მთავარი » ჯანდაცვა » სამედიცინო სიახლეები » იაშვილის კლინიკა ხვალიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს – მიზეზი მასშტაბური რეაბილიტაციაა

იაშვილის კლინიკა ხვალიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს – მიზეზი მასშტაბური რეაბილიტაციაა

მასშტაბური სარემონტო სამუშაოების გამო იაშვილის კლინიკა 20 ოქტომბრიდან სტაციონარული პაციენტების მიღებას დროებით აჩერებს და საავადმყოფო ჯანდაცვის სამინისტროსთან კოორდინირებით უზრუნველყოფს მხოლოდ განსაკუთრებულად რთული სამედიცინო შემთხვევების კლინიკურ მართვას. ასევე, სამინისტროსთან ერთად მოხდება სტაციონარული საჭიროების მქონე პაციენტების განხილვა და მათი შესაბამისი რეფერირება პროფილურ ჰოსპიტლებში.

ამის შესახებ jandacva.ge-ს კლინიკიდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, კლინიკაში უწყვეტ ფუნქციონირებას განაგრძობს ამბულატორიულ-დიაგნოსტიკური ცენტრი და ონკოჰემატოლოგიური მიმართულება.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა. კლინიკის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აღიჭურვა რიგი სამედიცინო მიმართულებები.

„მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო მე-3 დონის ერთადერთი რეფერალური ცენტრია ქვეყანაში, რომელიც 0-დან 18 წლამდე ასაკის პაციენტებს სრულ პედიატრიულ სერვისს სთავაზობს. ბავშვებზე ორიენტირებული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საავადმყოფოს მიერ დაანონსებული ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტი გრძელდება,“ – აცხადებენ სამედიცინო დაწესებულებაში.

მათივე ინფორმაციით, პედიატრიული პაციენტებისთვის იმოქმედებს სპეციალურად შექმნილი 24-საათიანი ცხელი ხაზი: 2 600 600.

საავადმყოფოს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ინფრასტრუქტურული და კლინიკური განვითარების პროექტის ფარგლებში დაანონსებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ეტაპობრივად, 2022 წლის ბოლომდე დასრულდება და სამედიცინო ცენტრში სრულად განახლდება პედიატრიული მიმართულების ყველა სპექტრი.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში 10 მლნ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.

ამასთან, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება კადრების გადამზადება და ამ დროისათვის 350-მდე სამედიცინო და არასამედიცინო კადრი ადგილობრივად, ხოლო 20-მდე მედ-პერსონალი საზღვარგარეთ უკვე გადამზადდა.

„მკურნალობის მაღალი სტანდარტის უზრუნველსაყოფად  შეიქმნა ხარისხის მართვის დეპარტამენტი, რომელიც დაკომპლექტებულია უცხოელი და ქართველი ექიმებით. რთული სამედიცინო შემთხვევების მართვა მსოფლიოს წამყვანი პედიატრიული კლინიკების ექიმების ჩართულობით განხორციელდება,“ – აღნიშნავენ კლინიკაში.

მათივე ცნობით, საავადმყოფოსთვის, რომელიც ყოველწლიურად 30 000-მდე პედიატრიულ პაციენტს ემსახურება, განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი მომსახურების მიწოდება.

 

jandacva.ge

იხილეთ ასევე

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი საერთაშორისო აკრედიტაციის გასავლელად “აკრედიტაცია კანადასთან“ თანამშრომლობას იწყებს

ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტლის გენერალურმა დირექტორმა, პროფესორმა ზაზა სოფრომაძემ საერთაშორისო აკრედიტაციის მიმნიჭებელი ორგანიზაცია “აკრედიტაცია კანადას” …