ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების იმპორტის ხელშეწყობისა და მისი სეგმენტის გაფართოვების საკითხს დემოგრაფი, პროფესორი ანზორ თოთაძე გამოეხმაურა.
„ჯენერიკების წარმოების უფლება ყველა ფარმაცევტულ კომპანიას და ქვეყანას გააჩნია, მათ შორის საქართველოსაც. ამ შემთხვევაში მთავარია, ჯენერიკები წარმოებული იყოს სტანდარტების დაცვითა და იგივე შემადგენლობით ხასიათდებოდეს, როგორც ორიგინალი მედიკამენტი. ამ შემთხვევაში, არანაირი საფრთხე მოსახლეობას არ ემუქრება. ხშირად პაციენტი ინდური პრეპარატის მიღებას გაურბის, რადგან არსებობს მოსაზრება ანუ ე.წ სტერეოტიპი, თითქოს იქ არსებული ფარმაცევტული კომპანიები არ ითვალისწინებენ მოთხოვნებს და წარმოების პროცესების დარღვევით უშვებენ ჯენერიკებს და ფასიც ამიტომ არის დაბალი.ეს მოსაზრება მცდარია.
ჯენერიკის დაბალი ფასი სხვა ფაქტორებითაა განპირობებული, კერძოდ, მის მწარმოებელს არ უხდება თანხების დახარჯვა ტექნოლოგიურ ცდებში, ფორმულის გამოყვანაში და ა.შ. მას ეძლევა მზა ფურმულა. ინდოეთში, სადაც საკმაოდ მაღალკვალიფიციური და მაღალი ტექნოლოგიით აღჭურვილი ფარმაცევტული კომპანიები ფუქნციონირებენ, რომლებსაც შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატიც გააჩნიათ, იქ წარმოებული მედიკამენტი ხარისხიანია. ადრეც და ახლაც არის გარკვეული სეგმენტი ინდური მედიკამენტებისა, რომლებიც ხარისხიანია და ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს”.