მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ირაკლი ლექვინაძე: მოვუწოდებთ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას, მოერიდონ ფასების მკვეთრ ზრდას

ირაკლი ლექვინაძე: მოვუწოდებთ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას, მოერიდონ ფასების მკვეთრ ზრდას

კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, გარკვეულ მედიკამენტებზე ფასების მკვეთრად გაზრდის საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტოს მიერ წინასწარი შესწავლა გრძელდება.

მისივე თქმით, წინასწარი შესწავლის მიზანია გარკვევა, კონკრეტული კომპანიების მხრიდან ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება მოხდა თუ საქმე ეხება შეთანხმებულ ქმედებას.

ლექვინაძე მოუწოდებს ფარმაცევტულ კომპანიებს, მოერიდონ ფასების მკვეთრ ზრდას მედიკამენტებზე და ისეთ ქმედებებს, რაც კონკურენციის კანონმდებლობასთან შეიძლება, არ იყოს თანხვედრაში.

„გასულ კვირას გარკვეულ მედიკამენტებზე, მათ შორის თურქეთიდან იმპორტირებულ გაიაფებულ მედიკამენტებზე დაფიქსირდა ფასის მკვეთრი ზრდა რამდენიმე იმპორტიორი და ფარმაცევტული კომპანიის მიერ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, გაძვირება შეეხო თურქეთიდან იმპორტირებულ სხვადასხვა ჯგუფის ათამდე დასახელების მედიკამენტს. ამ საკითხთან დაკავშირებით კონკურენციის სააგენტო აქტიურ კომუნიკაციაში იყო ჯანდაცვის სამინისტროსთან და ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან გაკეთდა რეაგირება. საკითხი რამდენიმე დღეში ამოიწურა და ფასები დაკორექტირდა, დაუბრუნდა საწყის მაჩვენებელს, თუმცა კონკურენციის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო თავად ქმედების წინასწარი შესწავლა. იმ მედიკამენტების ბაზრებზე, რომელ მედიმენტებზეც რამდენიმე კომპანიის მხრიდან ერთდროულად მოხდა ფასის მკვეთრი ზრდა, დომინანტური კომპანიები თუ გამოვლინდება, მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, ჩვენ მიერ ეს შეიძლება შეფასდეს, როგორც მდგომარეობის გამოყენება მომხმარებლისთვის ჭარბი ფასის დაწესების კუთხით.

მოვუწოდებთ ყველა ფარმაცევტულ კომპანიას, მომავალში მსგავსი ტიპის ფაქტები იქნას მინიმალიზებული და განეიტრალებული, ანუ მოერიდონ ფასების მკვეთრ ზრდას რიგ მედიკამენტებზე, მიუხედავად იმისა, ხვდება თუ არა რეფერენტულ სიაში. ნებისმიერი მსგავსი ტიპის ქმედება შესაძლოა, არ იყოს თანხვედრაში კონკურენციის კანონმდებლობასთან. მოკვლევის დაწყების შემთხვევაში, ასეთი ტიპის ქმედებები შეიძლება, შეფასდეს კონკურენციის კანონმდებლობასთან არათავსებადად. ამიტომ საკითხის წინასწარი მოკვლევის შემდეგ, ჩვენ ბუნებრივია, ამ ფაქტს ჩვენი უწყების მანდატის ფარგლებში შევაფასებთ. ფაქტია, რამდენიმე მსხვილი კომპანიის მხრიდან ერთდროულად მოხდა რიგ მედიკამენტებზე ფასების ზრდა, ამ შემთხვევაში, თურქეთიდან იმპორტირებულ მედიკამენტებზე ფასის მკვეთრი ზრდა. წინასწარ თქმა გამიჭირდება, ეს შეთანხმების შედეგი იყო თუ უბრალოდ ერთგვარი მარკეტინგული პროცესი. ამას სჭირდება შესაბამისი მოკვლევა. ამიტომ ჩვენი წინასწარი შეფასება ემსახურება – ხომ არ იყო დომინანტური მდგომარეობის არასათანადოდ გამოყენება ჭარბი ფასის დაწესების კუთხით ან ერთობლივი შეთანხმებული ქმედება.

ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით, ბაზარზე დომინანტად ითვლება კომპანია, რომელსაც ცალკე აღებულს აქვს 40%-იანი მაჩვენებელი შესაბამის ბაზარზე ან სამ კომპანიას აქვს ერთდროულად 50%-ზე მეტი, ხუთ კომპანიას ერთდროულად 80%-ზე მეტი. კონკურენციის კანონმდებლობაში ეს არ არის დარღვევა, უბრალოდ, ამის შემდეგ კონკურენციის სააგენტო სწავლობს, კონკრეტული კომპანია ან კომპანიები რამდენად იყენებენ ბოროტად აღნიშნულ დომინანტურ მდგომარეობას მომხმარებლის ან სხვა ეკონომიკური აგენტების წინააღმდეგ. ფარმაცევტულ ბაზარზე მოქმედებს სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფი. ხუთი კომპანიის წილი დაახლოებით 90%-ზე მეტია. ამიტომ ჩვენს ბაზარზე ჯგუფური დომინირების მოცემულობა გვაქვს. ხდება თუ არა მისი გამოყენება ბოროტად, ამას სჭირდება შესაბამისი კვლევა. წინასწარი შეფასების შემდეგ გვეცოდინება, საკითხთან დაკავიშირებით იქნება თუ არა მოკვლევა. ფაქტი რადგან დაფიქსირდა, ფაქტს შეფასება უნდა მივცეთ, თუმცა ფაქტია ისიც, რომ რიგი კომპანიების მიერ საკითხი ძალიან მალე ამოიწურა“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

ამასთან, როგორც ლექვინაძე ამბობს, კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ გასულ წელს დასრულდა ფარმაცევტული ბაზრის მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც 13 რეკომენდაცია გაიცა.

„ჩვენ მიერ ითქვა, რომ დღეს ბაზარზე სამი მსხვილი ჰოლდინგური ჯგუფი მოქმედებს, რომელიც იმპორტიდან დისტრიბუციის, კლინიკების, საცალო ქსელის, აფთიაქების, სადაზღვევო კომპანიების ჩათვლით ქმნიან საკმაოდ მსხვილ სტრუქტურულ ერთეულებს. ამიტომ დღეს ასეთი ჰოლდინგური ჯგუფები ფარმაცევტული პროდუქციისა და მედიკამენტების რეალიზაციის პროცესში უფრო მეტად კომერციულ ხასიათს ატარებენ და კომერციულ მიზნებზე არიან ორიენტირებული, ვიდრე მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანის შეთავაზების საშუალებაზე. ანუ მათი მთავარი ინტერესი არ არის, მომხმარებელს გაუჩინონ ფართო არჩევანი და კონკურენცია იყოს მედიკამენტებთან მიმართებით. უფრო მეტად მათი მიზანია, მოგების მიღება კონკრეტული მედიკამენტების რეალიზების მიზნით. გამომდინარე აქედან, ჩვენ ვთქვით, რომ 13 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი ეხება სწორედ ჰოლდინგურ ჯგუფებთან დაკავშირებით მიდგომების ჩამოყალიბებას. ეს ნიშნავს, რომ თუ განხორციელდება სისტემური რეფორმები და მიმდინარეობს, როგორიცაა გენერიკული რეცეპტების დანერგვა, ელექტრონული რეცეპტები, ხარისხის სტანდარტები, ფასები, რიგი კონტროლის მექანიზმების გაძლიერება და ამ რეფორმების პარალელურად, ჰოლდინგური ჯგუფები ისევ დარჩებიან, როგორც ძირითადი მიზნის მატარებლები, კომერციული მიზნებიდან გამომდინარე და არა მომხმარებლისთვის საუკეთესო არჩევანის გაკეთება-შეთავაზების კუთხით, ჰოლდინგურ ჯგუფებთან მიმართებით მიდგომა უნდა გადაიხედოს. როდის და როგორ იქნება ეს, ბუნებრივია, ამას განსაზღვრავს შესაბამისი უწყება თავისი პოლიტიკის ფარგლებში და შესაბამისი კანონმდებლობის შექმნით“, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

1tv.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …