საქართველო ამ პროგრამის განხორციელების შედეგად გახდება პირველი ქვეყანა მსოფლიოში, რომელმაც მოახდინა C ჰეპატიტის სრული ელიმინაცია.
განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ ამ პროგრამასთან დაკავშირებულ მესამე ეროვნულ სამუსაო შეხვედრაზე. ელჩის თქმით, C ჰეპატიტიტის ელიმინაცის პროგრამა ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისკენაა მიმართული.
„ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია „გილიადმა” საქართველოს უფასოდ მიაწოდა მედიკამენტები, რომელთა ღირებულება თითო პაციენტისთვის 50 ათას აშშ დოლარს შეადგენს. საქართველოში C ჰეპატიტთან დაკავაშირებით საკმაოდ რთული ვითარებაა. სამწუხაროდ, ამ ვირუსით მოსახლეობის 7%-ია დაავადებული”, – აღნიშნა მან.
იან კელთან ერთად შეხვედრაზე იმყოფებოდა ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკოც. მისი თქმით, ამ შეხვედრას აქვს ერთგვარი შეჯამების ფუნქცია, რომლის ამოცანაც სამი მთავარი მიმართულების განხილვაა:
„პირველი ეს არის ის, რომ პრაქტიკულად ერთი წელი შესრულდა ჰეპატიტიტის აღმოფხვრის პროგრამის დაწყებიდან და ერთგვარი შეჯამებაა ამ ერთწლიანი ეტაპის. მეორე – წარდგენა უკვე დახვეწილი და შეჯამებული მონაცემების და მესამე – ახალი სტრატეგიის წარდგენა, რომლის მიხედვითაც 2016-2020 წლების განმავლობაში ვიმუშავებთ ჩვენს პარტნიორებთან ერთობლივად”.
ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, წლევანდელი სამუშაო შეხვედრის მიზანია საქართველოში C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ისეთი მნიშვნელოვანი საკითხების განხილვა, როგორიცაა: C ჰეპატიტის სეროპრევალენტობის პოპულაციური კვლევის შედეგები, ელიმინაციის პირველი ფაზის შედეგები; ელიმინაციის გრძელვადიანი სტრატეგია – 2016-2020.
C ჰეპატიტის ელიმინაციის მესამე ეროვნული სამუშაო შეხვედრა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.