მთავარი » ფარმაცევტული ბაზარი » ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები მსხვილ სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება
ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები მსხვილ სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდება.კომპანიამ ფარმაცევტულ ქსელებთან ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა.

ჰუმანითი ჯორჯიას მედიკამენტები მსხვილ სააფთიაქო ქსელებში გაიყიდება

„ჰუმანითი ჯორჯიას” კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები მსხვილ სააფთიაქო ქსელებში გამოჩნდება. კომპანიამ ქვეყანაში მოქმედ ფარმაცევტულ ქსელებთან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულებების გაფორმების პროცესი დაასრულა.

„საპარტნიორო ფონდის” ინფორმაციით, კარდიოლოგიური ჯგუფის მედიკამენტები უახლოეს დღეებში, მინიმუმ 30%-ით დაბალ ფასად გაიყიდება. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის, დავით საგანელიძის თქმით, ხელმისაწვდომი პრეპარატების რეალიზაციის პროექტი საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე „ჰუმანითი ჯორჯიას” და „საპარტნიორო ფონდის” მიერ ერთობლივად ხორციელდება.

საგანელიძე ამბობს, რომ პრეპარატების იმპორტი შემდგომ ეტაპზე პრეპარატების ადგილობრივი წარმოებით ჩანაცვლდება და ამ პროექტში “საპარტნიორო ფონდის” ჩართვის მიზანია ადგილობრივი ფარმაცევტული საწარმოს ამოქმედებამდე უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს ბაზარზე ხარისხიანი მედიკამენტების მიწოდება დაბალი ფასებით, რაც მნიშვნელოვანად შეამცირებს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მედიკამენტების ხარჯებსაც. 

„ხელისუფლების მიზანი მიღწეულია, სამედიცინო პრეპარატები იაფდება. ეს იყო წინასაარჩევნო დაპირებაც. მე ვამაყობ, რომ “ჰუმანითი ჯორჯია” ალექსანდრე მაშკევიჩის სახელს უკავშირდება. ის გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბიზნესმენი, რომელიც საქართველოს ფარმაცევტული ბაზრით დაინტერესდა და მსხვილი ინვესტიციის განხორციელებასაც გეგმვას, რადგან მიაჩნია, რომ ჩვენს ქვეყანაში არის დაცული ბიზნესი, მიმზიდველი საგადასახო რეჟიმი და საინვესტიციო პირობები” – აცხადებს საგანელიძე.

მისივე თქმით, აღნიშნული აქტივები ხელს შეუწყობს ოლიგოპოლიური ბაზრის დივერსიფიცირებას.

საგანელიძის ცნობით, მიზანია ბაზარზე ისეთი პირობების ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფს მოთამაშეების შემოსვლას და ფარმაცევტული ბაზრის გაჯერებას, რაც აისახება წამლის ფასებზე და გააიაფებს ჯანდაცვის მომსახურებას.

„რა თქმა უნდა ეს არ მოხდება წამლის ხარისხის შემცირების ხარჯზე. ჩვენ ინტენსიურად ვმუშაობთ, რომ ამ სფეროში დამატებით დაინტერესებული პირები მოვიწვიოთ” – აცხადებს საგანელიძე

commersant.ge

იხილეთ ასევე

მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განახლდა – მწარმოებელმა ხარვეზის აღმოფხვრის მტკიცებულებები წარმოადგინა

რეგულირების სააგენტომ მედიკამენტ „დიპროსპანის“ რეგისტრაცია განაახლა. შესაბამისად, მედიკამენტის ქართულ ბაზარზე რეალიზაცია ისევ დაშვებულია. მიზეზი გახდა …