მთავარი » სოციალური » ია დავითაია: მედიკამენტები ძალიან ძვირია
ონფორმაცია სწორედ პირველადი რგოლიდან უნდა მივიღოთ. შესაბამისად, თუ ეს რგოლი იქნება გამართული და სრულყოფილი, პრობლემებიც ნაკლები იქნება, - ია დავითაია.

ია დავითაია: მედიკამენტები ძალიან ძვირია

იანვრის ბოლოდან დაიწყო და დღემდე მიმდინარეობს ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური გამოკითხვა – „რა გაწუხებთ?“. ინიციატივა გულისხმობს მოსახლეობის აზრის გაგებას იმის შესახებ, თუ რა სჭირდებათ მათ და რა პრობლემები აქვთ ჯანდაცვის სფეროში.

ჯანდაცვის რეგიონულ ცენტრებში გამოკითხვა დასრულდა. გამოიკითხა 16 ათასზე მეტი ადამიანი. გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ პირველადი ჯანდაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა გახდეს სამინისტროს საქმიანობაში. ასევე, პრობლემატური საკითხებია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და მედიკოსთა დაბალი ანაზღაურება.

მედიცინის დოქტორი, საქართველოს ექიმ ქალთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი ია დავითაია ეხმაურება ჯანდაცვის სამინისტროს გამოკითხვის შედეგებს და აღნიშნავს, რომ მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრობლემები ზუსტია და რეალობას ასახავს:

„მოსახლეობას ზუსტად განუსაზღვრავს ის პრობლემები, რაც დღეს ჯანდაცვის სისტემაშია და პირველ რიგშია მოსაგვარებელი. პირველად რგოლზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ელემენტარულად, რომ მოხდეს ნებისმიერი დაავადების პრევენცია, ამაზე სწორედ პირველადმა რგოლმა უნდა იზრუნოს. ამიტომ, თუ კი ამ საკითხს ყურადღება მიექცევა, ყველასთვის კარგი იქნება.

მაგალითად, ზამთრის სეზონზე რა პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩატარდეს, ზაფხულის სეზონისთვის რა არის საჭირო, ყველა ეს ონფორმაცია სწორედ პირველადი რგოლიდან უნდა მივიღოთ. შესაბამისად, თუ ეს რგოლი იქნება გამართული და სრულყოფილი, პრობლემებიც ნაკლები იქნება“, – აღნიშნავს ია დავითაია.

ის აცხადებს, რომ მთლიანად ეთანხმება მიღებულ შედეგებს და საუბრობს გამოკვეთილი პრობლემების მოგვარების მნიშვნელობაზე:

„მთავარ პრობლემად მიმაჩნია და მაწუხებს, რომ ძალიან ძვირია მედიკამენტები. უნდა არსებობდეს გარკვეული შეღავათები სოციალურად დაუცველებისთვის მაინც, რომ მედიკამენტი, რომელიც მას სჭირდება, ან ნახევარ ფასად შეიძინოს, ან ნაწილობრივ დაუფინანსონ. ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ვერ მკურნალობს იმის გამო, რომ არ აქვს შესაძლებლობა. შესაძლოა, ექიმთან მივიდეს კიდეც, მიიღოს დანიშნულება, მაგრამ ვერ მოახერხოს დანიშნული პრეპარატის შეძენას.

ასევე, ძალიან დიდი პრობლემაა ექიმთა ხელფასებიც.როდესაც ადამიანი არ არის მოტივირებული, თუ მას საფიქრალი აქვს, სად იშოვოს ფული და როგორ არჩინოს ოჯახი, ეს ყველაფერი მოქმედებს მისი მუშაობის ხარისხზე. ამიტომ ჩვენი აზრი ნამდვილად ემთხვევა მოსახლეობის აზრს“, – მიიჩნევს ია დავითაია.

გარდა ამისა, იგი სოციალურ ინიციატივას დადებითად აფასებს და აღნიშნავს, რომ ეს შედეგები დაეხმარება სამინისტროს, სწორად განსაზღვროს სამომავლო სტრატეგია:

„რასაკვირველია, ძალიან კარგი წამოწყებაა და მივესალმები მსგავს ინიციატივას. ამას მტკიცებაც არ სჭირდება. თუ გვეცოდინება, რა არის მთავარი, წამყვანი პრობლემა მოსახლეობისათვის, სამინისტრო უფრო ადვილად დასახავს სტრატეგიას და ადვილად გადაჭრის იმ საკითხებს, რაც მოსახლეობას სჭირდება. ამიტომ, მე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ნამდვილად კარგი საქმე წამოიწყეს“, – განაცხადა ია დავითაიამ.

აღსანიშნავია, რომ გამოკითხვა ჯერჯერობით არ დასრულებულა. ამჟამად გრძელდება ინტერნეტ-გამოკითხვა. კითხვარების შევსება ვებ-გვერდზე www.1505.ge.არის შესაძლებელი.

იხილეთ ასევე

სოციალური დახმარების სისტემა მოსახლეობის სოციალურ საჭიროებებს ვერ აკმაყოფილებს

განათლებისა და მეცნიერების, სპორტისა და ჯანდაცვის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატ დავით სერგეენკოს მოუსმინეს. …