PSP-ს დამფუძნებელი და დეპუტატი, კახა ოქრიაშვილი, ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი კომპანიის ჰუმანითი ჯორჯიას შემოსვლას აკრიტიკებს და ჯანდაცვის მინისტრს კომპანიის ლობირებაში ადანაშაულებს.
მისი თქმით, ბაზარზე შემოჰყავთ კომპანია, რომელსაც ისტორია არ გააჩნია და საქმიანობას საქართველოში იწყებს.
“მე გამიკვირდა, რომ არავინ მოგვმართა. ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი თავისუფალი ბაზრის, მაგრამ, როდესაც სახელმწიფოს ფულით კეთდება რაღაც პროექტი, კონკურენტი ხდება სახელწმიფო და აქ ვხედავთ ჩვენ რისკებს. მე არ მინდა ვილაპარაკო არც ჰუმანითზე, არც საგანელიძეებზე, ეს ჩემი საქმე არ არის.
არც პერსონიფიცირებას არ ვაკეთებ ამ საკითხზე. მიკვირს, რომ ჯანდაცვის მინისტრი მხოლოდ ერთ პროექტს ლობირებს და არა დარგს. მე ვფიქრობ, რომ ის უნდა ლობირებდეს ფასს.
სახელწმიფო არ უნდა ჩაერიოს კონკურენციაში, არც ფინანსური რესურსებით და არც მხარდამჭერის განცხადებებით,“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.
ის კომპანიის მიერ შემოტანილ პროდუქციის ხარისხიანობასაც კითხვის ქვეშ აყენებს. თუმცა ამბობს, რომ ჰუმანითი ჯორჯიას წამლების 20-30-40 თეთრზე ძვირი არ უნდა ღირდეს.
„ჰუმანითი ჯორჯიას აქვს 150 დასახელების წამალი. ყველა მათგანი წარმოებულია ინდოეთში, რომელიც არ შედის ინდოეთის ტოპ 500 ქარხანას შორის.
მთავარია ხარისხი, რომლის კონტროლიც უნდა ჰქონდეს ჯანდაცვის სამინისტროს და მეორე არის ფასები. მე ვფიქრობ, რომ ამ ინდური წამლების ფასები უნდა იყოს 20-30-40 თეთრი,“ – აცხადებს კახა ოქრიაშვილი.