მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა

იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა

იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია დასრულდა. სამედიცინო დაწესებულების სტაციონარულმა ნაწილმა, რომელიც რემონტის გამო დახურული იყო, პაციენტების მიღება განაახლა.
,,იაშვილის საავადმყოფო განახლებულია და ჩვენ მზად ვართ ჩვენს პაციენტებს შევთავაზოთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პირობები და მულტიფუნქციური, მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურება.“ – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორმა თამარ ვახტანგაძემ.
შეგახსენებთ, რომ კლინიკის რეაბილიტაციის ბოლო ფაზა გასული წლის ოქტომბერში დაიწყო.რეაბილიტაციის დაწყებამდე რეგულირების სააგენტომ განაცხადა, რომ ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკა შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა.

„გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ, მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში,“ – განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა ჭუმბურიძემ.

რემონტის პერიოდში კლინიკა ჰოსპიტალურ პაციენტებს აღარ იღებდა, ონკოჰემატოლოგიის განყოფილება კი მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდა.

კლინიკაში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, იმავე წელს გარემონტდა და ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. რეაბილიტაციის  შემდეგი ეტაპი კი პანდემიის გამო შეფერხდა. 2021 წელს განახლდა ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება და პაციენტებს 12 განახლებული სამედიცინო მიმართულება შეეთავაზათ.

ვახტანგაძის თქმით, 2022 წლიდან უკვე სტაციონარული ნაწილის განახლება და გარემონტება დაიწყო. პარალელურად კი გეგმიურ-ამბულატორიული მომსახურება მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა.

კლინიკაში ამ ეტაპზე 280 ადგილია. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, 2022 წლიდან ძალაში შევიდა ახალი სანებართვო პირობები და სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კლინიკის განახლებასთან დაკავშირებით.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …