მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » ირაკლი ნატროშვილი: საზოგადოებას ვატყობ, რომ აქცენტი არამედიკამენტოზურ საშუალებებზე გადადის

ირაკლი ნატროშვილი: საზოგადოებას ვატყობ, რომ აქცენტი არამედიკამენტოზურ საშუალებებზე გადადის

ქვეყანაში პოლიპრაგმაზიის პრობლემის შესახებ სპეციალისტები წლებია, საუბრობენ. მათი შეფასებით, პოლიფარმაციის კუთხით, საქართველოს ერთერთი მაღალი მაჩვენებელი აქვს და მათი შეფასებით, სწორედ მედიკამენტების ჭარბად გამოწერა და, შესაბამისად, მოხმარება უნდა იყოს ჯანდაცვის უწყების მთავარი პრიორიტეტი.

სხვადასხვა სახის რეგულაციების გარდა, პრობლემის მოგვარების ერთერთ გზად ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვა, ფიზიკური აქტივობის ზრდა და პირველადი ჯანდაცვის განვითარება სახელდება, რამაც დაავადებები პრევენცია ან მათი ადრეულ სტადიაზე გამოვლენა უნდა მოახდინოს.

ამ კუთხით დადებით ტენდენციაზე საუბრობს ნევროლოგი ირაკლი ნატროშვილი, რომელიც რეაბილიტაციის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ საქართველოში ბევრმა ამ დრომდე არ იცის, რას ნიშნავს რეაბილიტაცია, ამიტომ აქცენტს მედიკამენტებზე აკეთებს, თუმცა ამ მიმართულებით დადებითი ტენდენციებიცაა.

„ბევრმა ადამიანმა, სამწუხაროდ, არ იცის, რამდენად მნიშვნელოვანია რეაბილიტაცია და წლების განმავლობაში დამკვიდრებული პრაქტიკით აქცენტი მაინც მედიკამენტებზე კეთდებოდა. ძალიან მოხარული და ბედნიერი ვარ, რომ დღეს უკვე ვატყობ საზოგადოებას, რომ თანდათანობით აქცენტი გადადის არამედიკამენტოზურ საშუალებებზე ანუ სხვადასხვა ტიპის რეაბილიტაციის საშუალებებზე, რათა აღიდგინოს დაზიანებამდე არსებული შესაძლებლობები,“ – განაცხადა  ნატროშვილმა და დადებითად შეაფასა ის, რომ გასული წლის ნოემბრიდან საყოველთაო ჯანდაცვის ელემენტი გახდა რეაბილიტაციის ახალი პროგრამა – ინსულტის, თავის და ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომი რეაბილიტაცია, რაც ნებისმიერი ასაკის პაციენტს ეხება. პროგრამაში მონაწილეობისთვის კი მათ გარკვეული კრიტერიუმების დაკმაყოფილება უწევთ.

„პროგრამით გათვალისწინებულია ძალიან ინტენსიური რეაბილიტაცია და გულისხმობს მულტიდისციპლინური სპეციალისტების ჩართვას. დარწმუნებული ვარ, რომ პროგრამა კიდევ უფრო გაფართოვდება და მეტ ნოზოლოგიას მოიცავს,“ – აღნიშნა ირაკლი ნატროშვილმა.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …