თბილისი (GBC) – სულ მალე, ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კომპანია „ჰუმანითი ჯორჯია“ ამბიციური გეგმებით შემოვა და მომხმარებელს უახლოეს მომავალში მედიკამენტების ფართო სპექტრს შესთავაზებს.
როგორც კომპანიაში აღნიშნავენ, მათი პრეპარატების პირველი პარტია ხშირი მოხმარების მედიკამენტებით იქნება წარმოდგენილი და საქართველოში ძალიან მალე შემოვა.
მნიშვნელოვანია, რომ კომპანიის პრეპარატების ხარისხი დადასტურებულია მწარმოებლის EU GMP სერთიფიკატით და ასევე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სერთიფიკატის მქონე ლაბორატორიის მიერ ჩატარებული სერიული კონტროლით.
ახალი ფარმაცევტული კომპანიის შემოსვლას დადებითად აფასებენ სპეციალისტები, მედიკოსები და პოლიტიკოსებიც და განმარტავენ, რომ ეს ფაქტი ქვეყნის ფარმაცევტულ ბაზარზე კონკურენციას შეუწყობს ხელს და მედიკამენტები გაიაფდება.
ქვეყანაში მედიკამენტების გაძვირების ფონზე ჯანდაცვის სამინიტრომ ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე ჯენერიკ მედიკამენტების შემოსვლა და მათი სეგმენტის გაფართოვებაც დაანონსა და აღნიშნა, რომ ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა გაიზარდოს. გარდა ამისა, სამინისტროს ინიციატივით, ქვეყანაში მედიკამენტებზე ხარისხის კონტროლი გამკაცრდება.
აღნიშნულ ინიციატივებსა და ფარმაცევტულ ბაზარზე შექმნილ პრობლემებს გამოეხმაურა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი:
„საქართველოში გვაქვს მომხმარებლის შესახებ კანონი და მომხმარებელმა, რომელიც ყიდულობს მედიკამენტს, აუცილებლად უნდა იცოდეს, თუ ვინ არის მწარმოებელი, არის თუ არა ის საშიში ჯანმრთელობისათვის და ასე შემდეგ. სახელმწიფო ვალდებულია დაიწყოს ფართო მასშტაბიანი კამპანია ამ მიმართულებით და მოსახლეობას აუხსნას, რომ ჯენერიკების მიღებით მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუარესდება.
როდესაც წამალს აწარმოებს ესა თუ ის კომპანია, ის ვალდებულია დაიცვას ის შემადგენლობა და აუცილებელი მოთხოვნები, რომელიც გააჩნია ბრენდ მედიკამენტს და მის გამომგონებელ კომპანიას. თუ ჯანდაცვის სამინისტრო ამას გააკეთებს, ვფიქრობ, რომ ეს კარგი იქნება, რადგან საქართველოში პანიკური შიშია ცვლილებებთან მიმართებაში და ადამიანები უნდობლობით უყურებენ ყველა სიახლეს“.
ხატიაშვილი არ გამორიცხავს, რომ ეს მიდგომა განპორობებულია საზოგადოების დაბალი ინფორმაციულობის დონით და მიაჩნია, რომ მოსახლეობას შეიძლება მცდარი წარმოდგენა ჰქონდეს ჯენერიკებთან დაკავშირებით და ამჯობინოს თვითმკურნალობა.
„ამიტომ, სასურველი იქნება, რომ ჟურნალისტები, ტელეკომპანიები აიტაცებენ ამ საკითხს და ხალხი იქნება ინფორმირებული ამ თემასთან დაკავშირებით. ჩემი აზრით, ეს აუცილებელია“.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მედიკამენტების მწარმოებელ ქვეყნებსაც შეეხო:
„სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული პრეპარატების ხარისხიანობასთან დაკავშირებით, პირადად, ინფორმაცია არ მაქვს, თუმცა ინდური წამლები იმით გამოირჩევა, რომ, უმეტეს შემთხვევაში, ისინი დამზდებულია არაქიმიური, ბუნებრივი ნედლეულით. ევროპაში, როდესაც ადამიანები წამალს ყიდულობენ, რომელზეც აწერია ზუსტი მონაცემები მისი შემადგელობის შესახებ, ისინი არჩევენ იმის მიხედვით, რომელშიც ნაკლებია ქიმიური ნედლეული. ინდოეთს კი დიდი შესაძლებლობები აქვს, რომ პრეპარატები ბუნებრივი ნივთიერებებით დაამზადოს.
ამიტომ, ვფიქრობ, რომ არ უნდა იყოს დიფერენცირებული, თუ რომელ ქვეყანაშია წარმოებული ესა თუ ის მედიკამენტი, არამედ მათი გარჩევა უნდა მოხდეს მათ შემადგენლობაში შემავალი ქიმიური და ბუნებრივი ნედლეულის თანაფარდობით“.