სახელმწიფო ონკოლოგიურ მედიკამენტებზე კვლავ გადაიხდის თანხას, ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდილსაც, რათა პაციენტის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, თუმცა მომავალში რეაგირება იქნება უმკაცრესი. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა ტელეკომპანია „იმედისთვის“ მიცემულ ინტერვიუში, ონკოლოგიური მედიკამენტების გაძვირების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ფარმაცევტული სექტორის არგუმენტები იმის შესახებ, რომ წამლების გაძვირება ვადის ამოწურვის თარიღის მოახლოების გამო შემცირებულ ფასად გაყიდვამ, შემდგომ კი მედიკამენტების ახალი პარტიის მომატებულ ფასად შესყიდვამ გამოიწვია, თავის გამართლების მცდელობაა.
„სტატისტიკას წლის ჭრილშიც ვუყურებთ და ვხედავთ, რა მედიკამენტი რა ფასად იყიდებოდა. შესაბამისად, ეს მხოლოდ თავის გამართლებისთვის რაღაც არგუმენტი გამოიყენეს. საკმარისი ფაქტებია იმის დასამტკიცებლად, რომ ადგილი აქვს გარიგებას. კონკრეტულ მედიკამენტებზე სამ და ოთხ კომპანიას იდენტური ფასი აქვს დაფიქსირებული. სახელმწიფო კვლავ გადაიხდის თანხას, ზოგ შემთხვევაში მნიშვნელოვნად გაზრდილსაც, რომ პაციენტის ინტერესები მაქსიმალურად იყოს დაცული, თუმცა მომავალში რეაგირება იქნება უმკაცრესი,“- განაცხადა ღუდუშაურმა.
შეგახსენებთ: 23 მარტს ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია ფარმაცევტული კომპანიების მიერ ონკოლოგიური მედიკამენტების ნაწილის მკვეთრი გაძვირების შესახებ, რაც, უწყების შეფასებით, ხელოვნურად მოხდა და გარიგების შედეგია. საქმეზე მოკვლევა კონკურენციის სააგენტომ დაიწყო.