მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ინდოეთში არსებობს ფარმაცევტული კომპანიები, სადაც აწარმოებენ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ხარისხის მედიკამენტებს
იმედია, ფარმაცევტული კომპანიები დაინტერესებულები იქნებიან ასეთი მედიკამენტების გაყიდვით და არ მოხდება უფრო ძვირადღირებული მედიკამენტების ხელოვნურად გასაღება

ინდოეთში არსებობს ფარმაცევტული კომპანიები, სადაც აწარმოებენ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ხარისხის მედიკამენტებს

ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტის იმპორტის ხელშეწყობისა და  სეგმენტის გაფართოების საკითხს ჯანმრთელობის კვლევის კავშირის ჯანდაცვის სისტემებისა და დაფინანსებების სპეციალისტი ლელა სერებრიაკოვა გამოეხმაურა:

“ბაზარზე მედიკამენტების ფასების დაწევის ერთ–ერთი მნიშვნელოვანი მეთოდი ჯენერიკების ხარჯზე კონკურენციის გაზრდაა. ზოგადად, ჯენერიკები ბრენდულ მედიკამენტებთან შედარებით, უფრო იაფია, რომლის შედეგიანობა და ეფექტურობა მისივე იდენტურია.

თუ ჯენერიკების სეგმენტი გაფართოვდება ქართულ ბაზარზე, რა თქმა უნდა, მისასალმებელია. შესაბამისად, გაიზრდება არჩევანი იაფ და ძვირ მედიკამენტებს შორის, რომელთა აქტიური ნივთიერების დასახელება ერთიდაიგივე იქნება. თუმცა, იმის ფონზე რომ საქართელოში მედიკამენტების რეგისტრაციის პროცესი საკმაოდ გამარტივებულია და არ ითვალისწინებს ხარისხის კონტროლსა და ლაბორატორიულ შემოწმებას ან თუ ითვალისწინებს ძალიან მცირე მოცულობით, ბუნებრივია, ეს გაზრდის რისკებს, რომ შესაძლოა უხარისხო ჯენერიკებით გაჯერდეს  ქართული ბაზარი“.

რაც შეეხება მედიკამენტების მწარმებელ ქვეყანას, სერებრიაკოვა განმარტავს, რომ პრეპარატის ხარისხს ეს არგუმენტი არ განსაზღვრავს და აღნიშნავს, რომ ინდური, ჩინური, კორეული თუ აზიის სხვა ქვეყნების წარმოებული მედიკამენტის ხარისხს განაპირობებს წარმეობის სტანდარტების დაცვა და ხარისხის სერტიფიკატი.

„საქართველოშიც უნდა არსებობდეს მექანიზმი, რომლითაც შესაძლებელი იქნება გარჩევა დაბალი ხარისხის ჯენერიკისა და მაღალი ხარისხის ჯენერიკს შორის. ზოგჯერ ფასიც არ არის ხარისხის განმსაზღვრელი. ევროკავშირში დარეგისტრირებულ წამლებს ხარისხის გარანტად ევროკავშირი უდგება, ხოლო სხვა დანარჩენის ხარისხის კონტროლისთვის ჯანდაცვის სამინისტრომ სპეციალური მექანიზმები უნდა შეიმუშაოს. არის საუბარი,  წამლის კანონში ცვლილებები შევიდეს, თუმცა, კონკრეტულად რა სახის ცვლილებებს უნდა ველოდოთ, ჯერჯერობით უცნობია“,

– აღნიშნავს სპეციალისტი და ამასთან, მიაჩნია, რომ ხარისხის უზრუნველყოფა შეიძლება მოხდეს უშაუალოდ რეგისტრაციისას, როდესაც გარდა დოკუმენტაციისა, ლაბორატორიულად შემოწმდება მედიკამენტი, მასში აქტიური ნივთიერების არსებობა, მისი ოდენობა და ა.შ.

„ქვეყანაში უნდა არსებობდეს წესების ჩამონათვალი, რომელიც უზრუნველყოფს მედიკამენტის ხარისხის შენარჩუნებას გამყიდველამდე. ეს არის ჯი ემ პი დისტრიბუციის სტანდარტები. კონტროლის პალატის დასკვნა არსებობს, სადაც წერია, რომ ეს სტანდარტები არ არსებობს და საჭიროა მათი დანერგვა. ინდოეთში არის საწარმოები, სადაც აწარმოებენ მსოფლიოში ერთ–ერთ საუკეთესო ხარისხის მედიკამენტებს, თუმცა ასევე არსებობს საწარმოები, რომლებიც ასეთ მედიკამენტებს ნამდვილად არ აწარმოებენ.

ჯანდაცვის სამინისტრომ ინდური წარმოების მედიკამენტების ქართულ ბაზარზე შემოტანის შემთხვევაში ინფორმაცია გამჭვირვალე უნდა გახადოს, განსაკუთღებით ექიმებისთვის. სწორედ, ექიმმა უნდა ურჩიოს პაციენტს, ესა თუ ის წამალი კარგია თუ არა. სწორედ, ამიტომ მათთვის ხელმისაწვდომი, გასაგები და დეტალური ინფორმაცია უნდა იყოს ხელმისაწვდომი. იმედია, ფარმაცევტული კომპანიებიც დაინტერესებულები იქნებიან ასეთი მედიკამენტების გაყიდვით და არ მოხდება უფრო ძვირადღირებული მედიკამენტების ხელოვნურად გასაღება“, – განმარტა ლელა სერებრიაკოვამ.

economic.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …