მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია 28 დეკემბერს დასრულდება – რა ეტაპზეა სარემონტო სამუშაოები

იაშვილის კლინიკის რეაბილიტაცია 28 დეკემბერს დასრულდება – რა ეტაპზეა სარემონტო სამუშაოები

იაშვილის სახელობის კლინიკაში ამ ეტაპზე პარალელურ რეჟიმში, რამდენიმე დეპარტამენტის სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს, რომლებიც დაგეგმილ ვადაში, მიმდინარე წლის 28 დეკემბრამდე დასრულდება, რის შემდეგაც კლინიკა მუშაობას სრული დატვირთვით განაახლებს.

ამის შესახებ კლინიკის დირექტორმა თამარ ვახტანგაძემ განაცხადა. შეგახსენებთ: 20 ოქტომბერს სამედიცინო საქმიანობის რეგულირების სააგენტომ განაცხადა, რომ ინფექციის კონტროლის სისტემის არსებობასთან დაკავშირებით იაშვილის კლინიკა შეამოწმა და დარღვევები გამოავლინა. „გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები და შესაბამისად, კლინიკის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, დაიწყოს დაუყოვნებლივ ამ პრობლემების გამოსწორება. შესაბამისად, ამ ეტაპზე, დროებით შეჩერებულია სამედიცინო სერვისების მიწოდება, გარდა ამბულატორიული დიაგნოსტიკური ცენტრისა და ონკოჰემატოლოგიის მიმართულებისა. ასევე, ჩვენ ძალიან მჭიდრო კოორდინაციაში ვართ იაშვილის კლინიკასთან, რათა მაქსიმალურად დავეხმაროთ, რეფერირებაში შესაბამისი პროფილის კლინიკებში,“ – განაცხადა რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლიანა ჭუმბურიძემ.

იმის შესახებ, რომ 20 ოქტომბრიდან წლის ბოლომდე სტაციონარულ პაციენტებს ვერ მიიღებდა, იაშვილის კლინიკამ ინფორმაცია 19 ოქტომბერს გაავრცელა და მიზეზად მასშტაბური სარემონტო სამუშაოები დაასახელა.

თამარ ვახტანგაძის განცხადებით, კლინიკაში სარემონტო სამუშაოები ჯერ კიდევ 2019 წელს დაანონსდა, იმავე წელს გარემონტდა და ახალი ტექნოლოგიებით აღიჭურვა გადაუდებელი მედიცინის განყოფილება. რეაბილიტაციის  შემდეგი ეტაპი კი პანდემიის გამო შეფერხდა. 2021 წელს განახლდა ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური განყოფილება და პაციენტებს 12 განახლებული სამედიცინო მიმართულება შეეთავაზათ.

ვახტანგაძის თქმით, 2022 წლიდან უკვე სტაციონარული ნაწილის განახლება და გარემონტება დაიწყო. პარალელურად კი გეგმიურ-ამბულატორიული მომსახურება მუშაობის 24-საათიან რეჟიმზე გადავიდა. თამარ ვახტანგაძის ინფორმაციით, 2022 წლის 28 დეკემბერს კლინიკაში სარემონტო სამუშაოები დასრულდება.

იაშვილის კლინიკაში ამ ეტაპზე 280 ადგილია. სამედიცინო დაწესებულების კლინიკური დირექტორის ივანე ჩხაიძის თქმით, 2022 წლიდან ძალაში შევიდა ახალი სანებართვო პირობები და სწორედ ამიტომ, ჯანდაცვის სამინისტროსა და კლინიკის ხელმძღვანელობის მიერ იქნა მიღებული გადაწყვეტილება კლინიკის განახლებასთან დაკავშირებით.

საოპერაციოები, რომლებიც შეიცვლება, იქნება მორგებული იმ სტანდარტზე, რომლებიც მაღალი სირთულის ოპერაციას შეესაბამება. კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის ნახევარი გარემონტებულია. თითოეულ პაციენტს სრულიად განსხვავებული სისტემა და აღჭურვილობა დახვდება. უკვე შევიძინეთ 70-მდე სპეციალური საწოლი, რომლებიც პულტითაა მართვადი და პაციენტისთვის ნებისმიერი მდგომარეობის მიღება შეუძლია. ეს მოგვცემს შესაძლებლოლბას,  პაციენტი საოპერაციოაში კი არ გადავიყვანოთ, არამედ იქვე გავუკეთოთ ყველაფერი. მეც კი არ ვიცოდი, თუ მარტივ საწოლს შეეძლო ასეთი ფუნქციების შესრულება,“- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

თამარ ვახტანგაძის ინფორმაციით, ერთ კვირაში დასრულდება ტრავმატოლოგია- ორთოპედიის, ზოგადი ქირურგიის დეპარტამენტის განახლება. დაჩქარებული წესით მიმდინარეობს რეანიმაციის სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა.

 

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …