მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » „ინოვაში“ აცხადებენ,რომ „საყოველთაო ჯანდაცვის“ დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებზე მოთხოვნა არ შემცირებულა

„ინოვაში“ აცხადებენ,რომ „საყოველთაო ჯანდაცვის“ დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, ჭარბი წონის სამკურნალო ოპერაციებზე მოთხოვნა არ შემცირებულა

საყოველთაო ჯანდაცვის ფარგლებში ბარიატრიული ოპერაციების დაფინანსების შეწყვეტის მიუხედავად, ამ სახის ოპერაციების რაოდენობა უკვე დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც აღნიშნულ ცვლილებამდე იყო. ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკა „ინოვას“ ბარიატრიული ქირურგიის განყოფილების ხელმძღვანელმა დავით აბულაძემ განუცხადა.

ბარიატრიულ ოპერაცია არის ისეთი ქირურგიული ჩარევა, რომელიც პაციენტებს ჭარბი წონის დროს ენიშნებათ. დაფინანსებასთან დაკავშირებული ცვლილება 2019 წლის ბოლოს, მთავრობის 520-ე დადგენილების ფარგლებში ამოქმედდა.

ჯანდაცვის სამინისტრომ ცვლილება იმით ახსნა, რომ აღნიშნული ოპერაციები საქართველოში ხშირ შემთხვევაში არამიზნობრივად, უფრო კოსმეტიკური და ესთეტიკური მოსაზრებით კეთდებოდა იმ დროს, როდესაც, მსოფლიო სტანდარტით, მსგავსი ქირურგიული ჩარევები მხოლოდ მძიმე სიმსუქნის შემთხვევაშია დაშვებული.

დავით აბულაძე აღნიშნავს, რომ ცვლილებიდან რამდენიმე თვის განმავლობაში მათთან ბარიატრიული ოპერაციების რაოდენობა შემცირდა, თუმცა მალევე ის წინანდელ ნიშნულს დაუბრუნდა. ამის მიზეზი კი, მისივე თქმით, ისაა, რომ მათ კლინიკაში ეს ოპერაციები მაღალი სტანდარტით კეთდება და მსგავსი ქირურგიული ჩარევის მსურველი ადამიანები საუკეთესო სერვისის მქონე კლინიკებს მიმართავენ. შესაბამისად, მისი განმარტებით, სხვა კლინიკებმა, სადაც წელიწადში 200-მდე ასეთი ოპერაცია კეთდებოდა, ეს პაციენტები დაკარგეს, „ინოვაში“ კი ამ ეტაპზე ასეთი ოპერაციები იმ რაოდენობით კეთდება, როგორც 2019 წლამდე ტარდებოდა  – წელიწადში 400-450. ამასთან, აბულაძის თქმით, სახელმწიფო, რეფერალური პროგრამის ფარგლებში, აგრძელებს ბარიატრიული ქირურგიის დაფინანსებას სოციალურად დაუცველი და სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ამ ოპერაციისთვის შესაბამისი ჩვენება აქვთ. დანარჩენი კონტინგენტისთვის კი, მისი თქმით, კლინიკაში ფასები წინა წლებთან შედარებით 10%-თაა შემცირებული (ორი წლის წინ აღნიშნული ოპერაციის ღირებულება 10-11 ათასი ლარი იყო).

დავით აბულაძე ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს 2019 წლის გადაწყვეტილება არც პაციენტებზე და არც მის კლინიკაზე უარყოფითად არ ასახულა.

მისივე განმარტებით, ბარიატრიული ქირურგიის მიზანი დიაბეტის, გულსისხლძარღვთა და სხვა სერიოზული დაავადებების მკურნალობა და პრევენციაა, ვიზუალური მხარე კი მისი თანმდევი კომპონენტია.

მედიკოსის თქმით, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჭარბწონიანობა დაავადებად არის მიჩნეული და საქართველოში ბარიატრიული ოპერაციები სამედიცინო ჩვენების საფუძველზე ტარდება, როდესაც დგინდება, რომ სიმსუქნე პათოლოგიურია და ადამიანის ჯანმრთელობას საფრთხეს უქმნის. აღნიშნული ოპერაცია 25-დან 50 წლამდე ასაკის პირებს უტარდებათ.

ბარიატრიული ოპერაციების საშუალებით ხდება წონის დაკლება და მეტაბოლური წონასწორობის დარეგულირება. ოპერაციის დროს კუჭი პატარავდება ან ხდება წვრილნაწლავის ატანა კუჭთან და მისი მიერთება საყლაპავთან.

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …