მედიკამენტების ფასებთან დაკავშირებით პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე მცირე პოსტს აქვეყნებს, რომელშიც ნათქვამია:
„როგორც საზოგადოებას დავპირდით, დღეიდან მედიკამენტებზე ამოქმედდა რეფერენტული ფასები. შედეგად, 800-ზე მეტი ქრონიკული და ონკოლოგიური მედიკამენტი კიდევ საშუალოდ 40%-ით გაიაფდება,“- წერია განცხადებაში.
ცნობისთვის: დღეიდან, 15 თებერვლიდან, მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების რეფორმა ძალაში შედის, რაც იმას ნიშნავს, რომ ფარმაცევტულ კომპანიებს წამლების ზღვრულ ფასებზე ძვირად გაყიდვის უფლება არ ექნებათ.
რეფერენტული ფასების კატალოგი 14 იანვარს გამოქვეყნდა და მასში 1330 მედიკამენტი იყო. ფარმაცევტულ სექტორს კი 31 იანვრის ჩათვლით ჰქონდა ვადა, სამინისტროსთვის მიეწოდებინა დასაბუთებული განაცხადი, თუ რომელი წამლის ფასის შეცვლაა აუცილებელი.
სამინისტროს ეს განაცხადები უნდა შეესწავლა და თუკი ისინი არგუმენტირებული იქნებოდა, ფასების გადახედვას მოახდენდა.