკაცრდეს თამბაქოს კონტროლის ზომები და პოლიტიკა მიმართული იყოს მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმოჯობესებისკენ და არა პოტენციური ახალი მწეველების გაჩენისკენ, რაც მხოლოდ და მხოლოდ თამბაქოს ინდუსტრიისათვის არის ხელსაყრელი“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, თამბაქოს კონტროლის სახელმწიფო სამოქმედო გეგმაში, სხვა საკითხებთან ერთად, თამბაქოს მავნე ზემოქმედებისგან ბავშვების დაცვისათვის კონკრეტული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ღონისძიებების გატარებაა გათვალისწინებული.

„თამბაქოს კონტროლის მოქმედი კანონიც კრძალავს თამბაქოს ნაწარმის პოპულარიზაციას ბავშვებში და ამ ნაწარმით ვაჭრობას საბავშვო სექციებში. თქვენ მიერ მოწოდებული ფაქტი კანონის აშკარა დარღვევაა და შეგიძლიათ მიმართოთ შესაბამის ინსტანციებს საჩივარით. გარდა ამისა, ჩვენ მხარს ვუჭერთ საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციის Tobacco Free Kids-ის ინიციატივას, რომელმაც შექმნა გლობალური პეტიცია ფილიპ მორის ინტერნეიშენალის „მარლბოროს“ ბრენდის ბავშვებზე მიმართული სარეკლამო კამპანიის წინააღმდეგ“, – განუცხადეს გიორგი ლაითაძეს.

“რეკლამის შესახებ” კანონის მერვე მუხლის თანახმად, ალკოჰოლიანი სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმის რეკლამა გავრცელების წესის მიუხედავად, არ უნდა ქმნიდეს შთაბეჭდილებას, რომ ალკოჰოლის ან თამბაქოს გამოყენება ხელს უწყობს ფიზიკური და ფსიქიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, საზოგადოებრივ თუ სპორტულ სარბიელზე წარმატების მიღწევას.

სტატისტიკური ინფორმაციის მიხედვით კი, საქართველოში სიგარეტს მოსახლეობის 36% ეწევა. მათი 70% მამაკაცია, 30% ქალი. ყოველწლიურად 11 000 ადამიანის სიკვდილიანობის მიზეზი სიგარეტთან დაკავშირებული ფაქტორებითაა გამოწვეული. 3 000 ადამიანი კი, მათ შორის 300 ბავშვი, იღუპება იმის გამო, რომ პასიური მწეველია, ანუ ისინი არ ეწევიან, თუმცა იმყოფებიან იმ გარემოში, სადაც თამბაქოს კვამლია.

ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში მწეველობის ასაკი კიდევ უფრო გაახალგაზრდავდა და თუკი ადრე საწყისი ასაკი 11-12 წელი იყო, დღეისათვის ბავშვები მოწევას 9-10 წლიდან იწყებენ.

commersant.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …