ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი ფარმაცევტული კომპანია “ჰუმანითი ჯორჯია” გამოჩნდა. კომპანია უახლოეს მომავალში ბაზარს მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
კომპანიაში აცხადებენ, რომ მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი, რომელთა ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ბაზარზე ახალი მოთამაშის გამოჩენას „საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ლია სარალიძე ეხმაურება.
„ჩვენი ორგანიზაცია უფრო მეტად მუშაობს ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის საკითხებზე. შესაბამისად, ჩემი კომპეტენცია უფრო ამ მიმართულებითაა მაღალი, თუმცა შემიძლია, როგორც რიგითმა მომხმარებელმა ვთქვა, რომ ინდური მედიკამენტების მიმართ მიდგომა სტერეოტიპულია და უნდა შეიცვალოს. მნიშვნელოვანია პრეპარატს გააჩნდეს ხარისხის დამადასტურებელი სერტიფიკატი, ჩემთვის ეს მიდგომაა მთავარი.
რაც შეეხება ბაზარზე ახალი კომპანიის შემოსვლას, ეს უფრო ბიზნესის საქმეა და ჩემთვის, როგორც მომხმარებლისთვის, შესაძლოა ეს საინტერესო არ იყოს. თუმცა, თუ მათი მედიკამენტები ხარისხიანი იქნება და თანაც ხარისხის და ფასის შეფარდება იქნება ადეკვატური, მომხმარებლებისათვის მნიშვნელოვანი იქნება“, – განაცხადა ლია სარალიძემ.