მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ირაკლი მარგველაშვილი: მთავარი მიზანი უნდა იყოს წამლებზე მოთხოვნის შემცირება და არა მათი გაიაფება

ირაკლი მარგველაშვილი: მთავარი მიზანი უნდა იყოს წამლებზე მოთხოვნის შემცირება და არა მათი გაიაფება

რეფერენტული ფასების ამოქმედება ისე არ უნდა გავიგოთ, რომ ამ სიაში მოხვედრილი ყველა მედიკამენტი გაიაფდება. შეიძლება რომელიმე საერთოდ არ გაიაფდეს, რადგან მასზე აქამდეც ცოტა იყო ფასნამატი. ამის შესახებ ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ირაკლი მარგველაშვილმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ფასების დაწევა საკმარისი არ არის და ეს რეფორმა უნდა იყოს სისტემური ცვლილებების ნაწილი.

„მთავარი მიზანი არაა მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. პირველი მიზანია, რომ მედიკამენტი ნაკლებად დასჭირდეს მოსახლეობას და წამლებზე მოთხოვნა შემცირდეს. ანუ მოხდეს მათი სწორად დანიშვნა და მოხმარება. მთავარი მიზანი მედიკამენტების რაციონალური მოხმარება უნდა იყოს. ესაა შედარებით გრძელვადიანი მიზანი და სწორედ ამას უნდა ცვლიდეს სისტემა. სამედიცინო პერსონალი ორიენტირებული უნდა იყოს იმაზე, რომ პაციენტმა მიიღოს სწორი მედიკამენტი და იმ სწორი რაოდენობით, რომელიც მას სჭირდება,“- განაცხადა ირაკლი მარგველაშვილმა.

იმის შესახებ, რომ მედიკამენტების გაიაფება საკმარისი არ არის, BAG- ის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის კომიტეტის თავჯდომარე, ნინო კობახიძეც საუბრობს. მისი თქმით, საქართველოში 800 000 ადამიანს სადაზღვეო კომპანიები უფრო ეფექტურად მართავენ და პოლიფარმაციაც უფრო ნაკლებ პროცენტზეა ჩამოსული, ასევე ბენეფიციარებს უფრო ნაკლები მედიკამენტის მოხმარება უწევთ.

პოლიფარმაციის კუთხით, საქართველო არის მოწინავეთა რიგში, რადგან გაუთავებლად მიდის მოჭარბებული მედიკამენტების დანიშვნა. სწორედ ესაა ჩვენი ბიზნესის სპეციფიკა, რომ ამის კონტროლს ძალიან ეფექტურად ვახდენთ. რომ შევადაროთ, სახელმწიფოზე ნაკლები გვიჯდება ის სერვისები, რასაც ისინი აფინანსებენ 2 მილიარდიანი ბიუჯეტის ფარგლებში“ – აღნიშნავს კობახიძე.

 

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …