ცალკეული დასახელების მედიკამენტების პერიოდული დეფიციტის მიუხედავად, ამ სეზონისთვის აქტუალური, სიცხის დამწევი საბავშვო პრეპარატები ბაზარზე ხელმისაწვდომია. ამის შესახებ jandacva.ge-ს „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა ქეთი კოზმანაშვილმა განუცხადა. jandacva.ge-ს რამდენიმე მშობელი დაუკავშირდა, რომლებიც აცხადებენ, რომ ერთერთი ყველაზე პოპულარული სიცხის დამწევი სუსპენზია „მიგ საბავშვო ფორტე“ სააფთიაქო ქსელებში არ იშოვება.
კოზმანაშვილი განმარტავს, რომ მედიკამენტების მარაგების არსებობა მომწოდებელზეა დამოკიდებული. თუმცა, ერთი კონკრეტული მწარმოებლის პროდუქტის დეფიციტი არ ნიშნავს, რომ ხელმისაწვდომი არ არის ანალოგიური შემადგენლობის, სხვა წამლები, იგივე ფორმით გამოშვებული. მისი თქმით, მაგალითად „მიგ საბავშვო ფორტეს“ ანალოგია „ნორმონი“, რომელიც ასევე იბუპროფენს შეიცავს და ეფექტიანი მედიკამენტია.
„მედიკამენტის დეფიციტი, პერიოდულად, შესაძლოა, მომწოდებლის მიზეზით შეიქმნას, რაც განსაკუთრებით ომის დაწყების შემდეგ ფიქსირდება. თუმცა ქსელში იდენტური აქტიური ნივთიერების შემცველი მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემა არ არის და მშობლებს ნერვიულობის საფუძველი არ აქვთ. იბუპროფენის შემადგენლობის მედიკამენტების ანალოგებს ფარმაცევტები აუცილებლად შესთავაზებენ მომხმარებლებს,“ – აღნიშნა „ფარმადეპოს“ ქსელის ხელმძღვანელმა.
jandacva.ge