ექიმი-ინფექციონისტი გია დეისაძე აცხადებს, რომ საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების უმეტესობა ჯენერიკია და ეს პრობლემას არ წარმოადგენს, მთავარია, სახელმწიფომ მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი ზედმიწევნით განახორციელოს:
„ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე წამლების უმეტესი ნაწილი ჯენერიკია. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ჯენერიკების ხარისხის კონტროლი, სხვა მხრივ მათი გამოყენება პრობლემა არ არის. ქართულ ბაზარზე იმპორტირებული მედიკამენტები განსხვავდება ერთმანეთისგან როგორც წარმოების ადგილით, ისე ხარისხითა და ფასით, თუმცა მთავარი მაინც ხარისხია. ნაკლებად ცნობილმა კომპანიამ არ უნდა შემოიტანოს უხარისხო და საეჭვო ჯენერიკები.
რაც შეეხება პაციენტის არჩევანს, ეს უკვე მის ფინანსურ შესაძლებლობაზეა დამოკიდებული, ბრენდულ მედიკამენტს იყიდის თუ შედარებით იაფ ჯენერიკს”.
დეისაძე ქვეყანაში მაღალი დონის ლაბორატორიის არსებობის მნიშვნელობაზეც საუბრობს, რომელიც შეძლებს ნებისმიერი მედიკამენტის შემოწმებას და ხარისხის სერთიფიკატის გაცემას.
„მედიკამენტებთან, განსაკუთრებით კი ჯენერიკებთან მიმართებაში არ უნდა იყოს სუბიექტური მიდგომა, და მათი ეფექტიანობა იზომებოდეს მისი მოხმარების რაოდენობით. ამის გარანტი უნდა იყოს ხარისხის კონტროლი თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორიის მიერ.
საქართველოში ძირითადად, ინდური და თურქული მედიკამენტებია მოხმარებაში, რომელთა დიდი ნაწილი სანდო და ეფექტურია. ჩვენთან შედარებით ნაკლებად შემოედინება. ექიმები უპირატესობას ძირითადად ევროპულ წამლებს ვანიჭებთ, რადგან ისინი უფრო გამოცდილია და ხარისხის კონტროლიც გავლილი აქვთ. ეს მიდგომა შეიცვლება, როცა ქვეყანაში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ლაბორატორია დაიწყებს ფუნქციონირებას და მედიკამენტების ხარისხზე კონტროლი გამკაცრდება”, – ამბობს დეისაძე.